როგორ იმოქმედებს ევროკავშირი საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად

ევროკავშირის საბჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსახილველად საგანგებო შეხვედრას 1 სექტემბერს გამართავს.
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ამგვარ ინიციატივას პოლიტოლოგები უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არ ასრულებს პარიზის ჩარევით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მოთხოვნებს. რამდენად ერთიანი და კატეგორიული შეიძლება აღმოჩნდეს ევროპის მოქმედება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების წინააღმდეგ? რამ და როგორ შეიძლება შეაჩეროს რუსეთის აგრესია?

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაზეთ ”ფიგაროსთან” საუბრისას ჯერ კიდევ 17 აგვისტოს აცხადებდა, რომ ის იძულებული გახდებოდა, საგანგებოდ დაენიშნა ევროკავშირის საბჭოს სხდომა, თუკი რუსეთი 6-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა. იმავე ლოგიკის მიხედვით, რადგანაც ხსენებული სხდომა 1 სექტემბრისთვის უკვე დანიშნულია, პოლიტოლოგებისთვის ნათელი ხდება, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების მოთხოვნათა უგულებელყოფით რუსეთმა საფრანგეთის პრეზიდენტის გულისწყრომა გამოიწვია. პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსეთის ურჩ ქმედებებს საკუთარ გამოწვევადაც აღიქვამს. ამიტომ ის სამიტზე სულ ცოტა მკაცრ განცხადებებს მოელის.
არჩილ გეგეშიძე არ მოელის, რომ 1 სექტემბრის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს კონკრეტულ სადამსჯელო სანქციებს დაუწესებენ. და ამიტომ პოლიტოლოგს არ უკვირს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის განცხადება, რომელშიც ის გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. აქვე ვთქვათ, რომ, სააგენტო ”ფრანს პრესის ცნობით”, ბერნარ კუშნერმა მსგავსი შინაარსის განცხადება რადიო ”ფრანს ინტერთან” საუბრისას გააკეთა.
თუკი ევროკავშირი საბჭოს სამიტზე კონკრეტული სანქციებით არ დაუპირისპირდება რუსეთს, ეს მისთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იქნება - მიაჩნია პოლიტოლოგ დავით აფრასიძეს.
ევროკავშირის ხელთ არსებული შესაძლო სადამსჯელო სანქციების ჩამონათვალი, პოლიტოლოგების აზრით, საკმაოდ ვრცელია და ისინი ძირითადად ეკონომიკური და სამართლებრივი ხასიათისაა. ჩამონათვალი ცნობილია რუსეთისთვისაც, და როგორც არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, რუსეთის ელიტა ადრე თუ გვიან ზუსტად გაიაზრებს ევროკავშირის პოზიციებისთვის ანგარიშის გაწევის აუცილებლობას. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთსაც არანაკლებ სჭირდება ევროკავშირის ქვეყნების კეთილგანწყობა:
იმისთვის, რომ რუსეთმა ევროპას ანგარიში გაუწიოს, ევროპა ერთიანი და კატეგორიული უნდა იყოს. არჩილ გეგეშიძე შესაძლებლად მიიჩნევს ძველი და ახალი ევროპის თანდათანობით დაახლოებას, რათა ევროკავშირის ფარგლებში მიუახლოვდეს კონსენსუსს საკითხი რუსეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარების თაობაზე.