რეგიონული მედიის მიმოხილვა

რეგიონული მედიის მიმოხილვის ძირითადი თემა დღეს ქალაქი სიღნაღია, რადგან ამ ქალაქში მიმდინარე პროცესებს
კახეთის მედიასაშუალებები განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს. მიმდინარე კვირის დასაწყისში ორი მწვავე ინფორმაცია გავრცელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესახებ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინებოდა, რომ სიღნაღის 2008 წლის ბიუჯეტში 9 700 ლარით არის განსაზღვრული პოლიციის ხარჯი, რაც კანონის უხეში დარღვევაა, რადგან „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, პოლიცია არა ადგილობრივი, არამედ, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. იმავე დღეს „რადიო ჰერეთმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თანამდებობა დატოვა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ ნიკო ძნელაშვილმა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებდა. თუმცა, სიღნაღელების აზრით, კომისიის საქმიანობაზე გავლენას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი ახდენდა. კომისიის საქმიანობით კახეთის სამხარეო პროკურატურა დაინტერესდა, გამგებელი კი კომისიაზე ზეწოლის ფაქტს გადაჭრით უარყოფდა. თუმცა, 13 ოქტომბერს გავრცელებულ ამ ორ ინფორმაციას 16 ოქტომბერს მოჰყვა „რადიო ჰერეთის“ ცნობა იმის შესახებ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა თანამდებობა დატოვა.

გაზეთ “კახეთის ხმაში“ დაიბეჭდა ნინო ჭაბაშვილის სტატია სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტის ხარვეზების შესახებ. ექსპერტების განმარტებით, იმის გამო, რომ რეაბილიტაციის პროექტი არარეალურ დროში, რეკორდული სისწრაფით განხორციელდა, ახლა თავს იჩენს საცხოვრებელი სახლების ხელახალი შეკეთების აუცილებლობა. რამდენიმე სახლი, რომელიც სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტში ჩართვამდე მყარი და არაავარიული იყო, ახლა, უბრალოდ, დანგრევის საფრთხის წინაშეა. კომპანიები, რომლებიც თავის დროზე სარესტავრაციო სამუშაოს აწარმოებდნენ, უარს ამბობენ, ავარიული სახლები საკუთარი ფინანსებით შეაკეთონ და მაცხოვრებლებს ურჩევენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს მიმართონ. ვიდრე პრობლემა გადაწყდება, ერთ–ერთი სიღნაღელი მოქალაქე, გიორგი ფაშალიშვილი, თავს მეგობრის სახლში აფარებს.

მშენებლობის ხარვეზებს ეხება მაია მეცხვარიშვილის სტატიაც „ახალ გაზეთში“. ჟურნალისტი წერს, რომ ქუთაისის N2 საპყრობილე 2005 წლის 29 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში, როგორც ევროპული სტანდარტების სამოდელო ციხე. ამ ციხის მშებენლობა ქვეყნის ბიუჯეტს 11 200 000 ლარი დაუჯდა. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, სამოდელო საპყრობილე სერიოზულ რემონტს საჭიროებს, რაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 5 მილიონი ლარი დაუჯდება. პატიმრები ციხის გახსის დღიდანვე აპროტესტებდნენ წყლის და გათბობის უქონლობას. როდესაც ვითარების გასარკვევად ადგილზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია ჩავიდა, მან მედიას განუცხადა, „მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობები, რაც ამ დაწესებულებაშია, მე სახლშიც არ მაქვს“–ო. არადა, ახლა ირკვევა, რომ დაზიანების მიზეზია თავის დროზევე გაუმართავი შიდა კომუნიკაციები – წყალი, გათბობა. ქუთაისის ციხეში, რომელიც 1500 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად სასჯელს 1848 ადამიანი იხდის.

„გაზეთი ბათუმელები“ კვლავ უბრუნდება ომის თემას და აქვეყნებს ინტერვიუს პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძესთან, რომელიც გენშტაბის უფროსს, ზაზა გოგავას, „ჩვეულებრივ პოლიციელს“, ხოლო ქართულ ჯარს „პარტიულ ჯარს“ უწოდებს. „ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ ორ დღეში ჩატარებული სამხედრო კამპანია და ისიც, რომ საქმე გვაქვს უცოდინრობისა და სიბრიყვის სიმბიოზთან“, – აცხადებს პოლკოვნიკი. მისი ინფორმაციით, სამხედროები „პირში წლის ჩაგუბებას“ არ აპირებენ და საკუთარი უფლებების დაცვაზე ფიქრობენ.

ია ანთაძე, „რადიო თავისუფლებისთვის“, თბილისი.