რეგიონალური მედიის მიმოხილვა

დღეს მიმოხილვას სასიამოვნო ამბით დავიწყებთ. როგორც გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, ახალციხის ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხე გაიხსნა.




პრეზენტაციას ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი დაესწრო. ამ პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკა მთლიანად გარემონტდა და შეივსო ახალი ინვენტარით, აუდიო და ვიდეო აპარატურით, კომპიუტერული ტექნიკით. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა გოგა ხაჩიძემ შეხვედრაზე განაცხადა: „დღევანდელი პრეზენტაცია იმ ადამიანების საწინააღმდეგოა, ვინც ფიქრობს, რომ ბიბლიოთეკები საჭირო აღარ არის.“

ეს ციტატა ზედმიწევნით ეხმიანება სტატიას, რომელიც გურჯაანის გაზეთ „სპექტრში“ გამოქვეყნდა. წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც სიღნაღის რეაბილიტაცია დაიწყო, ქალაქის ბიბლიოთეკის კუთვნილი შენობა გაუყიდიათ, 60 000 წიგნი ტომრებში ჩაულაგებიათ და სიღნაღის საჯარო სკოლის სპორტდარბაზში მოუთავსებიათ. ტომრები დღემდე არ გაუხსნიათ და არავინ იცის, ეს ძვირფასი წიგნები სად და როდის დაბინავდება.

რაკი წიგნებზე ვსაუბრობთ, თემას სასკოლო სახელმძღვანელოებით გავაგრძელებთ. „ახალი გაზეთი“ აქვეყნებს მარი მუშკუდიანის სტატიას, სათაურით: „ახალი თუ მეორადი?“ როგორც ყველგან, ქუთაისშიც სახელმძღვანელოების შეძენა დიდი პრობლემაა, ცხადია, ფასის გამო. ამიტომ მშობლები თავიანთი შვილების ძველ წიგნებს ყიდიან ან მათთვის საჭირო სხვა სახელმძღვანელოებში ცვლიან.

„გურიის მოამბე“ კი ჩოხატაურში მცხოვრებ შანიძეების მრავალშვილიან ოჯახზე გვიამბობს, რომლის დიასახლისი იძულებული გახდა შვილები ქუთაისის ინტერნეტში წაეყვანა სწორედ იმის გამო, რომ არც გადასაცვლელი წიგნები გააჩნდა და არც გასაყიდი. ბავშვებს თანაკლასელებთან დაბრუნება უნდოდათ და ინტერნეტში წასვლა ესიკვდილებოდათ. მაგრამ სანამ ჟურნალისტმა გიორგი სირაძემ ამ ოჯახის სასკოლო პრობლემის მოგვარებაზე იზრუნა, აღმოჩნდა, რომ მარტოხელა დედას სამი შვილი უკვე ქუთაისში გაეგზავნა.

„გურია ნიუსი“ და „ახალი გაზეთი“ მკითხველს იმ ჟურნალისტებზე უამბობენ, რომლებიც აგვისტოს ომში ფრონტისპირა ქალაქებში აღმოჩნდნენ. გორის, ზუგდიდის და ფოთის ჟურნალისტებმა სიცოცხლის რისკის ზღვარზე იმუშავეს და მათი სტატიები, ისევე როგორც მათ მიერ გადაღებული ფოტოები, მსოფლიოს ყველა სახელოვანმა სამაუწყებლო კომპანიამ შეიძინა. როგორც „გურია ნიუსი“ აღნიშნავს, რეგიონალურმა ჟურნალისტებმა მხოლოდ „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილის“ ავტორის ყურადღება ვერ დაიმსახურეს. გორის გაზეთი „ქართლის ხმა“ ორ გვერდზე აქვეყნებს ფოტოკოლაჟს, რომელზეც ცხინვალის, ლიახვის ხეობის სოფლებისა და გორის უნიკალური კადრებია აღბეჭდილი. აქვე გაზეთის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი მკითხველს საკუთარ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით უამბობს, როგორ ექცევიან გუბერნატორი ვარძელაშვილი და მისი მოადგილე ჩინჩილაკაშვილი ჟურნალისტს, რომელსაც ვერ აკონტროლებენ.

ქუთაისური „P.S.” აქვეყნებს ნინო ჯანელიძის სტატიას: „ჭუბერზე მეორედ მოსიარულე საქართველო“. „ასეთ შერცხვენილ წამოსვლას რა ვუთხარი! ტყვია არ გასროლილა, ისე წამოვედით“, – წუხს კოდორის მკვიდრი ვალოდია გერლიანი.

მართლაც, რა ხდებოდა კოდორში ომის დროს, რა რაოდენობის და ღირებულების იარაღი ჩააბარა რუსებს ქართულმა არმიამ, ვინ გასცა კოდორის დატოვების ბრძანება, რატომ არ იყო კავშირი თავდაცვის სამინისტროსთან, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში 8 ათასი ჯარისკაცი და არიან თუ არა ისინი დეზერტირები? ამ კითხვებზე პასუხს წაიკითხავთ გაზეთ ”ბათუმელებში“, რომელიც ბეჭდავს ინტერვიუს კოდორში მებრძოლ ანონიმ რესპონდენტთან.

ბოლოს ვიტყვით, რომ ომის შესახებ რეგიონალურ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოების თავმოყრა და გამოცემა რომ მოხერხდებოდეს, მკითხველი მეტად ფასეულ ინფორმაციას მიიღებდა როგორც ომის, ასევე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების შესახებ.