რუსეთის პრესის მიმოხილვა

დღეს ვაშინგტონი და თბილისი საბოლოოდ შეათანხმებენ დოკუმენტს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.”
წერდა დღეს, 23 დეკემბერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
გაზეთს პოლიტიკის ექსპერტის რამაზ საყვარელიძის სიტყვები მოჰყავს,- "ამერიკასთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ამერიკელები იქნებიან აქ, მათი აქ ყოფნა კი ნიშნავს, რომ რუსეთი თავს შეიკავებს აგრესიული ქმედებებისგან” - გვითხრა რამაზ საყვარელიძემო - წერს გაზეთი და დასძენს, "თუმცა მთლად გასაგები არ არის რა ფორმით "იქნებიან ამერიკელები აქ" - იმეორებს ექსპერტის სიტყვებს "ნეზავისიმაია გაზეტა". პუბლიკაციას კი ასეთი სათაური აქვს: - "სააკაშვილი ობამას ფრთის ქვეშ შეფარებას ჩქარობს".

გაზეთ "კომერსანტის" პუბლიკაციის სათაური კი 23 დეკემბერს ამგვარია: "მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის მისადგომებთან არის შემჩნეული”.

სტატია ასე იწყება: "როგორც ცნობილი გახდა, მოსკოვი და თბილისი შუამავლების საშუალებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ასეთ არაოფიციალურ მომლაპარაკებლად გამოვიდა რუსეთში ქართველთა კავშირის თავკაცი მიხეილ ხუბუტია. ბატონმა ხუბუტიამ კომერსანტს აცნობა, რომ ამასწინათ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, მათ თბილისსა და მოსკოვს შორის ავიახაზების აღდგენის თაობაზე ისაუბრეს."

"კომერსანტის" ინფორმაციით, ეს შეხვედრა 21 დეკემბერს მიუნხენში შედგა. "კომერსანტის" შეკითხვაზე ვინ მისცა მოსკოვიდან ხუბუტიას უფლებამოსილება, რომ საქართველოს ლიდერთან ამგვარი მოლაპარაკებების აწარმოოს, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მისი შეგრძნებების თანახმად სააკაშვილი მზად არის მოსკოვთან კონტაქტებისთვის. "მე მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს მეპი არ მისცეს, და რომ მან ვერ მიიღო სათანადო მხარდაჭერა ევროპისაგან, მასში აშკარად მომწიფდა იმის გაგება, რომ რუსეთთან დილოგია საჭირო. რუსეთმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს და დაეხმაროს მას. სამუშაო მიდის, ვნახოთ რა გამოვა" - მოჰყავს მიხეილ ხუბუტიას სიტყცები გაზეთ კომერსანტს.

ხუბუტიამ გაზეთს ასევე უთხრა, რომ პრეზიდენტს საქართველოში რუსული სკოლის გახსნაზეც ესაუბრა, ეს მომავალ წელს იქნება და საქართველოს პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად მიმიწვიაო - აცხადებს ხუბუტია.

გაზეთი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში არც დაადასტურეს და არც უარყვეს პრეზიდენტისა და მიხეილ ხუბუტიას შეხვედრის ფაქტი.

"ამავე დროს", - წერს გაზეთი - რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან ურთიერთობის განახლება შეუძლებელია. გაზეთი წერს, რომ "კომერსანტის" ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წყაროს თქმით, "ეს პრეზიდენტ სააკაშვილსაც ესმის და იმედია აცნობიერებს, რომ მას მოუწევს ვადაზე ადრე გაათავისუფლოს ადგილი, რომ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი შესაძლებელი გახდეს."

მიხეილ ხიბუტიას გარემოცვიდან კი მიგვანიშნესო წერს გაზეთი, "რომ თითქოს შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის ვადაზე ადრე წასვლაზეც იყო საუბარი. თუმცა საქართველოს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ეკა ტყეშელაშვილმა კატეგორიულად უარყო ამგვარი საუბრის შესაძლებლობაც კი" - წერს "კომერსანტი" 23 დეკემბრის პუბლიკაციაში.