ჟურნალისტის მკვლელობის ბოლო ფაქტი რუსეთში და მასზე რუსეთის ხელისუფლების რეაქცია

ბოლო ათი წლის მანძილზე რუსეთში 16 ჟურნალისტი იქნა მოკლული.
მოკლულთაგან მეოთხედი ლიბერალური მიმართულების ყოველკვირეული გამოცემის, ” ნოვაია გაზეტას”, თანამშრომელი იყო, ასევე - ანასტასია ბაბუროვა. ის ამ ცოტა ხნის წინ მოსკოვში ადვოკატ სტანისლავ მარკელოვთან ერთად მოკლეს - მაშინ, როცა ადვოკატი და ჟურნალისტი ჩეჩენი მოკლული გოგონას საქმესთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციიდან ბრუნდებოდნენ. ჟურნალისტისა და ადვოკატის მკვლელობამ ”ნოვაია გაზეტას” აქციონერები და ჟურნალისტები კიდევ ერთხელ აალაპარაკა რუსეთში ჟურნალისტების დაუცველობაზე. გაჩნდა მოთხოვნა, გაზეთის თანამშრომლებს მიეცეთ იარაღის ტარების უფლება. ეს მოთხოვნა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოითქვა და, მთელი ამ ხმაურის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ”ნოვაია გაზეტას” ერთ-ერთ აქციონერს, ყოფილ საბჭოთა ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს, და გაზეთის მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს შეხვდა.


დმიტრი მედვედევს გაზეთის აქციონერსა და მის მთავარ რედაქტორთან საუბარი, პირველ რიგში, მოსკოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სურდა. მხედველობაში გვაქვს ”ნოვაია გაზეტას ” ჟურნალისტის ანასტასია ბაბუროვას და ადვოკატ სტანისლავ მარკელოვის მკვლელობა. ბაბუროვა და მარკელოვი ამ ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ კროპოტკინსკაიასთან თავდასხმას შეეწირნენ. მკვლელობის მომენტში ჟურნალისტი და ადვოკატი ბრუნდებოდნენ პრესკონფერენციიდან, რომელიც პოდპოლკოვნიკ იური ბუდანოვის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა - იმ პირისა, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩენი გოგონას მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და რომელიც პატიმრობიდან ვადამდე იქნა გათავისუფლებული.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ”ნოვაია გაზეტას” რედაქციამ რუსეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, რაკი ხელისუფლება ვერ იცავს ქვეყანაში ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, მისცეს მათ საშუალება თავად დაიცვან თავი - ატარონ იარაღი.

[ალექსანდრ ლებედევის ხმა] ” ჩემი აზრით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვერ ართმევს თავს იმ პრობლემას, რომელიც ”ნოვაია გაზეტას” შეექმნა. ამიტომ ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვთ, მოგვეცეს იარაღის ტარების უფლება.”

განაცხადა მოსკოვში ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნოვაია გაზეტას” აქციონერმა ალექსანდრ ლებედევმა და სწორედ ამ პრესკონფერენციის შემდეგ დაინტერესდა დმიტრი მედვედევი გაზეთის სხვა აქციონერთან, მიხაილ გორბაჩოვთან, და მთავარ რედაქტორთან, დმიტრი მურატოვთან, შეხვედრით. შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ყურადღებით ვადევნებ თვალს გამოძიებას, მაგრამ ”მომხდართან დაკავშირებით ღია განცხადებას იმიტომ არ ვაკეთებ, არ მინდა გამოძიებამ პრეზიდენტის განცხადება საქმის მიმართულებად მიიღოსო.” რედაქტორის მონათხრობით, მედვედევმა ” ნოვაია გაზეტას” მიუსამძიმრა და თქვა, ჟურნალისტებზე თავდასხმის მსგავსი ფაქტები - ამასთან, რუსეთში ფაშისტური ჯგუფების ღიად მოქმედება - ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო მიდისო. აი , კიდევ რას ამბობს ”ნოვაია გაზეტას” რედაქტორი:

[ დმიტრი მურატოვის ხმა] ” მე როცა ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ გაზეთის დახურვის სურვილი გამიჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ გაზეთი საშიშია ჟურნალისტების სიცოცხლისთვის, მედვედევმა მიპასუხა: ”მადლობა ღმერთს, რომ გაზეთი გამოდის. ის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, მაგრამ უსათუოდ უნდა არსებობდეს; ”ნოვაია გაზეტა” შეიძლება არ გვიყვარდეს, მაგრამ მისი კრიტიკა უნდა მივიღოთო.”

შეხვედრის შემდეგ გაზეთის რედაქტორმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყურადღებას მიაქცევს იმ გაუხსნელ საქმეებს, რომლებიც ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტების მკვლელობებთან დაკავშირებით თაროებზე შემოიდო, რომ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობა მისცემს ბიძგს სხვა საქმეების გახსნას და დამნაშავეების დასჯას. თუმცა, ვნახოთ. მოკლულ ჟურნალისტთა ოჯახების წევრებს ამის იმედი დიდი ხანია გაუცრუვდათ.

ანასტასია ბაბუროვა უკანასკნელი მსხვერპლია რუსეთში ბოლო წლებში მოკლულ ჟურნალისტებს შორის. მათი რიცხვი კი 16 -ია. მოკლულთაგან რამდენიმე სწორედ ”ნოვაია გაზეტას” თანამშრომელი იყო.

2000 წელს საკუთარ სახლთან უცნობმა თავდამსხმელებმა თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს მძიმე საგანი იგორ დომნიკოვს. მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მიყვანილი ”ნოვაია გაზეტას” ამ ჟურნალისტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იგორ დომნიკოვი სიკვდილს 2 თვის მანძილზე ებრძოდა.მისი თანამშრომლები მიიჩნევდნენ, რომ თავდასხმა წარმოადგენდა შურისძიებას კრიტიკული სტატიების გამო. საგამოძიებო ჟურნალისტიკა იგორ დომნიკოვის საყვარელი მიმართულება იყო. მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთში საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიებას არც მკლელობის შემკვეთი გამოუვლენია და არც შემსრულებელი.


2003
წელს იური შჩეკოჩიკინი გარდაიცავლა. ” ნოვაია გაზეტას” ეს ჟურანლისტი იძიებდა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობას 1999 წელს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში საცხოვრებელი სახლების აფეთქებათა მთელ სერიაში. იური შჩეკოჩიკინი გაუგებარი დაავადებით გარდაიცვალა. მისი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ მოწამლეს, შური იძიეს შჩეკოჩიკინზე მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

და, რაღა თქმა უნდა, ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას და მის შეიარაღებულ ძალებს ჩეჩნეთში ნამოქმედარისთვის. ის 2006 წლის ოქტომბერში საკუთარ სახლთან მოკლეს. დღეს უკვე საეჭვოა, ” ნოვაია გაზეტას” თანამშრომლები ადრინდელზე უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი პრეზიდენტი გაზეთის ერთ-ერთ აქციონერს და მთავარ რედაქტორს შეხვდა და თქვა, ფაშისტური ჯგუფების მოქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის იმ გზით განვითარებას, რა გზასაც ის ადგასო. მაგრამ საკითხავია, რა გზას ადგას რუსეთი და რამდენად ეწინააღმდეგება ამ გზას ადამიანების მოკვლა განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებთან ანგარიშსწორება ეთნიკური ნიშნით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... სამწუხაროდ, ეს რუსეთის გზაა და ამ გზაზე ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლია ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა და ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი. მათი ხსოვნის პატივსაცემად მოსკოვში რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები 1 თებერვალს მსვლელობას მოაწყობენ. საზოგადოება ”მემორიალმა” გაავრცელა მოწოდება, მსვლელობას შეუერთდეს ყველა, ვისაც არ სურს მომავალში მისი სახელი და გვარიც რუსეთის ქუჩებში დაცხრილულთა სიას მიეთვალოს.