ახალგორში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება უწინდებურად ჭირს

ახალგორის რაიონში მომხდარი აფეთქების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები და ვერსიები ვრცელდება.
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას თითქმის არ ავრცელებს. რუსული საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ ახალგორის რაიონში ხანძრის შედეგად იარაღის საწყობი აფეთქდა, მაგრამ არავინ დაშავებულა; თავად ახალგორის რაიონის მცხოვრებნი კი აღნიშნავენ, რომ აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი რუს სამხედროებს შორის. ევროკავშირის დამკვირვებლებს ინიციდენტის ადგილზე მისვლის საშუალება არ მისცემიათ; სამაგიეროდ, გავრცელებული ცნობებით, ინციდენტის ადგილზე შესწავლა რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში ჩასულმა სპეციალისტებმა დაიწყეს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ვითარება უკონტროლოა.


მძლავრი აფეთქება ახალგორის რაიონში 8 მარტს მოხდა, 9 მარტს კი დღის მანძილზე ედუად კოკოითის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტოები მომხდართან დაკავშირებით ცნობებს არ ავრცელებდნენ. ბევრს წერდნენ იმაზე, თუ როგორ მიულოცა რეგიონის ქალბატონებს ედუარდ კოკოითიმ 8 მარტი, მაგრამ არაფერს წერდნენ აფეთქებაზე, რომლის მიზეზების და შედეგების შესასწავლად რეგიონში სასწრაფოდ რუსი სამხედრო გამომძიებლები ჩავიდნენ.

ახალგორის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა რაიონიდან გამოსვლას ახერხებს. ისინი ჰყვებიან, რომ ახალგორის რაიონში, იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად, არიან დაჭრილები და დაღუპულები რუს სამხედროებს შორის. ამას რუსეთის საინფორმაციო წყაროები უარყოფენ..

სააგენტო ”იტერ-ტასი” 8 მარტს, ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობაზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ახალგორის რაიონში იარაღის საწყობის აფეთქება ხანძარმა განაპირობა და რუსი სამხედროები მას დივერსიასა და ტერორისტულ აქტს არ უკავშირებდნენ. უკვე 9 მარტს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ახალგორში აფეთქების შედეგად არავინ დაჭრილა და არც დაღუპულა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დაჭრილებსა და დაღუპულებზე ლაპარაკობენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
ინციდენტის ადგილის შესწავლა რუსმა სპეციალისტებმა დაიწყეს. ვითარებაში გასარკვევად ინციდენტის ადგილზე შესწავლის სურვილი გამოთქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც, მაგრამ ევროკავშირის მონიტორებს ინციდენტის შესწავლის საშუალება არ მისცემიათ.. მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ”გვესმის, რომ არ არის ნათელი, რა მოხდა - იყო ეს უბედური შემთხვევა თუ რაიმე ფორმის დივერსიული აქტი. მოხარულნი ვიქნებით ჩავატაროთ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების ნეიტრალური გამოძიება, თუ ამის ნებართვას მოგვცემს ტერიტორიაზე მოქმედი შესაბამისი ადმინისტრაცია.” 9 მარტს, საღამოს, მისიაში არ ჰქონდათ პასუხი თხოვნაზე შესაბამისი ადმინისტრაციისგან.

[ევროკავშირის მისიის წარმომადგენლის ხმა] ”უბრალოდ, არ არის პასუხი მათგან. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ახალგორში წასვლა.”

ერთ-ერთი ვერსიით, 8 მარტს ახალგორის რაიონში ტექნიკური გაუმართაობის გამო ცეცხლი გაუჩნდა სამხედრო ესკორტს, რომელიც სოფელ ყანჩეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად, 2 გრადის ტიპის მრავალკალიბრიანი დანადგარი განადგურდა და შემთხვევის ადგილიდან არცთუ შორს, სხვა მიზეზით, ცეცხლი გაჩნდა იარაღის საწყობშიც, რომლიდანაც ახალგორის რაიონში განთავსებული რუსი სამხედროები მარაგდებოდნენ..

