თავდაცვის სამინისტროში კადრების დენადობა და სისტემური ქაოსია?

გასულ კვირაში მუშაობას შეუდგა თავდაცვის
სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც პირად შემადგენლობას უშუალოდ უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა წარუდგინა. თუმცა ამ შეხვედრაზე არავის უხსენებია ის მძიმე ფსიქოლოგიური და მორალური ვითარება, რაც აგვისტოს ომის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში სუფევს. პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ადგილი აქვს კადრების დენადობას თავდაცვის სამინისტროში და უნდობლობას მეთაურებსა და რიგით შემადგენლობას შორის. სამხედრო უწყების გარეთ კი აზრთა სხვადასხვაობაა ზოგიერთი ისეთი ახალი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჯერ კიდევ გუშინ საფრთხედ ითვლებოდა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისათვის. ყოველივე ამაზე პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა უფრო დაწვრილებით გესაუბროთ.
ქართულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ. უფრო ხშირად მათ საქმეებში ფიგურირებს ბრძოლის ველის მიტოვება ბრძანების გარეშე, სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობა და თანამდებობრივი გულგრილობა. მათი რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 50 კაცს აღწევს. თუმცა, როგორც ჩანს, თავდაპირველად გაცილებით უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეზე არსებობდა ეჭვი. ძალიან საინტერესოა, ამ მხრივ, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ინტერვიუ, რომელიც 10 დეკემბრის ყოველკვირეულ ჟურნალ ”სარკეში” გამოქვეყნდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაისაჯა ომის შემდეგ, გაერთიანებული შტაბის უფროსი პასუხობს: ”1700 ჯარისკაცის საკითხი განიხილებოდა. რაღაც გაურკვევლობებიც არის და შესაბამისი სამსახურები ამ კუთხითაც მუშაობენ.”
სანამ ”შესაბამისი სამსახურები” ამ საკითხებზე მოკვლევას განაგრძობენ, მანამდე შეიარაღებული ძალების წინაშე ისეთი პრობლემა იჩენს თავს, რომელიც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილად ითვლებოდა. ეს არის კადრების დენადობა, ანუ სამხედრო მოსამსახურეების მიერ უწყებიდან საკუთარი სურვილით წასვლა. და როგორც ახალმა შტაბის უფროსმა, პოლოკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, ეს ტენდენცია შეიმჩნევა ქვედა რგოლებშიც და ე.წ. კონტრაქტით დაქირავებულ პროფესიონალებშიც:
[ვლადიმერ ჩაჩიბაია] ”გამოკითხვა ჩავატარეთ. ბევრს კონტრაქტის ვადა გაუვიდა, ძირითადი ნაწილი კი რეგიონებში გადასვლას ცდილობს, ანუ თბილისში მოსამსახურე მეგრელს სურს წავიდეს სენაკში, რათა ოჯახთან ერთად იყოს და იქ მოაწეროს კონტრაქტს ხელი. კუთხურად ჯარის დაყოფა არ უნდა მოხდეს, შეიძლება ამან პრობლემა შექმნას. გამოკითხვით ისიც გაირკვა, რომ გარკვეული ნაწილი კონტრაქტს ოფიცრებთან პრობლემის გამოც წყვეტს” (ჟურნალი ”სარკე”, 10-15 დეკემბერი, 2008).
ამ პრობლემას ძალიან ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. საქართველოს ხელისუფლებას თუ მართლა სურს საკადრო დეფიციტის აღმოფხვრა სამხედრო უწყებაში, ამისთვის, პირველ ყოვლისა, რეალურად უნდა გაძლიერდეს თავდაცვის ეროვნული აკადემია და იქ უნდა აღდგეს სწავლების საფეხურებრივი სისტემა, როგორც ეს არის დასავლეთის განვითარებულ სამხედრო სკოლებში. მანამდე კი უნდა შენარჩუნდეს ოფიცერთა ძირითადი ბირთვი და მაქსიმალურად უნდა იქნენ ჩაბმულნი სამხედრო მშენებლობაში ოფიცრები, რომლებსაც წინა წლებში საეჭვო საკადრო ექსპერიმენტების გამო მოუხდათ სამხედრო სისტემის დატოვება, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა:
[ირაკლი ალადაშვილი] ”მთავარი იქნება, თუ დავით სიხარულიძე მოახდენს დაბრუნებას იმ პროფესიონალებისა, რომლებიც, სხვათა შორის, მაშინ გაუშვეს ჯარებიდან, როდესაც ოქრუაშვილი იყო მინისტრი და თავად ის - მინისტრის მოადგილე. თუ ეს მოხდება, მაშინ ვნახოთ.”(სტილი დაცულია)
დავით სიხარულიძის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა ქართველმა სამხედრო ექსპერტებმა, ძირითადად, დადებითად აღიქვეს. თუმცა თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დავით სიხარულიძე ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა:
