ცოცხალი ჯაჭვი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და საქართველოს თავისუფლებისთვის

საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში - ყველგან, სადაც სიტუაციას რუსეთის ჯარი ვერ აკონტროლებს, ზუსტად მაშინ, როცა ბრიუსელში ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ,
ხალხი ქუჩებში, მოედნებზე, გზებზე გამოვიდა... შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს ერთიანობის დემონსტრირებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა: არ მეშინია და ვაგრძელებ ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.. ეს იყო ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი აქცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველაზე მძიმე დროს, საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლის დროს..

[ მიხეილ სააკაშვილის ხმა} ” როცა ჩვენი ერთიანობა არის სამაგალითო დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ: საქართველო გააგრძელებს ბრძოლას, საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას თავისი ერთიანობისთვის, არასდროს აღარ დაიჩოქებს მუხლზე, საქართველო გაიმართება ბოლომდე წელში და შექმნის ძალიან წარმატებულ ქვეყანას, მისი მრავალეროვანი საზოგადოება აუცილებლად გაიმარჯვებს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. ”(სტილი დაცულია)


ასე მიმართა საქართველოს და მსოფლიოს 1 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, თავისუფლების მოედნიდან... ამისვე სათქმელად დადგნენ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში, სოფლებში, გზებზე საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად ეროვნებისა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა... 1 სექტემბერს საქართველოში ცოცხალი ჯაჭვი დადგა თავისუფლებისა და მშვიდობისთვის და ეს იყო აქცია, რომლის სულისკვეთებამ და მასშტაბმა ყველა მის მონაწილეზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ..

[გია ბუღაძის ხმა] ”ყველა ნიშნით არის შეუდარებელი და არაფერს ჰგავს - ქართულად გამოგვდის ეს უწყვეტი ჯაჭვი, ხედავთ რამხელა მოძრაობაა! პოლიფონიაა. მე ვარ კმაყოფილიც, აღტაცებულიც და სენტიმენტალურად აღელვებული. ხედავთ რამოდენა სურვილია იმის, რომ იყოს მშვიდობა, ქვეყანა იყოს თავისუფალი, ერთიანი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი!”


შეხედეთ რამხელა პოლიფონიაა, რამოდენა სურვილია მშვიდობის, თავისუფლების! - ამბობდა მხატვარი გია ბუღაძე.. თბილისის ქუჩებში, დაწყებული რუსთაველის გამზირიდან, მაშინ როცა უზარმაზარი ცოცხალი ჯაჭვი იკვრებოდა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს მარსელიოზა ენაცვლებოდა... იყო შეძახილები: საქართველო! საქართველო!!


და ეს შეძახილები კიდევ უფრო ძლიერდებოდა, როცა ცაში საქართველოს სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდებოდა.... სრულიად მშვიდობიანი მისიით, იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე გრანდიოზული აქცია, საქართველოს ერთიანობისა და გაუტეხლობის აქცია ზემოდან ვიდეოფირზე დაეფიქსირებინათ...

[ქალის ხმა] ” რო გადახედავენ ამას, ამის იმედი მაქვს, უნდა დაინახონ, რომ ერთად ვდგავართ. ხედავთ, რამდენი ხალხია გამოსული! ”

გვითხრა რუსთაველის პროსპექტზე ცოცხალ ჯაჭვში მდგომმა შუახნის ქალბატონმა...

განწყობილება ოპტიმისტური იყო... როგორც ცოცხალ ჯაჭვში მდგომმა ახალგაზრდამ გვითხრა, მთავარია ის, რომ საქართველო არავის არაფერს ართმევს და ამიტომ ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიმარჯვებს:

[ ახალგაზრდის ხმა] ”ყველაფერი კარგად იქნება, დღეს თუ არა ხვალ ჩვენი საქმე გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ, მთავარი ეგ არის. ”

და კიდევ: როგორც აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ გვითხრა:

[ ლელას ხმა] :”ჩვენ არ ვებრძვით რუს ხალხს. ჩვენ აგრესია უნდა დავძლიოთ და უნდა მივიჩნიოთ, რომ რუსული დემოკრატიისთვისაც ვდგავართ აქ..” (სტილი დაცულია)

საქართველოს მოქალაქეებს - ყველას, ვინც საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდა - სწამდათ, რომ აქ, მსოფლიოს ერთ წერტილში, მთელ დემოკრატიულ სამყაროსაც იცავდნენ...

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ამ დიდ რკალში დგანან არა მარტო მრავალეთნიკური ჩვენი მოქალაქეები, ამ დიდ რკალში ჩვენთან ერთად დგას დავით აღმაშენებელი, ჩვენთან ერთად დგას ვახტანგ გორგასალი, სულხან-საბა ორბელიანი, რომელთაც უნდოდათ საქართველო მარტო არ ყოფილიყო და დღეს საქართველო არ არის მარტო.. დღეს ჩვენს გვერდით არის მთელი თავისუფალი სამყარო. ”


1 სექტემბერს საქართველოში შეკრულმა ცოცხალმა ჯაჭვმა ბევრს გაახსენა ბალტიისპირა ქვეყნების ანალოგიური საპროტესტო აქცია.. 1989 წლის ზაფხულში ვილნიუსიდან, რიგის გავლით, ტალინამდე ბალტიისპირეთის ცოცხალი, ხელიხელჩაკიდებული ჯაჭვი გადაიჭიმა.. ამით ლიტველებმა, ლატვიელებმა და ესტონელებმა გააპროტესტეს ცნობილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლის ძალითაც საბჭოთა კავშირმა და ფაშისტურმა გერმანიამ ბალტიისპირეთი გადაინაწილეს.. მოგვიანებით იყო ვილნიუსის ტრაგედია... დღეს ლიტვაც, ლატვიაც და ესტონეთიც ნატოს და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნებია...

1 სექტემბერი - დღე, როცა საქართველოში ერთიანობის ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა -საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადდა იმის იმედით, რომ ამ დღის დიდ მნიშვნელობას ბევრჯერ გავიხსენებთ მომავალში, ევროპული ოჯახის წევრ, ერთიან საქართველოში.