გიორგობა ბოლნისში

გასულ კვირაში გაირკვა, რომ ნიკო ფიროსმანის აღიარებული შედევრი „გიორგობა ბოლნისში“ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაშია გადატანილი. ამ ცნობამ საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, ნაწილი კი შედარებით გულგრილი დატოვა, ოღონდ სხვადასხვა მოტივით.

ღირს თუ არა საზოგადოების მსჯელობის და განხილვის თემად იქცეს ის ფაქტი, რომ ქართული სამხატვრო ხელოვნების ერთ–ერთმა შედევრმა მუზეუმის დარბაზიდან პრეზიდენტის კაბინეტში გადაინაცვლა? ამ კითხვას გასულ კვირაში სხვადასხვა სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები პასუხობდნენ. დამოკიდებულება ორგვარია: ან მიგვაჩნია, რომ ფიროსმანის ნახატის საკუთარ რეზიდენციაში გადატანა პრეზიდენტის უპატიებელი შეცდომების ნუსხას ლამის სათავეში მოექცა, ან მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტის კრიტიკა საერთოდ არ ღირს. „გულგრილების“ ჯგუფი კიდევ ორად იყოფა: ნაწილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმდენი კარგი რამ გააკეთა საქართველოსთვის, ნამდვილად იმსახურებს კაბინეტში თუნდაც შედევრი ჩამოიკიდოს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმდენი ცუდი რამ გააკეთა საქართველოსთვის, დიდი ამბავი, თუ მუზეუმიდან ნახატი გადაიტანა თავის რეზიდენციაში.

სავარაუდოდ, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მორიგი სურვილის გინდათუარა აღსრულების ფაქტთან. საოცარიც არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურვილი გაუჩნდა საკუთარ კაბინეტში მიეჩინა ადგილი შედევრისთვის, რომელიც, იმის გარდა, რომ შედევრია, ასახავს გიორგობას ბოლნისში და ამგვარადაც არის დასათაურებული. ამ სახელწოდების ორივე სიტყვა – „გიორგობა“ და „ბოლნისი“ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ძალაუფლების ზეციურ და მიწიერ წყაროებთან ასოცირდება. ამიტომაც ხელოვნების ამ ნიმუშის ცქერა, შესაძლოა, პრეზიდენტს მართლაც საგანგებო სიამოვნებას ანიჭებდეს.

მეორე მხრივ, სურვილის გაჩენა, რომ ფიროსმანის ნახატი მუზეუმიდან მოეხსნა და საკუთარ კაბინეტში გადაეტანა, ნებსით თუ უნებლიეთ უკავშირდება ომწაგებული პრეზიდენტის ბრძოლას საკუთარი მარცხის განცდასთან: აქაოდა, ამ სასტუმროში დირექტორი ისევ მე ვარო. ამ კუთხით თუ შევხედავთ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს არც უცდია დაემალა, რომ „გიორგობა ბოლნისში“ ამიერიდან მის კაბინეტს დაამშვენებს. პირიქით, შესაძლოა, პრეზიდენტს მოსწონს კიდეც, ყველამ გაიგოს, რომ მას საზოგადოებრივი აზრის დღესაც არ ეშინია, ისევე როგორც არ ეშინოდა აგვისტოს ომამდე.

საზოგადოების გულგრილობა ამ ფაქტის მიმართ ეხმიანება ფრაგმენტს მწერალ ოთარ ჭილაძის ინტერვიუდან, რომელიც შარშან, წლის ბოლოს, „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა: „ამ ბოლო დროს ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანას ქალაქიდან, რამდენადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი ყველა ნორმალური ქართველისთვის (და არაქართველისთვისაც), უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კურსის ვიზუალური განსახიერებაა, ყოველწამიერი შეხსენებაა ჩვენი მეობისა, ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ერთხელ კიდევ დაისაჯა, ჩვენში რომ ვთქვათ, სამართლიანად, რადგან არც უკითხავს, რა ხდება, რატომ ხდებაო, როცა მის დიდებულ მეფეს, უკანონოდ შემოპარული მიგრანტივით, უბოდიშოდ აძევებდნენ საკუთარი სატახტო ქალაქიდან.“

დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის ფაქტი, რომელსაც მწერალმა ოთარ ჭილაძემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, თავისი ხასიათით ჰგავს ფიროსმანის ნახატის ისტორიას. შესაძლოა, ადამიანი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, ან რომელმაც სამართალი ვერ იპოვა, ან რომელსაც ხელისუფლებამ ქონება წაართვა, ნამდვილად არ ანიჭებდეს მნიშვნელობას, სად გადაიტანენ ძეგლს და რას დაიკიდებენ კაბინეტებში, მაგრამ ერთი ოჯახის, ერთი ორგანიზაციის ან ერთი ჯგუფის მიმართ გამოვლენილ ძალადობას აღემატება ძალადობა მთელი საზოგადოების მიმართ – თუნდაც იმათ მიმართ, ვინც ძეგლებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ვისაც მუზეუმში ფეხი არასოდეს შეუდგამს.

ადამიანის უსამართლო დაპატიმრება უფრო ტრაგიკულია, ვიდრე, თუნდაც, შედევრის გამომწყვდევა კაბინეტში. მაგრამ ისიც ცხადია, რომ სანამ საზოგადოებას არ შესწევს ძალა ღირსების აღსადგენად გაერთიანდეს და უსამართლო ტყვეობიდან შედევრი გამოიხსნას, ადამიანის და ქვეყნის გათავისუფლებაზე ფიქრი მხოლოდ ილუზიაა. არადა, საქართველო ამ ილუზიაში ჩქარ–ჩქარა იძირება.