პაკისტანში შრი-ლანკის სპორტსმენებზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა

პაკისტანის ქალაქ ლახორში თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს შრი-ლანკის კრიკეტის გუნდის სპორტსმენებს იმ დროს, როდესაც მათი ავტობუსი სტადიონს უახლოვდებოდა.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სპორტსმენები არ დაღუპულან. სულ კი ამ თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - ხუთი პოლიციელი და ავტობუსის მძღოლი. პაკისტანის ოფიციალური პირების აზრით, შრი-ლანკის კრიკეტის გუნდზე თავდასხმა და ტერაქტი მუმბაიში ერთი ხელწერით განხორციელდა.

პაკისტანის პუნჯაბის პროვინციის პოლიციის უფროსის ხალედ ფარუქის განცხადებით, რომლის ციტირებას ახდენს ”ფრანც პრესის” სააგენტო, ტაქტიკა, რომელსაც ტერორისტები ლახორში იყენებდნენ, იმეორებს მუმბაიში ტერორისტების დივერსიულ ტაქტიკას.

მან აღნიშნა, რომ თავდასხმა მაღალ დონეზე იყო მომზადებული და ტერორისტების მოქმედება - კარგად კოორდინირებული. პოლიციის უფროსის სიტყვებით, თავდასხმა მიმართული იყო ზუსტად შრი-ლანკის სპორტსმენებზე და ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ ტერორისტების ტყვიებს:

”ისინი მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. შეიარაღებულნი იყვნენ ყუმბარმტყორცნებით, ჰქონდათ ხელყუმბარები და კალაშნიკოვის ავტომატები და მათ დაიწყეს სროლა შრი-ლანკის გუნდის მიმართულებით.

შრი-ლანკის კრიკეტის გუნდზე შეიარაღებული თავდასხმა 3 მარტს კადაფის სახელობის სტადიონის მახლობლად განხორციელდა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, დაჭრილია ხუთი სპორტსმენი და მწვრთნელის თანაშემწე. ორმხრივი ხანგრძლივი სროლის დროს დაიღუპა ხუთი პოლიციელი, რომლებიც კრიკეტის გუნდის ავტობუსს აცილებდნენ. დაიღუპა, ასევე, ავტობუსის მძღოლი.

თავდასხმის შედეგად, ჩაიშალა მატჩი, რომელიც შრი-ლანკისა და პაკისტანის ნაკრებებს შორის უნდა გამართულიყო. აღვნიშნავ, რომ პაკისტანში კრიკეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მოგვიანებით შრი-ლანკის სპორტსმენები სამხედრო ვერტმფრენით გადაიყვანეს პაკისტანის საჰაერო სამხედრო ბაზაზე სამშობლოში დასაბრუნებლად.

კრიკეტის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო ტერორისტული თავდასხმა.

ტერაქტი დაგმო შრი-ლანკის პრეზიდენტმა და პაკისტანში საგარეო საქმეთა მინისტრი როჰიტა ბაგოლაგამა (Rohitha Bagollagama) მიავლინა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა თავად საგარეო საქმეთა მინისტრმაც:

”ეს სამწუხარო დღეა კრიკეტისთვის. და, უპირველეს ყოვლისა, შრი-ლანკა გმობს ძალადობის ყველა ფორმას და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალადობა მიმართულია სპორტულ გუნდსა და ეროვნულ ნაკრებზე. ჩვენ დამწუხრებული ვართ ამ ინციდენტის გამო.”

სპეციალური განცხადება გააკეთა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ითქვა, რომ ოფიციალური დელი შოკირებულია მომხდარით და მოუწოდებს პაკისტანს ყოველ ღონეს მიმართოს ტერორისტების გასანადგურებლად.
პაკისტანის პოლიციის ცნობით, ტერორისტული თავდასხმის დროს ორმხრივი სროლის შედეგად არ დაღუპულა არც ერთი თავდამსხმელი და ამჟამად უცნობია როგორც მათი ვინაობა, ასევე მათი ადგილსამყოფელი.