ასეთ დასკვნამდე მივიდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი მას შემდეგ, რაც საშუალება მიეცა აკრედიტებული ჟურნალისტის რანგში დასწრებოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო არაფორმალურ შეხვედრას ჩეხეთის ქალაქ ჰლუბოკაში.
თავიდანვე უნდა ითქვას: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე მსჯელობისას საუბარი არ შეხებია საქართველოს, ან დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომელთაც მოიცავს ევროკავშირის პროგრამა “აღმოსავლეთის პარტნიორობა”. საქმე ეხებოდა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ კანდიდატებს (ეს სტატუსი სულ სამ ქვეყანს აქვს, ხორვატიას, მაკედონიასა და თურქეთს), აგრეთვე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ალბანეთის, ბოსნიის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბიისა და ხორვატიის წარმომადგენლები მიწვეულიც იყვნენ ჰლუბოკაში, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე სასაუბროდ.
თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოც ახსენეს. ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიგაუდას უსაცკასმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირი უნდა იყურებოდეს არა მარტო დასავლეთ ბალკანეთისკენ, არამედ უფრო შორსაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის მიმართულებით.
[უსაცკასის ხმა] “ევროკავშირის გაფართოება იყო, არის და იქნება დიდი სასიკეთო ძალა, რომელიც ხელს უწყობს აუცილებელ რეფორმებს დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. და მე ვგულისხმობ როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც ამ სადილზე ვხვდებით, ისე ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.” ლიტველი მინისიტრის მიერ ევროკავშირის ასეთი მასშტაბური გაფართოების პერსპექტივის ხსენება, შეიძლება ითქვას, რომ გაბედული განცხადება იყო შეკრებაზე, რომლის ზოგი მონაწილეც ევროკავშირში ოფიციალური კანდიდატების მიღებასაც კი ეწინააღმდეგება...
მაგალითად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის განცხადებით, “ევროკავშირი ვერ გააგრძელებს გაფართოებას ლისაბონის ხელშეკრულების გარეშე”. ამავე შეფასებას გამოთქვამს გერმანიაც.
ლისაბონის ხელშეკრულებას რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ ეს, 2007 წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმება არის 2004-ში ხელმოწერილი, ევროპის კონსტიტუციის შეცვლილი ვარიანტი. მისი შემუშავება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ევროპის კონსტიტუცია უარყვეს რეფერენდუმებზე საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. მაგრამ უკეთესი ბედი არც ლისაბონის ხელშეკრულებას ეწია, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. ის უარყვეს რეფერენდუმზე ირლანდიაში, სადაც მორიგი რეფერენდუმი - იმავე თემაზე - ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ლისაბონის ხელშეკრულებას რატიფიკაცია არ გაუვლია ჩეხეთის პარლამენტში, და თუ ჩეხეთში ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისის გავითვალისწინებთ - სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანი არ გაივლის... არადა, ლისაბონის ხელშეკრულებას, რომლის ძალაში შესასვლელადაც საჭიროა ევროკავშირის ყველა, 27-ვე წევრ ქვეყანაში რატიფიცირება, უკავშირებენ ბლოკში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უკეთ რეგულირებას.
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შეუსვლელობა ყველას არ მიაჩნია დაბრკოლებად ევროკავშირში ახალი წევრების მიღებისთვის. აი, რა უთხრა ჟურნალისტებს, მათ შორის ჩვენს კორეპსონდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ესტონელმა მონაწილემ, ურმას პაეტმა: [უსაცკასის ხმა] “ვფიქრობ, კვლავაც სხვადასხვაგვარი მოსაზრებები არსებობს ამ საკითხზე - შეიძლება თუ არა, რომ ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შეუსვლელობა დაბრკოლებად ჩაითვალოს. ვფიქრობ, ქვეყნების უმრავლესობას ეს არ მიაჩნია დაბრკოლებად, მაგრამ მაინც ისმის ხმები, რომ “არა არა, ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, დიდ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთო”.
ეს ხმები, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებისაგან ისმის - და არა მარტო იქ. ზოგადად, დასავლეთ ევროპაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის გაფართოებას, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ზონის საზღვრების გადაწევას, რასაც გარკვეული საფრთხეები უკავშირდება, მითუმეტეს გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში. ამ განწყობას, ბუნებრივია, ანგარიშს უწევენ პოლიტიკოსები - მითუმეტეს მოახლოებული არჩევნების ფონზე. მაგალითად, წელს ივნისში იმართება ევროპარლამენტის არჩევნები, წელსვე სექტემბერში კი საპარლამენტო არჩევნები მოელის გერმანიას.
სწორედ წინასაარჩევნო კონტექსტში ესმით ექსპერტებს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ამასწინანდელი განცხადება, რომ ევროკავშირს “კონსოლიდაცია” ესაჭიროება, ახალი წევრების მიღებამდე და რომ გამონაკლისი შეიძლება იყოს მარტო ხორვატიის მიღება. 16 მარტის ამ განცხადებით მერკელმა მიანიშნა, რომ ევროკავშირში მალე შესვლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ოფიციალურ კანდიდატებს თურქეთსა და ჩერნოგორიას, რომ აღარაფერი ვთქვათ კანდიდატობის პერსპექტივის მქონე ქვეყნებზე -ლაპარაკია დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებზე, რომელთაც 2000 წელს აღუთქვეს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.
პოლიტოლოგ სოლვეგ რიხტერის შეფასებით: [რიხტერის ხმა] “ანგელა მერკელის განცხადება, რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ მოახლოებული არჩევნების კონტექსტში. მოახლოვდა ევროპის პარლამენტის არჩევნები, შემდეგ არჩევნები გაიმართება გერმანიაში. რაც მერკელმა თქვა, არის აშკარად საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებული განცხადება”. ამის გამო, განაგრძობს პოლიტოლოგი, ნაადრევია დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა კანცლერ მერკელს წერტილი დაუსვას ევროკვაშირის გაფართოებას. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ.
ამომრჩევლის განწყობა რომ უშუალო გავლენას ახდენს ეროვაკშირის გაფართოებისადმი პოლიტიკოსთა ნაწილის დამოკიდებულებაზე, კარგად ჩანს ერთი განცხადებით, რომელიც, ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ჩეხეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გაკეთდა: “უნდა გავუწიოთ ანგარიში, რას ფიქრობენ ჩვენზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, მაგრამ იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რასაც ჩვენი ამომრჩევლები ფიქრობენო”.
არის ახალი წევრების მიღებისადმი განსხვავებული დემოკიდებულებაც - ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. “დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არ უნდა დაისაჯონ პრობლემების გამო, რომლებიც ევროკავშირის ზოგ წევრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარ ამორჩეველთანო” - მოითხოვს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილტი. მისი ბრიტანელი კოლეგა დევიდ მილიბენდი კი კოლეგებს შეახსენებს, რომ გაფართოება ევროპის ინტერესებში შედის...
ევროკავშირის გაფართოება შესაძლოა, საბოლოოდ დასრულებული არ იყოს, მაგრამ გაგრძელების პირი, ჯერჯერობით, ნამდველად არ უჩანს.