ახალგორში რუსების იარაღის საწყობის აფეთქება რეგიონსა და იქ მოქმედ საოკუპაციო ძალებში გამეფებული ქაოსისა და უწესრიგობის მორიგ გამოხატულებად შეაფასეს თბილისში.. ახალგორის ინციდენტის გარშემო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ისაუბრა:


[დავით ჯალაღანია] ” ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ უკანონობისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება და ადგილობრივი მარიონეტები სჩადიან ერთად. ახალგორის ინციდენტი ეს არის ფაქტი განუკითხაობისა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.”(სტილი დაცულია)

განუკითხაობა რუსეთის საოკუპაციო ჯარში და განუკითხაობა სეპარატისტული რეჟიმის ცხინვალში - ეს არის ცხინვალის რეგიონის რეალობა. ედუარდ კოკოითიმ დაიწყო იმ ოსების დევნა, რომლებმაც თავის დროზე მონაწილეობა მიიღეს ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, ცხინვალში ტყვეობაში რჩებიან 27 თებერვალს ქარელის რაიონის სოფელ კოდადან ოსი ბანდიტების მიერ გატაცებული დავით კაპანაძე და თემურ ჭიღლაძე.. გავრცელებული ცნობებით, სეპარატისტები დაუკავშირდნენ გატაცებულთა ოჯახის წევრებს და გააფრთხილეს, რომ კაპანაძესა და ჭიღლაძეს საქართველოს მხარეს მხოლოდ მარეკ დუდაევში გაუცვლიან, ოს კრიმინალში, რომელიც სასჯელს იხდის ტერორისტული აქტისა და სხვა დანაშაულების ჩადენისთვის.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტებით შეუძლებელია სრული წარმოდგენა ვიქონიოთ იმ განუკითხაობაზე, რომელიც არსებობს კოკოითის რეჟიმისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ კონტროლირებად საქართველოს რეგიონში.
სამხრეთ ოსეთს მოსკოვის მერმა ლუჟკოვმა მოსკოვის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი რუბლის გამოყოფა აღუთქვა.. ამ თემაზე მსჯელობისას ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა შენიშნავს: ”თუ ლუჟკოვი მილიარდ რუბლს გზების ან შენობების შესაკეთებლად გამოყოფს, ამ თანხის 70 თუ არა, 50 პროცენტი მაინც უნდა მოხმარდეს საქმეს, მაგრამ თუ მოსკოვის ბიუჯეტიდან მილიარდს ცხინვალის დასახმარებლად გამოყოფ, ვერასდროს გაიგებ ამ მილიარდიდან რამდენი მილიონი დაბრუნდა ჯიბეში - 900 თუ 999. ”

განუკითხაობა და ქაოსი ცხინვალის რეგიონში აღწერილია ”ნიუ-იორკ თაიმსში ” ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით ”შეჩერებულმა რეკონსტრუქციამ სამხრეთ ოსეთში იმედები გააქარწყლა”.. სტატიის თანახმად, ვიწრო ტრასა, რომელიც ანკლავს რუსეთთან აკავშირებს, ზამთარში ზვავებითაა ჩახერგილი და,როგორც წესი, გაუვალია, კარგ ამინდებშიც ჩრდილოეთიდან მომავალ ტვირთებს მძარცველები და დივერსანტები უქმნიან საფრთხეს. სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია საქართველოსა და რუსეთს შორის გამავალ გზაზე ”კონტრაბანდის გიგანტურ მაგნიტს” წარმოადგენს და ეკონომიკურად ძალიანაა დამოკიდებული ტვირთებიდან მიღებულ უკანონო საზღაურზე..

ამას წერს გავლენიანი ”ნიუ-იორკ თაიმსი”... რუსების მიერ ოკუპირებულ ახალგორში კი, რომელსაც ედუარდ კოკოითიმ ლენინგორის სახელწოდება დაუბრუნა, რუსი სამხედრო გამომძიებლები საკუთარ საწყობში მომხდარი აფეთქების მიზეზებსა და შედეგებს სწავლობენ...