საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

ორშაბათს გაზეთი ”კვირის პალიტრა” წერდა, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ირაკლი ალასანიას დიდი იმედი აქვს.
რამდენად მოსწონს მას საზოგადოების გადაჭარბებული ინტერესი და როდის გადაწყვიტა ხელისუფლებიდან წასვლა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთო, წერს გაზეთი. ირაკლი ალასანიას პასუხი კი ამგვარია: "საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მესიების მოლოდინი არ ვარგა. ძირეული ცვლილებების იმედი ხალხმა ერთ კაცს არ უნდა დაუკავშიროს. ერთი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი ვერაფერს გახდება, თუ ცვლილებები მთელ საზოგადოებას არ სურს", - აცხადებს ირაკლი ალასანია და დასძენს: "საზოგადოების ნების გამოვლენის ერთ-ერთი კონსტიტუციური გზა რეფერენდუმის საშუალებით რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაა. არსებობს სხვა გზებიც, რომელიც შესასწავლია და სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციასთან”, - ვკითხულობთ ”კვირის პალიტრაში”.
იმავე დღეს ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ გაზეთ ”მთელ კვირაშიც” დაიბეჭდა.
,,დღეს ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, რომლის დაძლევა არ შეიძლება ხელეწიფებოდეს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. პროფესიონალებთან ერთად, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ფუნდამენტური გეგმა უსწრაფესად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამიტომ ვუერთდები იმ მოთხოვნას, რომ ქვეყნის ხელისუფალი უნდა შეიცვალოს, კონსტიტუციურ ფარგლებში განხორციელებული ცვლილების ფორმით", - უთხრა გაზეთს ირაკლი ალასანიამ.

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტების გასხვისების თაობაზე.
კვლავ განახლდა საქართველოს რკინიგზის შესაძლო გაყიდვაზე საუბარი. ამ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზაში" კატეგორიულად უარყოფენო , წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში, სათაურით ,,რკინიგზაც რუსებს?!” . პუბლიკაციის ქვესათაური კი ამგვარია: მავრმა შეასრულა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს. თუ ვის გულისხმობს მავრში გაზეთი, იოლი მისახვედრია იქვე დაბეჭდილი კახა ბენდუქიძის დიდი ფოტოს მიხედვით.

,,რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია. მის გაყიდვას, დიდი საინვესტიციო რისკის მიუხედავად, მხოლოდ იმ სახელმწიფოს კომპანია დათანხმდება, რომელ სახელმწიფოსაც ნებისმიერი გზით სურს საქართველოზე კონტროლის შენარჩუნება. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე, რომელიც ლიბერალური ეკონომიკის დროშის ქვეშ საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ, შეიძლება მალე თანამდებობას ჩამოაშორონ", - წერს ყველა სიახლე.

შაბათის ”ალიაში” კი ვკითხულობთ: ,, კანცელარიის კულუარებში იმასაც ამბობენ, ბენდუქიძეს წასვლაზე განცხადება დაწერილი აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას სააკაშვილი მიუნხენიდან ჩამოსვლის შემდეგ მიიღებსო. ”


შაბათის ”რეზონანსის” მთავარი თემა ენგურჰესის პრობლემაა. გაზეთი ორ პუბლიკაციას უძღვნის ამ თემას. პირველში გაზეთი ენგურჰესის მემორანდუმის გასაიდუმლოების მიზეზებს არკვევს.
"ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმს კომერციული საიდუმლოს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა", - წერს გაზეთი და დასძენს, რომ მემორანდუმს საიდუმლო სტატუსი მას შემდეგ მიენიჭა, რაც "რეზონანსმა" მისი ასლი გამოითხოვა.
პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ გაზეთმა დოკუმენტი 15 იანვარს გამოითხოვა, ანუ მაშინ, როდესაც იგი საიდუმლო დოკუმენტის სტატუსს არ ატარებდა. ,,ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იგი დაუყოვნებლივ უნდა გაცემულიყო, თუმცა სამინისტრომ "ინტერ რაოსთან" მიწერ-მოწერის შემდეგ, დოკუმენტის გამოთხოვიდან მეორე დღეს, იგი საიდუმლოდ აქცია", -წერს გაზეთი.
”რეზონანს” ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის თამარ კორძაიას კომენტარი მოჰყავს, რომლის თანახმად, ,,პროცედურების დაცვით, ინფორმაცია ნამდვილად არის გასაიდუმლოებული და გადაწყვეტილებას უნდა დავმორჩილდეთ”, თუმცა დასძენს, ამ საკითხზე სასამართლოში ვიმსჯელებთო.
ექსპერტების აზრით, სახელმწიფოს არ შეიძლება ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ჰქონდეს. იურისტების ვახტანგ ხმალაძისა და დათო უსუფაშვილის განმარტებით:
"ინტერ რაოს" შეუძლია ჰქონდეს კომერციული საიდუმლოებები, მაგრამ არა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი გამოთქვამს აზრს, რომ "ინტერ რაოს" წერილი დოკუმენტის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შეკვეთაა. გაზეთი წერს : "როგორც ჩანს, "ინტერ რაოს" მოთხოვნა მინისტრმა ხეთაგურმა ბოლომდე მაინც არ გაიზიარა, ვინაიდან მემორანდუმის ნახვის მსურველ დეპუტატებს იგი აჩვენა... დოკუმენტის ნახვის შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არაფერი, საიდუმლოების შემცველი, ამ ტექსტში არ იყო. ამ შემთხვევაში ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ დეპუტატებს ან სხვა დოკუმენტი აჩვენა, ან იგი უფრო მნიშვნელოვანი გადაწვეტილების მიღებისათვის მიზანმიმართულად ცდილობს ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების გადატანას”. - მემორანდუმის საჯაროობას "ახალი მემარჯვენეებიც" მოითხოვენ. ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ,,საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის მთავრობამ ეს ნაბიჯი იძულებით, ძალისმიერი ქმედების შედეგად გადადგა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში, სათაურით ”ენგურჰესის გასხვისებას არ შევეგუებით!”

”რეზონანსის” მეორე პუბლკაცია ამ თემაზე კი ამგვარი სათაურით დაიბეჭდა: ,,ენგურჰესი - პოლიტეკონომიკური თამაშების ’პოლიგონი’ ” . გაზეთი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის ზურაბ ჯგუბურიას განცხადებით, ,,ნებისმიერი მასშტაბური ეკონომიკური პროექტის განხორციელება ისეთ მტრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიც არის რუსეთი, საბოლოოდ მაინც პოლიტიკურ ხასიათს იძენს. თუკი ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ აშკარად დავაფიქსირებთ მის მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და შესაბამისი ფაქტებით საქვეყნოდ ვამხელთ მას, რატომ ვივიწყებთ ამ რეალობას ენგურჰესთან, საქართველოსთვის ამ სტრატეგიულ ობიექტთან მიმართებაში?” - ისმის შეკითხვა შაბათის ”რეზონანსის” ფურცლებიდან.