რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ყოველწლიური მიმართვა ფედერალური კრებისადმი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკით დაიწყო.
მედვედევის თქმით, ცხინვალის მიმართ თბილისის რეჟიმის ლოკალურმა ავანტიურამ გამოიწვია დაძაბულობის ზრდა კავკასიის რეგიონში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში. თუმცა საპირისპიროს ფიქრობს რუსეთის პრეზდენტის ყოფილი თანაშემწე ანდრეი ილარიონოვი, რომლის აზრითაც, საქართველოსთან ომი რუსეთს საკუთარი იმპერიული ამბიციებისათვის სჭირდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის თქმით, 2008 წელი რუსეთის მოქალაქეებისათვის, წარმატებების გარდა, სერიოზული განსაცდელითაც აღინიშნა. კერძოდ, მედვედევმა დაასახელა ბარბაროსული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რასაც, რუსეთის ლიდერის თქმით, საერთო წარმომავლობა აქვს:
[დმიტრი მედვედევის ხმა] ”საქართველოს არმიის თავდასხმა რუს მშვიდობისდამცველებზე მრავალ ათას ადამიანს და მთელ ხალხებს ტრაგედიად შემოუბრუნდა. ამ პროვოკაციის შედეგად, მკვეთრად გაიზარდა დაძაბულობა მთელ კავკასიის რეგიონში. კონფლიქტი კავკასიაში გამოყენებული იქნა როგორც საბაბი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო გემების შესაყვანად. შემდეგ კი ევროპას დაჩქარებულად მოახვიეს თავს ამერიკის ანტისარაკეტო სისტემები, რაც თავისთავად გამოიწვევს საპასუხო ზომებს რუსეთისაგან.”
დმიტრი მედვედევის თქმით, ფინანსური კრიზისი ასევე დაიწყო როგორც ლოკალური საგანგებო შემთხვევა ამერიკის ეროვნულ ბაზარზე, მაგრამ სულ მალე მსოფლიოს გადასწვდა:
[დმიტრი მედვედევი] ”არის რა ძალიან მჭიდრო კავშირში ყველა განვითარებული ქვეყნის ბაზრებთან და, ამასთან, ყველაზე ძლიერიც, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ ვარდნის ტრაექტორიით თავისთან ერთად მთელი პლანეტის მსოფლიო ბაზრები ჩაითრია.”
განსხვავებულად ფიქრობენ კრემლის ოპონენტები.
მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი, რომელმაც ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ომი სამხრეთ ოსეთში სწორედ რუსეთმა წამოიწყო, ხოლო საქართველო, როგორც თავის დროზე ფინეთი, იძულებული გახდა დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა ტერიტორიების დაკარგვის ფასად:
[ ანდრეი ილარიონოვი] ”დიახ, ეს ნამდვილად იყო ძალიან მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება, რისი გადატანაც ქართული საზოგადოებისათვის მძიმეა. მაგრამ თუ მართლაც დავფიქრდებით, იყო თუ არა ალტერნატივა, დიახ, იყო ალტერნატივა - ისეთი, როგორიც 1938-ში იწვნია ჩეხოსლოვაკიამ, პოლონეთმა - 1939 წელს, ბალტიის ქვეყნებმა და რუმინეთმა. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ უპირატესობა მიანიჭა არა ედუარდ ბენეშის მოქმედებას, არამედ კარლ გუსტავ მანერჰეიმის მოქმედებას 1939 წელს. მაშინაც ძალიან მტკივნეული და მძიმე კამპანია იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა ფინეთის გამარჯვებით. ის დასრულდა მძიმე დამარცხებით, დიდი მსხვერპლით, ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვით, მაგრამ, იმავდროულად, გადარჩა ფინეთის დამოუკიდებლობა.”
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ ანდრეი ილარიონოვმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში გააკრიტიკა პოლიტიკა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსი, რომლებიც საქართველოს ახლაც მოუწოდებენ მოაგვარონ ურთიერთობა რუსეთთან. ილარიონოვის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების ასეთ ფრთხილ დამოკიდებულებას დღევანდელი რუსეთის მიმართ რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
[ ანდრეი ილარიონოვის ხმა] ”როგორც ჩანს, არსებობს რამდენიმე მიზეზი. არის, რა თქმა უნდა, ფაქტორი, რასაც კორუფცია - პოლიტკორექტულად კი, ინტერესებისა და ფასეულობების სხვა იერარქია - ეწოდება. არის, სამწუხაროდ, შიშიც. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროპა აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც უფრო ეშინია რუსეთის, ვიდრე მის ზოგიერ ახლო მეზობელს. ალბათ, არის სხვა მიზეზებიც.”
ეს სხვა მიზეზი, შესაძლოა, იყოს რუსეთის ახალი სამხედრო ინიციატივები ევროპის საზღვართან. კალინინგდრადში განთავსდება ”ისკანდერის” ტიპის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა კრემლში ფედერაციის საბჭოსადმი თავის პირველ მიმართვაში. გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, ”ისკანდერის” კომპლექსის სროლის სიშორე 50-280 კილომეტრს აღწევს. თითოეული გასაშვები დანადგარი კი შეიარაღებულია ორი რაკეტით, რომლებიც, შესაძლოა, აღიჭურვოს კასეტური, მსხვრევად-ფუგასური ან კუმულატიური მოქმედების საბრძოლო ქობინით.