გასულ კვირაში გიამბეთ, რომ, თბილისური მედიისგან განსხვავებით, რეგიონალურმა მედიამ საინფორმაციო მაუწყებლობა გაახშირა: გაზეთი „გურიის მოამბე“ კვირაში
ორჯერ გამოდის, რადიო ”ჰერეთი” კი ახალ ამბებს ყოველ ნახევარ საათში გადმოსცემს. მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი სიახლეა: ტელეკომპანია „გურჯაანის“ საინფორმაციო სამსახური პირველი სექტემბრიდან ადგილობრივ მოსახლეობას ახალ ამბებს დღეში სამჯერ – 16.00, 19.00 და 22.00 საათზე - აწვდის. ადრე ამ ტელეკომპანიის ეთერით ახალი ამბები დღეში ერთხელ, ღამის ათ საათზე, გადაიცემოდა.
მიმდინარე კვირაში ადგილობრივ საკადრო ცვლილებებს სტატიები მიეძღვნა როგორც გაზეთებში „ჩემი ხარაგაული“ და „გურიის მოამბე“, ასევე, რადიო ”ჰერეთში”. უნდა ითქვას, რომ „ჩემი ხარაგაული“, სხვა რეგიონალური გაზეთებისგან განსხვავებით, თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ადგილობრივი მკითხველისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე. ბოლო ნომერში დაიბეჭდა საჭირო ცნობები როგორც ელექტროენერგიის ვაუჩერით სარგებლობის შესახებ და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე, პირადობის მოწმობის აღების მსურველთა თუ ნოტარიუსის მომსახურებით დაინტერესებული პირებისთვის.
გაზეთი აქვეყნებს მასალას ადგილობრივი ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი სამის“ შესახებ და გამარჯვებულ მოთხრობასაც ბეჭდავს, რომლის ავტორი ხარაგაულის მკვიდრი მამუკა ჭიპაშვილია. გასაკვირი არ არის, რომ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემოსავლების დიდი წილი ადგილობრივ ხელმომწერებზე მოდის.
მიმდინარე კვირაში ორი გაზეთი – „ჩემი ხარაგაული“ და „ბათუმელები“ – ბეჭდავს მასალას ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების შესახებ. ორივე სტატიის რესპონდენტია ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით ნარმანია. მისი თვალსაზრისით, ის მილიარდობით ევრო თუ დოლარი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან ელოდება, შესაძლოა, ინფლაციის წყარო გახდეს, თუკი თანხა დევნილებს პირდაპირ დაურიგდებათ და ინფრასტრუქტურის აღდგენაში არ ჩაიდება.
გაზეთი ”ბათუმელები“ მკითხველს რამდენიმე მასალას სთავაზობს ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით. ევროპასთან ინტეგრაციის შემსწავლელი ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან, მისი შეფასებით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა უშუალოდ მიება რუსეთ–ევროკავშირის ახალ შეთანხმებას: გაიყვანენ ჯარებს, მიიღებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის უფლებას, არადა – ვერ მიიღებენ. ჭყოიძისგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობენ ბათუმის ქუჩებში გამოკითხული ადამიანები. მათი შეჯერებული მოსაზრება ასეთია: ევროპის ქვეყნებმა არც ერთი ბერკეტი არ აამოქმედეს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ კი სავიზო რეჟიმის გამარტივებით დაგვიყვავეს.
განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალისტ ნინო ძანძავას მიერ გაზეთ ”ბათუმელებისთვის“ სპეციალურად მომზადებული ორი მასალა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ტყვეების შესახებ. პირველი სტატიის რესპონდენტია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ერთ–ერთია მათ შორის, ვინც, ოსების მოთხოვნით, სამი დღის განმავლობაში დილიდან ღამემდე ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა. მეორე რესპონდენტი კი ქალბატონია, რომელიც დაწვრილებით ჰყვება 12 დღის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორში მომხდარ ამბებს. ამ ემოციით სავსე სტატიების შინაარსის გადმოცემა შეუძლებელია, მაგრამ, ომის ყველაზე მწვავე დღეების შესახებ ინფორმაციის დეფიციტის პირობებში, ნინო ძანძავას მიერ მომზადებული მასალები სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მიმოხილვას დავასრულებთ რადიო ”ჰერეთის” მიერ გავრცელებული ცნობით: 2 სექტემბერს ლაგოდეხს ლიტვის დელეგაცია ეწვია, რათა ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლები მოენახულებინა. ამ ინფორმაციამ შეგვახსენა, რომ საქართველოს სხვადასხვა მხარეში ათასობით ოსი მშვიდად ცხოვრობს, რაც სახელმწიფოებრივი ღირსების ნაპერწკალს აღვივებს ამ მძიმე დღეებშიც კი.