ეუთოში ჯერ არ განუსაზღვრავთ იმ მეთვალყურეების მანდატი, რომლებიც საქართველოში უნდა მოავლინონ

საქართველოში ეუთოს მისია ცხინვალის რეგიონში საკუთარი ოფისის მუშაობის განახლებას გეგმავს.
ამის შესახებ საქართველოში ეუთოს ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ ამ დღეებში, ცხინვალის მონახულებისას, იქ მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს განუცხადა. მაგრამ ლავროვმა იქვე, ცხინვალშივე, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში ეუთოს მისია ამ სახელწოდებით სამხრეთ ოსეთში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. მალე საქართველოში ეუთომ საკუთარ მეთვალყურეთა რაოდენობა 100-მდე უნდა გაზარდოს და თან უნდა განსაზღვროს მეთვალყურეთა მანდატი.. როგორია ეუთოს მეთვალყურეების უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონში, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, შესვლის პერსპექტივა?

საქართველოში ეუთოს მისიის ცხინვალის ოფისის თანამშრომლების ევაკუაცია 8 აგვისტოს მოხდა. მას შემდეგ საქართველოში ეუთოს მისიის ცხინვალის ოფისი დაკეტილია. კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იქ ეუთოს მანდატით 8 სამხედრო მეთვალყურე მოქმედებდა.. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ეუთომ საქართველოში დამატებით 20 მეთვალყურე გამოგზავნა. არსებული მონაცემებით, დღესღეობით ყველა ცხინვალის სამხრეთით, გორის რაიონის სოფლებში, ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში, პატრულირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში ეუთოს მისიის ცხინვალის ოფისი დახურულია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ეუთოს მისია ამ სახელწოდებით სამხრეთ ოსეთში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

ანალოგიური პრეტენზია გამოთქვა სოხუმში საქართველოში გაეროს მისიის ოფისთან მიმართებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. მან 14 სექტემბერს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ გაეროს მისიამ აფხაზეთში მუშაობის გასაგრძელებლად სახელწოდება უნდა შეიცვალოს .. ” ეს არის კრემლისა და მასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურთა მცდელობა, ერთი მხრივ, ეუთო, მეორე მხრივ კი, გაერო აიძულონ დე იურე თუ არა, დე ფაქტო მაინც ცნონ კოკოითისა და ბაღაფშის კრიმინალური რეჟიმები”, - განმარტავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და იქვე დასძენს , რომ სოხუმშიც, ცხინვალშიც და მოსკოვშიც უნდა ხვდებოდნენ, რომ არავინ აპირებს, მათი სურვილის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო მისიების სახელწოდების გადახედვას. ცხინვალში ეუთოს მისიისა და სოხუმში გაეროს მისიის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნა, თემურ იაკობაშვილის აზრით, ერთ მიზანს ისახავს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ” პრობლემა დასახელებაში არ არის, ეს უფრო პატარა დიპლომატიური თამაშებია.. იქ რუსებს არ უნდათ შეუშვან 7 დამკვირვებელზე მეტი, ანუ იმაზე მეტი, რაც ადრე ჰყავდათ. ჯერჯერობით ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების მანდატი განსაზღვრული არ არის, ამაზე ახლა მიდის მუშაობა, მაგრამ ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, მათ მთელ საქართველოში ჰქონდეთ მანდატი და, პირველ რიგში, კონფლიქტის ზონაში. ”

ეუთომ სამხრეთ ოსეთში დამკვირვებლების 100-მდე გაზრდას მუდმივმოქმედ საბჭოზე 19 აგვისტოს დაუჭირა მხარი. დამკვირვებლების გაზრდის ინიციატივით, როგორც გვახსოვს, უშუალოდ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი გამოვიდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაკვირვება და ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა - ამ მისიით ჩამოვიდა საქართველოში ეუთოს 20 სამხედრო დამკვირვებელი, როგორც ეს პირველი ეტაპისთვის იყო დაგეგმილი... გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საქართველოში ეუთოს, საერთო ჯამში, 100 დამკვირვებლის მანდატი, უშუალოდ რა არეალში და რა ამოცანებით იმოქმედებენ ისინი, ვენაში ჯერ არ მიუღიათ..

ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვენაში მარტინ ნესირსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვას, როდის დაიწყებენ საქართველოში მუშაობას ეუთოს დამატებითი დამკვირვებლები, უპასუხა: ”ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მაგრამ ეუთო, სადაც 57 სახელმწიფოა წარმოდგენილი, საქართველოსა და რუსეთის ჩათვლით, გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა მხარისთვის მისაღები მიდგომა უნდა იქნეს შემუშავებული. დასამალი არ არის, რომ ამ მიზნის მისაღწევად რთული დისკუსიები მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, თუ სად უნდა იმუშაონ სამხედრო დამკვირვებლებმა.”


გადაწყვეტილებას ვენაში, თემურ იაკობაშვილის თქმით, ამ დღეებში მიიღებენ და, თანაც, ორს. ერთი იქნება გადაწყვეტილება საქართველოში მეთვალყურეთა განლაგების შესახებ, მეორე კი გადაწყვეტილება მათი მანდატის შესახებ. საქართველოს მოთხოვნაა ეუთოს მეთვალყურეებს ჰქონდეთ მანდატი მთელ საქართველოში და, პირველ რიგში, კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონს ვგულისხმობთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ეუთომ ცხინვალის პოზიციაც უნდა გაითვალისწინოს.. უფრო მეტიც, ლავროვმა ახლახან თქვა, რომ ცხინვალი უნდა მონაწილეობდეს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ეუთოში სამხრეთ ოსეთს დაუკავშირდება.. კოკოითი კი არ აპირებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას, მუხედავად იმისა, რომ ამას რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საზავო შეთანხმება ითვალისწინებს.