რეგიონალური მედიის მიმოხილვა

2008 წლის ივლისიდან რადიო ”თავისუფლებამ“ გახსნა ახალი რუბრიკა - „რეგიონალური მედიის მიმოხილვა“.
დღეს მინდა იმ ზოგად ტენდენციებზე გესაუბროთ, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევრის რეგიონალურ მედიაში აისახა.

პირველი, რითაც რეგიონალური მედია თბილისურისგან გამოირჩევა, ადამიანის უფლებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ჯერ ერთი, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი რეგიონალური გაზეთების ყველაზე ხშირი რესპონდენტია. მეორეც – რეგიონალურმა მედიამ წამოჭრა რამდენიმე თემა, რომლებიც თბილისურმა მედიამ ან მოგვიანებით გააშუქა, ან, საერთოდ, უყურადღებოდ დატოვა: სტატია კაპრალ რამაზ მანძულაშვილზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო ამავე სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა; სტატიები როინ შავაძეზე, რომელიც ჯერ აწამეს და შემდეგ, 16 აგვისტოს, მოკლეს; სტატიები ნელი მჭედლიძეზე, რომელსაც შვილი ომში გარდაეცვალა და რომელსაც, კომპენსაციის მითვისების ბრალდებით, ციხეში ჩასმით ემუქრებიან; სტატია მაია გოდერძიშვილზე, რომელსაც სასამართლომ საკუთარი სახლი – დაუსაბუთებელი ქონების სტატუსით – ჩამოართვა იმის გამო, რომ მისი შვილის მამა სასჯელს იხდის, როგორც კანონიერი ქურდი. ამავდროულად, რეგიონალურ მედიას აინტერესებს პირველი და მეორე ტალღის დევნილების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, პედაგოგების, ომის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნებული ადამიანების ბედი.

მეორე თემა, რომელიც რეგიონალურმა მედიამ, თბილისურთან შედარებით, გაცილებით ხარისხიანად გააშუქა, აგვისტოს ომია. გაზეთები ეძებდნენ და ბეჭდავდნენ მათი რაიონიდან ომში წასული და გარდაცვლილი მებრძოლების გვარებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას მალავდა. თითქმის ყველა რეგიონალური გაზეთი ბეჭდავდა ექსპერტების მოსაზრებებს და მკითხველს მიმდინარე მოვლენების ანალიზს სთავაზობდა. რეგიონალურმა მედიამ ღირსეული ყურადღება დაუთმო იმ ჟურნალისტების საქმიანობას, რომლებიც ფრონტისპირა ქალაქებში – გორში, ფოთსა და ზუგდიდში – ცხოვრობენ. რეგიონალურ გაზეთებში ომის ამბებს ჰყვებოდნენ თვითმხილველები, რაც მკითხველს ომის შესახებ მეტ–ნაკლებად ზუსტი სურათის აღდგენის საშუალებას აძლევდა. აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ ომში არსებულ ქაოსზე, მეთაურების შეცდომებზე, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე, როგორც წესი, ანონიმ რესპონდენტებად დარჩენას ითხოვდნენ. გაზეთმა „სამხრეთის კარიბჭე“ სტატიაც კი მიუძღვნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თემას და გულწრფელად აღიარა, რომ მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ინტერვიუს ან კომენტარის მიცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუკი გაზეთში მის სახელს და გვარს არ დაწერენ. ეს აკრძალვა ომზეც ვრცელდება და მშვიდობიან პერიოდზეც.

მესამე თემა, რომელიც განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის რეგიონალური გაზეთების მკითხველებს, ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება. ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა თანამდებობის პირების მიერ ნარკოტიკების მოხმარება ან მათთვის ამის დაბრალებაა. ნარკოტიკების შეძენა–მოხმარებაზე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეები დააკავეს ბათუმსა და ფოთში. ამავე ბრალდებით, რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავეს ოზურგეთში. ამის გარდა, ჟურნალისტებმა სიღნაღში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში გამოიკვლიეს, როგორი მდიდრულია ადგილობრივი ხელისუფლების ავტოპარკი, როგორ ხმარდება ისედაც მწირი ადგილობრივი თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებას და როგორ იკლებს ბიუჯეტის სოციალური სეგმენტი ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდის ხარჯზე.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგომა და, მეორე მხრივ, სიმართლის მოძიება და გამოქვეყნება რეგიონალური მედიის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.