საქართველოს არმიის დანაკარგები ჯერაც დაუზუსტებელია

საქართველოს სამხედრო უწყება
ჯერჯერობით არ აქვეყნებს მონაცემებს ცხინვალთან საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს არმიის დანაკარგების შესახებ. იგულისხმება როგორც პირადი შემადგენლობის, ისე საბრძოლო ტექნიკის დანაკარგი. თუმცა, რადიო “თავისუფლება” მთელი კვირის მანძილზე აღნუსხავდა ქართულსა თუ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ ცალკეულ ცნობებს რუსეთის ჯარის მიერ განადგურებული თუ საქართველოდან გატანილი სამხედრო აღჭურვილობის შესახებ.

როგორც ირკვევა, 11-დან 20 აგვისტომდე რუსმა სამხედროებმა ნადავლის სახით ხელთ იგდეს 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის 65 ტანკი. 20 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, რუსეთის გენშტაბის ცნობით, ადგილზევე განადგურდა, 44 ტანკი კი ცხინვალისა და სოხუმის გავლით რუსეთის გზას გაუყენეს. რუსეთი უარყოფს ნაალაფევი ტექნიკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისათვის გადაცემის ფაქტს, თუმცა არ მალავს, რომ ნადავლის უკან დაბრუნებას არ აპირებს.

თუ გავითალისწინებთ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საქართველოს 240-მდე ტანკი ჰქონდა, განადგურებული ან გატაცებულია ყოველი მეოთხე ტანკი. მათ შორის, შესაძლოა, იყოს "ტ-72"-ის ტიპის ტანკებიც, რომლებსაც თავის დროზე ჩაუტარეს მოდერნიზება ისრაელის კომპანია “ელბიტ სისტემის” სპეციალისტებმა.

საქართველოს საბრძოლო დანაკარგების შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლობა. საინფორმაციო სააგენტო “ლენტას” ცნობით, რუსეთის არმიას ხელთ ჩაუვარდა, ასევე, ხუთი ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი სახელწოდებით “ოსა”, 15 ერთეული ქვეითთა ჯავშანმანქანა "ბმპ-2" და რამდენიმე ათეული 122-მილიმეტრიანი ჰაუბიცები და ჩეხეთის წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც, რუსეთის სარდლობის თქმით, ქართველმა სამხედროებმა ბრძოლის ველზე მიატოვეს.

რუსეთის სამხედრო სარდლობა არც იმას მალავს, რომ ნაალაფევის მნიშვნელოვანი ნაწილი გატანილია სწორედ ქართული სამხედრო ბაზებიდან. კერძოდ, გორიდან, სადაც თავმოყრილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ქვედანაყოფი – საარტილერიო, სატანკო და პირველი ქვეითი ბრიგადა - საბრძოლო მასალასთან ერთად, წაღებულია 15 ტანკი, რამდენიმე ერთეული ჯავშანმანქანა და საარტილერიო სისტემები. რუსმა სამხედროებმა რაც წაიღეს, ხომ წაიღეს, რაც არა - ადგილზე გაანადგურეს.

თუმცა, რუსმა ოკუპანტებმა არც სხვა ბაზებს დააკლეს "ყურადღება". ყველაზე დიდი ნადავლი მათ ფოთიდან და სენაკიდან გაიტანეს. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის საწყობებიდან რუსმა სამხედროებმა 1728 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი გაიტანეს, მათ შორის 764 ამერიკული "მ-4"-ის ტიპის შაშხანებია, 28 ტყვიამფრქვევი "მ-40" და ასევე რუსული წარმოების კალაშნიკოვის ავტომატი – 754 ერთეული.

რუსეთის ნადავლში აღმოჩნდა ამერიკული “ჰამერები” - შეჯავშნული მანქანები, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა სწავლების ჩასატარებლად ჩამოიყვანეს საქართველოში. სენაკში საავიაციო დაბომბვის შედეგად განადგურდა ქართული შეიარაღებული ძალების ორი საბრძოლო ვერტმფრენი, აფეთქებულია სამხედრო აეროდრომის საფრენი ბილიკი და რამდენიმე ანგარი.

დასავლეთისა და საქართველოს მედიის ცნობით, რუსეთის ჯარმა ნადავლი ფოთიდანაც გაზიდა. რუსმა სამხედროებმა ფოთში გაანადგურეს სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო პოტენციალი და სანაპირო დაცვის მართვის პუნქტი. აფეთქებულია სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი 15-მდე ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო "ამფიბიის" ტიპის ცხრა სწრაფმავალი კატარღა გატანილ იქნა აფხაზეთში. განადგურებულ იქნა, ასევე, ფოთის სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე მართვის ცენტრი, რომელიც ამერიკის მთავრობის დახმარებით ორი წლის წინ გაიხსნა.

თუ განადგურებულ სამხედრო აღჭურვილობას, აფეთქებულსა და გაძარცვულ სამხედრო ბაზებს ფულზე გადავითვლით, მარტო სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განადგურებით ქვეყანას რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. თანაც, თუ არ ამოქმედდა პირდაპირი სამხედრო დახმარების პროგრამები, საეჭვოა, ქვეყანამ უახლოეს მომავალში შეძლოს ყველა ამ ბაზის აღდგენა და საბრძოლო მარაგისა და ტექნიკის შევსება. კიდევ კარგა ხანი გავა, სანამ იარაღის ექსპორტიორი ქვეყნები კვლავ გახსნიან თავიანთ ბაზრებს საქართველოსათვის. მით უფრო, რომ რუსეთ-საქართველოს ომამდეც თითზე ჩამოსათვლელი იყო ის ქვეყნები, რომლებიც, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, იარაღს და აღჭურვილობას აწვდიდნენ საქართველოს - განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა.

რაც შეეხება ცოცხალი ძალის დანაკარაგს, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა, სამხედრო უწყება არც დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სამაგიეროდ, გასულ კვირაში, დაღუპულთა შესახებ ცნობები გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კომისიის ცნობით, სამდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ცხინვალთან დაღუპულია 133 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი. საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთა და დაშავებულთა რიცხვი კი 400-ს აჭარბებს.

ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს არმიის როგორც პირადი შემადგენლობის, ისე ტექნიკური და საბრძოლო დანაკარგების არასრული სიაა. არასრული და, ალბათ, არაზუსტიც, რადგან სათანადო სახელმწიფო უწყებებს, ვიმეორებ, ჯერ არ წარმოუდგენიათ ცნობა საბრძოლო დანაკაგრების შესახებ. რაკი საქართველოში საომარი მდგომარეობა 8 სექტემბრამდე გაგრძელდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ მონაცემებს მხოლოდ საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გამოაქვეყნებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო გაძლიერდება მითქმა-მოთქმა, რომ საქართველოს ხელისუფლება განზრახ ასაიდუმლოებს რუსეთთან ომში განცდილ სამხედრო-ტექნიკურ ზარალს და მალავს უთანასწორო ბრძოლებში მოკლული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ვინაობას.