რატომ რჩებიან საქართველოში რუსეთის ჯარი და ”სამშვიდობოები” კრემლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ?

რუსეთის მიერ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობის შემდეგ, მოსკოვმა, ფუნდამენტური საერთაშორისო ნორმების გარდა,
ცალმხრივად დაარღვია საფრანგეთის შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პრინციპები. მაგრამ, ამასთან, რუსეთი არ ჩქარობს საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს 12 აგვისტოს შემოყვანილი საოკუპაციო ჯარის ნაწილები და არც ე.წ. სამშვიდობო მისიაზე ამბობს უარს. საინტერესოა, როდემდე აპირებს საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან შეგუებას.

საქართველოს ტერიტორიაზე ორი ახალი რესპუბლიკის აღიარებით რუსეთმა ერთბაშად რამდენიმე სამართლებრივი კოლიზია შექმნა. გაზეთ ”კომერსანტის” დაკვირვებით, ერთ-ერთი წინააღმდეგობა რუსეთის სამშვიდობო მისიას ეხება. ”ამიერიდან რუსეთის სამხედროებს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან, ყოვლად შეუძლებელია ჰქონდეთ სამშვიდობოების სტატუსი. ეს კი ნიშნავს, რომ მათ უნდა დატოვონ უსაფრთხოების ზონის ქართული ნაწილი, რაც ჯერ კიდევ 26-ში დილით კანონიერად ითვლებოდა”, - წერს ოთხშაბათის გაზეთი ”კომერსანტი”.

თუმცა კრემლის ხელისუფლება რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებას ისევე უწევს ანგარიშს, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისას. ”ბი-ბი-სი”- სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების ყოფნა უსაფრთხოების ზონაში კანონიერია:

[დმიტრი მედვედევი] ”ჩვენ არაფერს არ ვეწინააღმდეგებით. რაც შეეხება ჩვენი ჯარების, ჩვენი მშვიდობისდამცველების ყოფნას, ისინი დგანან იმ ზონებში, რომლებიც განსაზღვრული იყო 1992 და 1994 წლების შეთანხმებითა და შერეული საკონტროლო კომისიის 1999 წლის გადაწყვეტილებით.”
რადიო ”თავისუფლებამ” მოიპოვა ამ ყბადაღებული 1999 წლის გადაწყვეტილების ოქმი. ამ დოკუმენტის თანახმადაც კი, რუსეთის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა უბრძანოს საკუთარ სამხედროებს ქალაქ ახალგორის, იმავე ლენინგორის, დატოვება, რადგან რუსი მშვიდობისდამცველების პასუხისმგებლობის ზონაში ასეთი დასახლებული პუნქტი არ არის განსაზღვრული. სამაგიეროდ, დოკუმენტში ნახსენებია სოფელი კარალეთი, მაგრამ არა როგორც რუსი, არამედ ქართველი მშვიდობისდამცველების პასუხისმგებლობის ზონის შემადგენელი პოსტი. ასევე, არსად ფიგურირებს 1994 წლის შეთანხმებაში ქალაქი ფოთი და მისი შემოგარენი, სადაც ასევე დგას 12 აგვისტოს შემდეგ რუსული ბლინდაჟები. თანაც, ყველა ადრეული შეთანხმება რუსეთის სამშვიდობო მისიის შესახებ აზრს კარგავს მას შემდეგ, რაც, 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაო, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” პარლამენტარმა შოთა მალაშხიამ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

[შოთა მალაშხია] ”არანაირი! არსად მათ იურიდიული საფუძველი დგომისა არა აქვთ, არც ერთ ტერიტორიაზე. ისინი[რუსეთი] არც აპირებენ, როგორც სამშვიდობოები, იქ ყოფნას. ისინი გააკეთებენ ასეთ რაღაცას: ხელშეკრულებას დადებენ ამ ორ ”სახელმწიფოსთან” და ჯარით დადგებიან.”


მაგრამ თუკი რუსეთი ამ სამხედრო ყოფნის დაკანონებას არა იურიდიულად, არამედ ძალის პოზიციიდან ცდილობს, მაშინ რატომ არ მიმართავს კანონიერ ძალას საქართველოს ხელისუფლება ახალგორსა და ფოთში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ასეულების მიმართ, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო თავხედურად და გამომწვევად ექცევიან საქართველოს მოსახლეობას? საქართველოს ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასაყვანად საქართველოს ტერიტორიიდან, თუმცა, პარლამენტარ შოთა მალაშხიას თქმით, საქართველო ამ უფლებას არ იყენებს საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით:

[შოთა მალაშხია] ”სამართლებრივად უფლება აქვს ნებისმიერი ქმედება ჩაიდინოს საოკუპაციო სტრუქტურის მიმართ. მაგრამ ხომ უნდა ვნახოთ რაღაცეები? არა, ეს მაინც ესე იქნება, მაგრამ კარგად მიდის[საქმე] და რატომ უნდა ისა ვქნათ? მარტივი ფორმულაა, კობა, რუსეთმა ჩვენ ომში ჩაგვითრია, რუსეთი სხვებმა ჩაითრიეს ომში და ვსიო.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთი საბოლოოდ იტყოდეს ”ვსიოს”, მანამდე საქართველოსაც და მის იმ პარტნიორებსაც, ვინც რუსეთს დიპლომატიური ომი გამოუცხადა, დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. ეს რომ ასეა, ამას არა მხოლოდ ახალგორში, ფოთსა და წალენჯიხაში განლაგებული უკანონო რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოწმობენ, არამედ ოჩამჩირის სანაპირო ზოლში რეიდზე მდგარი სამი რუსული სამხედრო გემი. ეს გემები შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ შემოვიდნენ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.