დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები.რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საომარი მოქმედებები.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "შეტევები ხორციელდება საქართველოს იმ რეგიონებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას დიდი მანძილით არის დაშორებული. ეს კრიზისის სახიფათო ესკალაციაზე მიუთითებს. ძალადობა ხიფათს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, საფრთხე ემუქრება მშვიდობიან მოქალაქეებს."
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თქმით, [ჯორჯ ბუშის ხმა] "საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მისი ტერიტორიული მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს. ჩვენ გამოვთქვით მოწოდება ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერებისა და ყველა შეიარაღებული შენაერთის მიერ ბრძოლის შეწყვეტისკენ. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს დაბომბვა და ყველა მხარე დაუბრუნდეს 6 აგვისტოსთვის არსებულ სტატუს კვოს."
9 აგვისტოს, პეკინში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა იმაზეც ისაუბრა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს სამშვიდობო ძალისხმევას თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "შეერთებული შტატები თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ცდილობს, მიაღწიოს საერთაშორისო საშუამავლო მისიის ამოქმედებას, რათა მხარეებმა დიალოგი განაახლონ. რუსეთმა ამ ძალისხმევას მხარი უნდა დაუჭიროს - იმისთვის, რათა მშვიდობა რაც შეიძლება მალე აღდგეს."
შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად, რუსეთის მიმართ მკაცრ მოწოდებებს გამოთქვამენ თეთრი სახლის მესვეურის პოსტზე ჯორჯ ბუშის პოტენციური მემკვიდრეებიც. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი - რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინიც და დემოკრატი ბარაკ ობამაც, ხელიდან არ უშვებენ ლამის არც ერთ შესაძლებლობას, რომ საჯარო გამოსვლებში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული დაპირისპირების თემაზე არ ისაუბრონ.
[ბარაკ ობამას ხმა] "გადაჭრით ვგმობ საქართველოს სუვერენობის ხელყოფას. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და შეწყვიტოს ეს შეიარაღებული დაპირისპირება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს და ახლა - სტაბილურობის მისაღწევად - საჭიროა სხვადასხვა მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვა."
პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ ისიც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საომარი მოქმედები უმოკლეს ხანში შეწყდეს.
[ბარაკ ობამას ხმა] "აშკარაა, რომ საქართველომ ხელყო საქართველოს სუვერენობა, შებღალა საქართველოს სუვერენობა და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს საკითხი."
ახლა კი მოვუსმინოთ პრეზიდენტის პოსტისთვის ჭიდილში ბარაკ ობამას მეტოქის, რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ერთ განცხადებას.
[ჯონ მაკკეინის ხმა] “დაუყოვნებლივ უნდა მოვიწვიოთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოში უსაფრთხოების განსახილველად და იმ ზომების გადასასინჯად, რომელთა მიღებაც ნატოს შეუძლია ამ, ძალიან სახიფათო ვითარების სტაბილიზაციის ხელშესაწყობად”.
ანალოგიური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმაც. შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებაში რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული შეტევა “აგრესიის აქტად” არის მოხსენიებული.
“ახსნა-განმარტება, რომელსაც რუსეთი იძლევა, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი იცავს საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა, ხალხის დაცვის მოვალეობა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეკისრება იმ სახელმწიფოს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ამ სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტები ან არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. (...) ჩვენთვის მიუღებელი იყო მსგავსი სამხედრო ჩარევა მილოშევიჩის მხრიდან იმ საფუძვლით, რომ დაეცვათ სერბიის პასპორტის მფლობელები. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი აღნიშნულ დოქტრინას ნახევარი საუკუნის წინ, რათა საფრთხეში ჩაეგდო და შეტევა განეხორციელებინა ცენტრალური ევრპის ქვეყნებზე”, - ნათქვამია შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის პატივისცემის აუცილებლობა. განცხადება 9 აგვისტოს, გვიან საღამოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.
პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განცხადებით, საქართველოს ახალი სამშვიდობო ძალები ესაჭიროება. როგორც პრეზიდენტმა შაბათს პოლონეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, “საქართველოს გაეწევა ყველანაირი დახმარება, რაც კი შესაძლებელია”. შეკითხვას, იგულისხმება თუ არა სამხედრო დახმარებაც, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა აქვს საქართველოში პოლონეთის სამხედრო შენაერთების გაგზავნის გეგმა, მაგრამ “შესაძლებელია ყველანაირი სახის მხარდაჭერის გაწევა”.
ლეხ კაჩინსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ პოლონელ პატრიოტებს ისევე უნდა აღელვებდეთ საქართველოს ბედი, როგორც პოლონეთისა. “დღეს საქართველო, ხვალ - უკრაინა, და დავუბრუნდებით ვითარებას, რომელშიც ათწლეულების წინ ვიყავითო” - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.