”ნაბუკოს” როლი ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში

ახალი წლის დღეებში განვითარებულმა რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტმა
ევროპის ბევრი სახელმწიფო რამდენიმე დღით ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა და ევროპელ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი ქვეყნების ენერგეტიკა და, შესაბამისად, ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთზე. ამ კრიზისის შემდეგ ევროპის კავშირის ლიდერებმა ”ნაბუკოს” პროექტის არსებობა გაიხსენეს, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება უკვე დიდი ხანია ბრიუსელში ევროკავშირის ოფისის ერთ-ერთ თაროზეა შემოდებული. კასპიის რეგიონში მოპოვებული ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირებას ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები ლობირებენ. სწორედ ისინი დაზარალდნენ ყველაზე მეტად რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტის გამო.

”ნაბუკოს” მილსადენის მთავარი მიზანია კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდოს. შესაბამისად, მოსკოვი ყოველ ღონეს მიმართავს, რათა ”ნაბუკოს” პროექტის პერსპექტივები დააკნინოს და საამისოდ ევროკავშირის ძველ წევრებთან მეგობრობასაც იყენებს. გერმანიის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, ევროკავშირის მოწონება მოიპოვა რუსეთის მიერ ინიცირებულმა ”ჩრდილოეთის ნაკადის” პროექტმა. თუმცა კი ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები - მათ შორის, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ”ჩრდილოეთის ნაკადი” ამ სამი სახელმწიფოს გვერდის ავლით ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და პირდაპირ გერმანიას მიაწვდის რუსეთის ბუნებრივ აირს.

”ნაბუკოს” პროექტის შესახებ ბუდაპეშტში გამართული სამიტის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებს, ”ჩრდილოეთის ნაკადთან” ერთად, მეორე რუსული პროექტის, ”სამხრეთის ნაკადის”, მხარდაჭერისაკენ მოუწოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა. ”სამხრეთის ნაკადმა” შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და რუსეთის გაზი უკრაინის გვერდის ავლით ბულგარეთს და დანარჩენ ევროპას მიაწოდოს. ამ პროექტის რეალიზების შემთხვევაში, რუსეთის პროექტის ალტერნატივა, ”ნაბუკო”, აქტუალობას დაკარგავს და ევროპას კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის მოსკოვის პოლიტიკურ ნებაზე.

ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ ანგელა მერკელისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. ისინი გასულ კვირაში ბუდაპეშტში შეიკრიბნენ და ”ნაბუკოს” პროექტის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პრემიერ-მინისტრის მირეკ ტოპოლანეკის აზრით, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ”ნაბუკოს” რეალიზებას უკავშირდება:

[მირეკ ტოპოლანეკი] ”მან უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება და მოწოდების უსაფრთხოება, არამედ აგრეთვე ჩვენი დამოუკიდებლობა და, ფაქტობრივად, ჩვენი თავისუფლება.”

ბუდაპეშტში მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას ”ნაბუკოს” მშენებლობის შესახებ. მაგრამ, ამ პოლიტიკური ნების გარდა, პროექტს დაფინანსება და გაზის რესურსებიც სჭირდება. ჯერჯერობით გაზით მომარაგების მზადყოფნა მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოთქვა. ევროპელი ექსპერტების ნაწილის აზრით, მხოლოდ აზერბაიჯანის გაზი საკმარისი არ იქნება. სხვას ირწმუნებიან აზერბაიჯანელი ექსპერტები, რომელთა გაანგარიშებით, აზერბაიჯანის შახდენიზის საბადოს მარაგები 40 წლის მანძილზე დააკმაყოფილებს ”ნაბუკოს” პროექტის მოთხოვნებს.

”ნაბუკოს” მომხრეთა აზრით, მილსადენი უკვე მუშაობს, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის სახით, და გაზის ევროპამდე მიწოდება გაცილებით რენტაბელური და რეალურია, ვიდრე შავი ზღვის ფსკერზე მშენებლობა ”სამხრეთის ნაკადის” ახალი მილსადენისა, რომელსაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, უპირველეს ყოვლისა, თურქეთის სახით.

ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა აგრეთვე გამოიყოს ”ნაბუკოს” პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ფინანსების მეოთხედი. საამისოდ მზადყოფნა გამოთქვა ევროკავშირის სტრუქტურაში შემავალმა ”ევროპის საინვესტიციო ბანკმა”. ეს კი, მიმომხილველების აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ბრიუსელმა გადაწყვიტა ”ნაბუკოს” პროექტს სერიოზულად მოეკიდოს.

ბუდაპეშტის სამიტის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ”ნაბუკოს” რეალიზების გადადება აღარ შეიძლება. ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისრის ანდრის პიებალგსის აზრით, ”ნაბუკოსთვის” მიმდინარე წელი გადამწყვეტი იქნება. სხვა სიტყვებით: ან ახლა ან არასდროს, - დასძენს ევროკომისარი.

”ნაბუკოს” გაზსადენის მშენებლობა 2010 წელს უნდა დაიწყოს და პირველი ეტაპი 2013 წლის ბოლოს დასრულდეს. მისი საპროექტო მოცულობა ყოველწლიურად 30 მილიარდი კუბური მეტრია, რაც ევროპის მოთხოვნის მხოლოდ, დაახლოებით, 5 პროცენტს შეადგენს.