[დავით სიხარულიძე] ”რა თქმა უნდა, რეფორმები გაგრძელდება და რეფორმები იქნება მიმართული იქითკენ, რომ უზრუნველყოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და უზრუნველყოს ჩვენი ნატოსთან თავსებადობა. ასევე გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.”(სტილი დაცულია)
მინისტრმა სიხარულიძემ განაცხადა, რომ, ყბადაღებული რადიკალური საკადრო ცვლილების ნაცვლად, აპირებს ინსტიტუციურ სრულყოფას. თუმცა უკვე ხვდება ერთი სისტემური სიურპრიზი: სულ რაღაც ერთი თვის წინ სამხედრო-საზღვაო ძალები გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან და იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის შემადგენლობაში გადავიდა. ანუ საზღვაო სახელმწიფო დარჩა სამხედრო ფლოტის გარეშე, რასაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საზიანო გადაწყვეტილებას უწოდებს ერთადერთი ქართველი ადმირალი, სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ალექსანდრე ჯავახიშვილი:
[ალექსანდრე ჯავახიშვილი] ”ეროვნული უსაფრთხოებისთვის ცუდი ის არის, რომ მესაზღვრის ფუნქციები, ეს არის 12 მილი და ეკონომიკური ზონა. მეზღვაურს კი, ბოდიში და, მთელი საზღვაო აკვატორია ხელში აქვს.” (სტილი დაცულია)
რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი ორი ფლოტის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერთიანების ისეთ ნეგატიურ მომენტებზე საუბრობს, როგორიცაა საზღვაო სკოლის გაუქმება და ბლექ-სი ფორის საზღვაო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლო შეჩერება:
[ალექსანდრე ჯავახიშვილი] ”ჩვენი ერთი ხომალდი ყოველ წელს ერთი თვით გადიოდა სწავლებას ამ სისტემაში. და ექვსი ქვეყანა ერთი თვით ატარებდა სწავლებას ზღვაზე. ეს ძალიან დიდი საქმეა, ძალიან დიდი! სხვადასხვა ენაზე, ერთობლივი მანევრირება, სროლები და... შედიოდნენ კიდევ პორტებში ჰუმანიტარული მისიებით. ჩვენ აქედან ამოვვარდებით!” (სტილი დაცულია)
რადიო ”თავისუფლება” დაინტერესდა, თუ რამდენად არის სახიფათო ზღვაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის სამხედრო-საზღვაო ძალების შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვაში ინტეგრაცია. ჩვენთან საუბარში სანაპირო დაცვის სარდალმა, პირველი რანგის კაპიტანმა ბესიკ შენგელიამ განაცხადა, რომ ასეთი შერწყმა იძულებითი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იყო. თანაც, ბესიკ შენგელია დარწმუნებულია, რომ სანაპირო დაცვა შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რასაც აქამდე სამხედრო-საზღვაო ძალები ასრულებდნენ:
[ბესიკ შენგელიას ხმა] ”შეზღუდვა არ იქნება. ჩვენ, შესაბამისად, დებულებას ვამზადებთ, სადაც ყველა არა, მაგრამ ის შესაძლებელი ფუნქციებიც ჰქონდა საზღვაო ძალებს, რომ ამ დებულებაში ჩაჯდეს... ”ბლექსიფორში” მონაწილეობას სანაპირო დაცვა ზუსტად ისევე ღებულობს და, შეიძლება ითქვას, ასლია, ოღონდ სანაპირო დაცვის ხაზით, აი, ამ ქვეყნებისა.” [სტილი დაცულია]
საქართველოს ხელისუფლება ასევე ცდილობს შეცვალოს რეზერვის მომზადების არსებული სისტემა, რომლის სისტემურ ხარვეზებსა და არაკომპეტენტურ მართვაზე საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ასევე დასაკომპლექტებელია საშტატო ადგილები ომში დაღუპული და დასახიჩრებული ასობით პროფესიონალი სამხედროს ნაცვლად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ სამუშაოების შესასრულებლად 2009 წელს თითქმის მილიარდლარიანი ბიუჯეტი აქვს. თუმცა ახლა საკითხი ისაა, გასწვდება თუ არა ახალი თავდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის შესაძლებლობა ამ სამუშაოს შესრულებას. ეს შეკითხვა მას შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ დადგა საზოგადოების წინაშე, რაც ცნობილი გახდა საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება: გასული კვირის ბოლოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ბაჩო ახალაია, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი.
და არავინ იცის, თუ კიდევ რა საკადრო სიურპრიზები აქვს მომზადებული საქართველოს ხელისუფლებას გადანახული სამხედრო სფეროსათვის, უწყებისთვის, რომელსაც ომის განცდილი მარცხის შემდეგ ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოების თანადგომა.