ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისში.. არაწევრ და ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყანაში ნატოს საბჭოს სხდომის ჩატარებას თბილისში უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევენ

მაშინ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვოიაჟებს ახორციელებდა საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, თბილისს ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია.
რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოს დედაქალაქი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მასპინძლობს... არაწევრ ქვეყანაში ნატოს საბჭოს სხდომის გამართვას, თან ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების მნიშვნელოვან მაწილზე რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას, თბილისში უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევენ..

საქართველოს დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება აგვისტოს მოვლენებამდე იყო დაგეგმილი.. ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს წევრი 26 სახელმწიფოს წარმომადგენლების დელეგაციისთვის თბილისს სწორედ სექტემბერში უნდა ემასპინძლა.. საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ გეგმა ვერ შეცვალა. ქართველი ექსპერტები ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გამართვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ რამდენიმე მოსაზრებით. პირველი: ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველო ნატოს ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით - აგვისტოს მოვლენების შემდეგ; მეორე: საქართველოს დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრება არის სიგნალი, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ნატოს ინტერესი საქართველოსადმი არ განელებულა და ნატო საქართველოს პარტნიორ და წევრობის შესაძლო კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს; მესამე: ნატო ეუბნება დანარჩენ მსოფლიოს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის მტკიცე და, მეოთხე: ეუბნება რუსეთს, რომ, მისი მცდელობის მიუხედავად, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არ შესუსტებულა.

ნატომ დაიწყო საქართველოში კონკრეტული ქმედებები, - აღნიშნავენ საქართველოს ხელისუფლებაში.. ქმედებებში იგულისხმება საქართველოში არსებული ვითარების შესწავლა, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების ზარალის შესწავლა, შემდგომი დახმარებისთვის უმთავრესი პრიორიტეტების გამოკვეთაზე მუშაობა.. დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.. შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის ფაქტს.. 19 აგვისტოს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ნატო ვერ გააგრძელებს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას მანამდე, სანამ საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.. სწორედ 19 აგვისტოს შეკრებაზე მიიღეს ნატოს მინისტრებმა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ნატო არ შემოიფარგლება საქართველოს მიმართ ზეპირი განცხადებებით და ის გადასულია კონკრეტულ ქმედებებზე.. კონკრეტულ ქმედებებში ბარამიძე გამოყოფს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნას და მისი პირველი სხდომის ჩატარებას თბილისში 15 სექტემბერს... სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ფორმირება ნატო-საქართველოს კომისიისა, რომელმაც მუდმივ რეჟიმში უნდა იმუშაოს ნატო - საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არათუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მაპის, მიღების გზაზე, არამედ უშუალოდ ნატოში გაწევრიანების გზაზე:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”გაწევრიანების სამოქმედო გეგმისკენ კი არა, გაწევრიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმა შუალედურია. ჩვენთვის მთავარია წევრობა და არა საშუალედო პროცესებში უსასრულოდ ყოფნა. ” (სტილი დაცულია)

”მაგრამ ასეთ ვითარებაში მე გამოვრიცხავ საქართველოს ნატოს წევრობა მიანიჭონ.. უფრო მოსალოდნელია მხარდაჭერის ჟესტი, საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება იყოს დეკემბერში”, - აღნიშნავს ექსპერტი შალვა ფიჩხაძე.. რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიას, მსგავსი ფორმატით არსებობს ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭო, ნატოსა და უკრაინის კომიტეტი და ახლა უკვე - ნატო-საქართველოს კომისია..

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ” ასეთი ტიპის ორგანოს შექმნა უნდა დაგვეხმაროს ჩვენ. ეს ნატოს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ გვაქცევს, იქნება მუდმივი რჩევები და მუდმივი მონიტორინგი იმის გასაგებად, რამდენად სწრაფად და სწორად ასრულებს საქართველო ნატოს რჩევებს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდეს.” (სტილი დაცულია)

ამბობს შალვა ფიჩხაძე... ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა კი ერთხელ, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას, თქვა, გზა ნატოსკენ არის გრძელი და დაკლაკნილიო. იაპ დე ჰოოპ სხეფერი ამჯერად თბილისშია. ” საბჭოს პირველი გზავნილია, რომ ჩვენ მოვედით საქართველოში და ჩამოვედით აქ ძალიან სერიოზულ ეტაპზე”, - ასე დაიწყო მან თავისი გამოსვლა ”ქორთიარდ მარიოტში”, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე... ნატოს გენერალურმა მდივანმა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.. ” ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რუსეთმა ძალა არაპროპორციულად გამოიყენა. ამას გარდა, დაარღვია მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი შეთანხმება.. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ჩვენ ველით, რომ საქართველო გააუმჯობესებს დემოკრატიულ რეფორმებს” - აი, ასეთი იყო ნატოს გენერალური მდივნის პირველი საჯარო განცხადება თბილისში... ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას 26+ 1 -ის ფორმატში პირველი საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა. მიხეილ საააკაშვილმა ისტორიული მომენტი უწოდა ნატოს საბჭოს შეკრებას თბილისში, საქართველოს დედაქალაქში.. გამოთქვა იმედი, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა სერიოზულად გააღრმავებს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობას. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა რუსეთის ინტერვენციაზე.. განმარტა, რომ ეს ომი არ იყო საქართველოს ინიციატივა და საქართველოს ამის დამტკიცება შეუძლია და კიდევ თქვა, რომ საქართველო გადადის დემოკრატიული რეფორმების ახალ ეტაპზე, რაც მომავალში სასამართლო სისტემის რეფორმირებაში გამოიხატება.