გაიხსნა ნატოს საიუბილეო სამიტი

სხეფერი, ობამა, მერკელი და სარკოზი

საფრანგეთსა და გერმანიაში ნატოს ორდღიანი საიუბილეო სამიტი დაიწყო. 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბლოკი შეიქმნა და ამ თარიღის აღსანიშნავად ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. სამიტის მთავარი თემაა ნატოს ახალი სტრატეგიის განსაზღვრა ავღანეთთან დაკავშირებით, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხი რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში.

ბადენ-ბადენში ნატოს საიუბილეო სამიტის ოფიციალურ გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ევროპულ ტურნეს განაგრძობს, საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამამ, ნიკოლა სარკოზისთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

“მე ვაკრიტიკებდი საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. და ახლაც მჯერა, რომ, პრეზიდენტ სარკოზის შთამბეჭდავი ძალისხმევის მიუხედავად, ეშუამავლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დღემდე არ მომხდარა ვითარების სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ რუსეთს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ გვსურს მასთან მუშაობა, მაგრამ ვერ დავუბრუნდებით მუშაობის ძველ სტილს.”

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიუბილეო თავყრილობის ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ რუსეთთან ურთიერთობა იქნება იმ რეალობაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სამიტის დაწყებამდე 1 დღით ადრე სტრასბურგში, ნატოს ახალგაზრდულ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთთან განაგრძობს დიალოგს საქართველოს გარშემო არსებული უთანხმოების შესახებ:

”რა შეიძლება ნატომ გააკეთოს? ნატო ვერ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ეს არის, რაც ნატოს არ შეუძლია გააკეთოს. ეს არის ის, რასაც ნატო არ გააკეთებს. ნატოს რაც შეუძლია გააკეთოს,რუსებთან დალაპარაკებაა. ეს ერთ-ერთი ძირითადია, რაშიც ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ამიტომ გამოვიყენებთ ნატო-რუსეთის საბჭოს, რომელიც, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს. ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვიმსჯელოთ იმ უთანხმოებებზე, რომლებიც ჩვენს შორის არის.”
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომლის შემცვლელის კანდიდატურის განხილვა საიუბილეო სამიტის თემათა შორის იქნება, განაცხადა, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთთან ურთიერთობის გარდა, საიუბილეო სამიტზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ავღანეთში ნატოს სამხედრო მისიის პერსპექტივას. აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს გააძლიეროს ძალისხმევა ავღანეთში სამხედრო წარმატების მისაღწევად, თალიბანისა და ალ-ყაიდის გაძლიერების შესაკავებლად. ამისთვის ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 38 ათასიდან 55 ათას კაცამდე გაიზრდება. ასევე, აშშ აპირებს 4 ათასი სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნოს ავღანეთის არმიის გასაწვრთნელად. ვაშინგტონმა ამ ამოცანებს ავღანეთის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარებაც დაუმატა და ეს განახლებული სტრატეგია ნატოს სამიტის მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

აი, რა განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ფრანგ კოლეგასთან, ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრისას:

"ვფიქრობ, რომ საფრანგეთი უკვე არის ეფექტური მოკავშირე, როდესაც საქმე ეხება ავღანეთს. ჩვენ განვიხილეთ ნატოს ყველა მოკავშირის შესაძლებლობები ავღანეთში უფრო ეფექტურ მისიაში მონაწილეობისთვის - მისიაში, რომელიც არის სამხედრო, დიპლომატიური, და უკავშირდება პაკისტანისა და ინდოეთის განვითარებას. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ რესურსების გაზრდის საკითხი. ეს არის რესურსების ეფექტურად გამოყენების საკითხიც. და ამაზე, ვფიქრობ, საფრანგეთი და შეერთებული შტატები ერთ მხარეს იმყოფებიან.”

ობამას ფრანგმა კოლეგამ ნიკოლა სარკოზიმ კი აღნიშნა, რომ ავღანეთში საფრანგეთის სამხედროთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. სანაცვლოდ, საფრანგეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება პოლიციის გაძლიერებასა და ეკონომიკის გამოცოცხლების საქმეში.

ავღანეთის ახალ სტრატეგიასა და ნატოს რეფორმირებაზე იყო საუბარი ბარაკ ობამასა და ანგელა მერკელის შეხვედრაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა:

“ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და გვსურს ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა როგორც სამხედრო სფეროში, ისე სამოქალაქო რეკონსტრუქციისა და პოლიციის გაწვრთნის საქმეში.”

ავღანეთის გარდა, ნატოს საიუბილეო სამიტი კიდევ რამდენიმე თემას შეეხება. ერთ-ერთი მათგანია საფრანგეთის დაბრუნება ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობაში, რომელიც პარიზმა 43 წლის წინ დატოვა, და თავად ალიანსის განახლება, რეორგანიზება.

სამიტი ანტიგლობალისტებისა და ნატოს მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების აგრესიულობის გამო პოლიცია იძულებული გახდა ცრემლმდენი გაზი გამოეყენებინა და სამიტის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე საფრანგეთის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების 300-მდე მონაწილე დააკავა.