საქართველოს მთავრობა საომარი მდგომარეობის პირობებში

საქართველო რუსეთის პირდაპირ სამხედრო აგრესიას, შეძლებისდაგვარად, სიმშვიდის შენარჩუნებით უმკლავდება.
ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე სახელისუფლებო სტრუქტურები მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდნენ.. კვირაში 7 დღის მანძილზე 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს საქართველოს მთავრობა. 9 აგვისტო საქართველოში უმძიმესი დღე იყო... საქართველოს მთავრობაში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, მოგვიანებით – პარლამენტის სხდომა ... საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაზე გამართა პრესკონფერენცია, საიდანაც მიმართა მსოფლიოს მოწოდებით, აღიმაღლოს ხმა იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს ..


ამ მძიმე დღეებში საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ აჰყვეს დეზინფორმაციას, რასაც რუსეთის საინფორმაციო მანქანა აქტიურად ავრცელებს, და არ ჩავარდეს პანიკაში.. მდგომარეობა ქვეყანაში მძიმეა, მაგრამ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს... როგორ ფასდებოდა დღის მანძილზე ეს ვითარება, რას განუმარტავდნენ მთავრობის წევრები პრეზიდენტს 9 აგვისტოს და, ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობას?


[ალექსანდრე ლომაიას ხმა] ” დღეს, დღის პირველ ნახევარში, ჩამოგდებულია რუსეთის კიდევ 4 ბომბდამშენი.ასე რომ, ჩამოგდებული ბომბდამშენების რაოდენობა გაიზარდა ათამდე. ”

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”92-93 წლებში მარტო ერთის ჩამოგდება მოახერხეს საქართველოს ძალებმა. ახლა უკვე ათია.”

ეს საუბარი შედგა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე უშიშროების საბჭოს მდივანს ალექსანდრე ლომაიასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის. სხდომა დღის პირველ ნახევარში გაიმართა – მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ გორზე რუსეთის სამხედრო იერიშისა და მისი უმძიმესი შედეგების შესახებ.. ეს იყო იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე... 9 აგვისტოსვე რუსეთის ბომდამშენებმა ჭურვები საქართველოს სხვადასხვა წერტილებში ჩამოყარეს. იერიში იყო განხორციელებული ცხინვალის რეგიონიდან შორს, ზემო აფხაზეთში... რუსეთის სამხედრო მანქანამ, შეიძლება ითქვას, სრულიად საქართველოს შემოუტია... საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მუდმივ კავშირში არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების პირველ პირებთან, მაგრამ, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საქართველო ელის რეალურ ზომებს საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რეალურ ზომებს იმ გაუგონარი ქმედებების შესაჩერებლად, რომელიც, ისევ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, არ არის მარტო საქართველოს გამოწვევა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი, ავადმყოფური იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი პოლიტიკოსების მიერ წინასწარ განზრახული ნაბიჯები და თავისუფლების მოყვარე ერის დამარცხება, თუ ამ ერის მიერ არჩეული ხელისუფლება ოდნავ მაინც ორგანიზებულია, – და ჩვენ საკმაოდ ორგანიზებული ვართ, – არის შეუძლებელი. ”

ეს არის ომი სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ და, იმავდროულად, ბრძოლა მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2005 წლის მაისში თბილისში, ”თავისუფლების მოედანზე”, ასე მიესალმა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ” თავისუფლების თესლი, რომელსაც თქვენ ქართულ მიწაში თესავთ, მთელ მსოფლიოში ღვივდება. მე აქ ჩამოვედი, რათა თქვენი გამბედაობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ამერიკელი ხალხი აფასებს თქვენს მეგობრობას და მოხიბლულია თქვენი სიმტკიცით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი . საქართველოს გაუმარჯოს!”


საქართველოს ხელისუფლებაც და საქართველოს მოსახლეობაც ერთიანია იმის განცდაში, რომ საქართველოსთვის ამის პატიება არ სურთ და დადგა დრო, როცა მსოფლიომ ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს...


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, დაიწყო უმთავრესი ბრძოლა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ბედი... საქართველოს მთავრობა საომარ მდგომარეობაში მუშაობს. იუსტიციის მინისტრის ნიკოლოზ გვარამიას განცხადებით:

[ნიკოლოზ გვარამიას ხმა] „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის აგრესია წარმატებით მოვიგერიოთ. ვგეგმავთ ფინანსების მობილიზებას, ადამიანების რესურსის მობილიზაციას. გამოცხადდა სრული მობილიზაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მიდის, ვინც მამრობითი სქესისაა. მიდიან ის ადამიანები, ვინც გაიარა სარეზერვო მომზადება. ”

9 აგვისტოს საღამოს საქართველოს პრეზიდენტი უკვე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა... ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირებების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, საქართველოს საზოგადოება ისეთი ერთიანია დღეს, როგორც არასდროს არ ყოფილა ბოლო წლების მანძილზე.