საქართველო აღიარებს კასეტური ბომბების გამოყენებას სამხედრო მიზნებით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა, რომ რუსულ- ქართული ომის დროს კასეტური ბომბები გამოიყენა სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.
სამხედრო უწყებამ შესაბამისი წერილი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩს” გაუგზავნა მას შემდეგ, რაც ცხინვალთან ახლოს, სოფელ შინდისთან, კასეტური ბომბის ფრაგმენტები აღმოჩნდა და ამის გამო ორგანიზაციის ექსპერტებს შეკითხვები გაუჩნდათ.


რუსულ-ქართული ომის განმავლობაში საქართველოში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა კასეტური ბომბების ზემოქმედების შედეგად. ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაითს უოჩმა” გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ექსპერტებმა გორი და ცხინვალი დაათვალიერეს. თუმცა, როგორც ”ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელმა კავკასიაში გიორგი გოგიამ უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, დაღუპულები გორისა და ახლომდებარე ქართული სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობაა, ხოლო კასეტური ბომბები რუსული წარმოებისა იყო:

[გიორგი გოგია] ”11 დაიღუპა გორისა და რუისის დაბომბვისას. ანუ ორ ადგილას იქნა გამოყენებული რუსული წარმოების კასეტური ბომბი რბქ-250, რომელიც არის ტანკსაწინააღმდეგო კასეტური ბომბი. ქართული კასეტური ბომბის ზემოქმედების შედეგად, ჩვენ არანაირი სამოქალაქო მსხვერპლი არ გამოგვივლენია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ კვლევა-ძიება გრძელდება.”(სტილი დაცულია)

რუსული წარმოების კასეტური ბომბები შეიძლებოდა ჰქონოდა როგორც რუსეთის შეიარაღებულ ნაწილებს, ასევე ქართულ არმიას, რომელსაც არსენალში მრავლად მოეპოვება რუსული ტიპის საბრძოლო ტექნიკა და ტყვია-წამალი. შესაბამისად, ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” ორივე მხარისაგან - რუსეთისა და საქართველოსაგან - მოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის კასეტური ბომბები იქნა გამოყენებული; ითხოვა აგრეთვე დაბომბვის ადგილმდებარეობის მითითება. საქართველოს მხარემ პირველ სექტემბერს საერთაშორისო ექსპერტებს გაუგზავნა ზუსტი აღწერა იმ კასეტური ბომბისა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის დროს გამოიყენეს, - განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლებას”:

[გიორგი მუჩაიძე] ”ეს არის მ-85 სახეობის ბომბი, რომელიც არის გამოყენებაში თანამედროვე დასავლეთის ქვეყნების არმიების მიერ... კი, არტილერიის საშუალებით იქნა გამოყენებული და მიმართული იყო მხოლოდ იმ რუსული სამხედრო მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების წინააღმდეგ,რომელიც მოდიოდა, როკის გვირაბის გავლით, ძარას გზის მონაკვეთზე.”(სტილი დაცულია)


კასეტური ბომბები ე.წ. არაჰუმანური საბრძოლო მასალის ტიპს განეკუთვნება, რის გამოც ამგვარი ბომბების გამოყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ”ჰიუმან რაიტს უოჩის”
წარმომადგენელი კავკასიაში გიორგი გოგია ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც კასეტური ბომბების გამოყენებას ახლავს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში:

[გიორგი გოგია] ”ორმაგი მოქმედება აქვს. ანუ ერთი, რომ ძალიან დიდი არეალი აქვს დაზიანების, მეორე ის, რომ, ვთქვათ, რჩება აუფეთქებელი ნაწილაკები ამ კასეტური ბომბისა, რომელიც იქცევა ეგრეთ წოდებულ ნაღმებად.”(სტილი დაცულია)

საქართველოს შემთხვევაში, მ-85 ტიპის კასეტური ბომბი აქვს საარტილერიო სისტემა ლარ-160 გრადის რაკეტას, რომლის სროლის სიშორე 45 კილომეტრს აღწევს. თანაც, თავდაცვის სამინისტრო გადაჭრით უარყოფს სოფელ შინდისში კასეტური ბომბის გამოყენების ფაქტს. არადა, სწორედ იქ აღმოაჩინეს ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენლებმა კასეტური ნაღმის ფრაგმენტები:

[გიორგი მუჩაიძე] ”მით უმეტეს, რომ არ არსებობს ახლომდებარე რაიონებში ამ ტიპის შეიარაღებით მიყენებული არანაირი დაზიანების კვალი და ნიშანი. ასე რომ, თავისთავად ცხადია, რომ იქ[შინდისში] მიტანილი იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ.”

საქართველოს სამხედრო უწყების განმარტებას ”ჰიუმან რაიტს უოჩი” მიესალმება, თუმცა კვლევა-ძიება შემდგომში გაგრძელდებაო, -განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კავკასიაში გიორგი გოგიამ:

[გიორგი გოგია] ”საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ტიპი კასეტური ბომბისა, რომელიც მან გამოიყენა, შეიცავს სპეციალურ დამცავ მექანიზმს, რომელიც არ ტოვებს ეგრეთ წოდებულ ნაღმებს. აქედან გამომდინარე, ეს განმარტება კარგია, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ შეუერთდეს კასეტური ბომბების აკრძალვის კონვენციას და აღარასოდეს გამოიყენოს მომავალში.”(სტილი დაცულია)


კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ მომზადებულ კონვენციას 107 ქვეყანა შეუერთდა. ხელმოწერა ღიაა, თუმცა საქართველო 2007 წლის ოსლოს კონვენციას ჯერ არ შეერთებია.