სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი საქართველოში თავის ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებს

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი საქართველოში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებს.
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან, თბილისში მას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა და სერჟ სარქისიანმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.

სტაბილურობა რეგიონში და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები.. ამ თემაზე მსჯელობისთვის ჩამოვიდა თბილისში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი.. საქართველოს უახლოესი მეზობლებიდან სომხეთის პრეზიდენტი პირველი ლიდერია, რომელიც თბილისს აგვისტოს მოვლენების შემდეგ ესტუმრა.. თავის დროზე მან გააკრიტიკა საქართველო სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მცდელობის გამო, მაგრამ განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი არ აპირებს საქართველოში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას.

”დღეს შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს რატომ არ აპირებს სომხეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, - თქვა სერჟ სარქისიანმა 3 სექტემბერს ერევანში დიპლომატებთან შეხვედრაზე და იქვე განმარტა: ”პასუხი მარტივია - იმავე მიზეზით, რატომაც არ ვაღიარეთ კოსოვოს დამოუკიდებლობა. სომხეთს აქვს რა მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, არ შეუძლია სხვა ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება მანამდე, სანამ თავად არ აღიარებს ყარაბახის რესპუბლიკას.”

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, ისევე როგორც რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.. ამ ორგანიზაციის ლიდერთა სამიტი მოსკოვში 5 სექტემბერს გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში იყო საქართველოში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან მიმართებით ერთიანი პოზიციის შემუშავება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვერ შეძლო მოკავშირეების დაყოლიება, მიებაძათ მისთვის და ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა..

”ყველა ამ ქვეყანას თავისი მოსაზრება აქვს ”, - ამბობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე და სომხეთის პოზიციას შემდეგნაირად ხსნის:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” სომხეთი მოტივირებულია, პირველ რიგში, იმით, რომ არ სურს რეგიონში ისედაც არასახარბიელო ვითარების დაძაბვა. სომხეთი პრაქტიკულად იზოლაციაშია და საქართველოში არსებულმა კრიზისმა მას მკაფიოდ აჩვენა, რამდენად მოწყვლადია მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ურთიერთობის გაფუჭება რეგიონში ერთადერთ სანდო პარტნიორთან მას, რა თქმა უნდა, არ აწყობდა. ”(სტილი დაცულია)

სერჟ სარქისიანის მიერ მთიანი ყარაბახის ფაქტორის დასახელება, ალბათ, ერთგვარი საბაბი იყო სომხეთის პოზიციის ასახსნელადო, ფიქრობს არჩილ გეგეშიძე. ის იხსენებს, ბოლო წლების მანძილზე რამდენად ძლიერდებოდა საქართველოს უახლოეს მეზობლებზე რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ყოველთვის, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მწვავდებოდა..

საქართველოს აგვისტოს კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა სომხეთის ეკონომიკას. სომხეთს არ გააჩნია საზღვარი რუსეთთან და არ გააჩნია გასასვლელი ზღვაზე.. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის გავლითაც სომხეთში გადაიზიდება ტვირთი. სომხეთის პრეზიდენტის სიტყვებით, სომხეთის საგარეო ვაჭრობის 70 პროცენტი მოდის საქართველოს ტრანზიტზე... მისივე სიტყვებით, სტაბილურობა საქართველოში სომხეთისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მნიშვნელოვანია სტაბილურობა თავად სომხეთში. ეს სიტყვები 30 სექტემბერს თბილისში, მიხეილ სააკაშვილისა და სერჟ სარქისიანის ერთობლივ ბრიფინგზე, ითქვა. იქვე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აზარალებს მოუგვარებელი კონფლიქტები ყველას, როგორ უშლის ხელს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას..

მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის საქართველო სთავაზობს სომხეთს გამარტივებულ მიმოსვლას, საზღვარზე დაბრკოლებების მოხსნას, ამასთან, სომხეთ- საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის გახნას.

ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრესის წინაშე გამოსვლისას, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები განცხადებებით შემოიფარგლნენ. სომხეთის პრეზიდენტის განცხადება იყო მოკლე... მან თქვა, რომ ისეთ განსაკუთრებულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, კონფლიქტების გადასაჭრელად სამხედრო გზის არჩევა გაუმართლებელია, და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე ავა..

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს 1 ოქტომბერს დატოვებს. გავრცელებული ცნობებით, 2 ოქტომბერს ერევანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესტუმრება.