გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გერმანიის მიერ შემუშავებული წინადადებების განსახილველად

17-18 ივლისს საქართველოში - თბილისსა და სოხუმში - აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების სამეტაპიან გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. შეხვედრები მან ჯერ თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა - მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინე ტყეშელაშვილთან. საგარეო საქმეთა სამინისტროშივე გაიმართა გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი. 18 ივლისს შტაინმაიერი გერმანიის მიერ ინიცირებული წინადადებების განსახილველად სოხუმში ჩავა, შემდეგ კი გეზს მოსკოვისკენ აიღებს. რა მოლოდინები უკავშირდება აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში გერმანიის გააქტიურებას?

საქართველოში სტუმრობამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან... საქართველოში - თბილისსა და სოხუმში - შეხვედრების დასრულების შემდეგ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების სამეტაპიანი, გერმანიის მიერ ინიცირებული, გეგმის განსახილველად ის მოსკოვში ჩავა. ”თავად ის ფაქტი, რომ შტაინმაიერი საქართველოდან პირდაპირ რუსეთში გაემგზავრება, ხაზს უსვამს, რომ ეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისული ვითარება”, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ. მნიშვნელოვანი დეტალი: თბილისსა და სოხუმში აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გერმანიის ინიციატივების განხილვის დაწყებას მოსკოვმა საკუთარი ახალი წინადადება შეაგება - წინადადება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ურცხვი და ბარბაროსული უწოდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა:

[სერგეი ლავროვის ხმა] ” დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და დევნილების დაბრუნება, რაც არარეალურია. დევნილების დაბრუნებისთვის აუცილებელია ვითარების დაწყნარება, მხარეთა შორის ნდობის აღდგენა. ამის მერე შეიძლება ამ თემის განხილვა. დღეს მთავარია არ დავუშვათ კონფრონტაცია, არ დავუშვათ გაჩდნენ ახალი დევნილები. ამიტომ, ვფიქრობთ, პირველი რიგის ამოცანა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა, ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვა საკითხები.”

ეს იყო მოსკოვის პირდაპირი რეაქცია აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში დასავლელი შუამავლის აქტიურ ჩართვაზე. გერმანია არის გაეროს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარე და გამოდის აფხაზეთის პრობლემის სამეტაპიანი გეგმით, რომლის პირველი ეტაპიც სწორედ ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასა და აფხაზეთიდან დევნილების უკან დაბრუნების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს...აქვე ჩამოვთვლით შემდგომ ეტაპებს. ესენია: ერთობლივი ეკონომიკური, სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება და, ბოლოს, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა... ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 17 ივლისს თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ხაზგასმით თქვა, რომ გერმანია ცდილობს ხელი შეუწყოს რეგიონში კონფლიქტების ისეთ მოგვარებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული:

[ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა] ”"გერმანია დიდი ხანია ცდილობს ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ისეთ მოგვარებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე იქნება დამყარებული. როგორც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება და, სწორედ ამ ფუნქციის გათვალისწინებით, გვსურს სხვა მეგობრებთან ერთად წვლილი შევიტანოთ ვითარების განმუხტვაში."

ვითარების განმუხტვა, დიალოგის დაწყება, ნდობის აღდგენა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განმარტებებიდან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანებია.. დიალოგის პროცესში კი უნდა გადაწყდეს მთავარი საკითხები, დაწყებული დევნილების დაბრუნებით და დამთავრებული აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრით.
საქართველოს ხელისუფლებაში ხედავენ გარკვეულ თავსებადობას გერმანიის წინადადებებსა და საქართველოს სამშვიდობო გეგმას შორის... საგარეო საქმეთა მინისტრმა 17 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ აქვს დიდი იმედი იმის, რომ შემდგომ სამუშაო პროცესში მხარეები შეძლებენ შეთანხმებას აფხაზეთის პრობლემის ყოვლისმომცველ სამშვიდობო გეგმაზე. საქართველოს მხარე მიიჩნევს, რომ სამშვიდობო გეგმის მთავარი მიმართულება აფხაზეთში დევნილების უპირობო დაბრუნება უნდა იყოს, რისთვისაც უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის საერთაშორისო სამოქალაქო-საპოლიციო ოპერაციით ჩანაცვლებით უნდა შეიქმნას... რამდენად თავსებადია ეს მოთხოვნა გერმანიის სამფაზიან გეგმასთან? ამასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკვე საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ითქვა. მოვიყვან დავით გამყრელიძის განცხადებას: ” გერმანიის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეხვედრისას გაირკვა, რომ არც გერმანია და არც მეგობართა ჯგუფი მზად არ არიან რუსეთის სამშვიდობო ჯარის ჩასანაცვლებლად. ”

წინააღმდეგობრივი გარემოებები: დევნილთა დაბრუნებისთვის პირობების შექმნისთვის საჭიროა უსაფრთხოების რეალური გარანტიები, ამის მისაღწევად კი მოლაპარაკებების დაწყება. მოლაპარაკებების განახლებისთვის სოხუმი კატეგორიულად ითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და, ამასთან ერთად, ზემო აფხაზეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას.. საქართველოს ხელისუფლების მიერ მრავალგზის მიცემული განმარტება, რომ ზემო აფხაზეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები იცავს და იქ მოსკოვის შეთანხმების პირობები არ ირღვევა, დადასტურებულია გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მონიტორინგის შედეგად.. საქართველო ზემო აფხაზეთში ძველი სტატუს-კვოს აღდგენას არ აპირებს. ამას გარდა, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ამას წინათ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება უპასუხისმგებლობა იქნება მანამდე, სანამ კონფლიქტის ზონაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები დგანან. 18 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის სამეტაპიან გეგმას სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად გააცნობს..
დე ფაქტო ხელისუფლებისთვის გეგმა ცნობილია... სოხუმში თქვეს, რომ ის მიუღებელია, თუმცა გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან ინტერვიუ, სადაც ის მბობს, რომ სხვადასხვა საკითხების დახვეწისა და მათზე შეთანხმების პირობებში წინ წასვლა შესაძლებელია და ასეთ შემთხვევაში აფხაზეთი დევნილთა დაბრუნებას არ შეაფერხებს. აქამდე სოხუმში დევნილთა დაბრუნების ახალი ტალღის დაწყებას პრაქტიკულად გამორიცხავდნენ.. სავარაუდოა, რომ დევნილთა დაბრუნებამდე შესათანხმებელ საკითხებში შამბამ ის საკითხები იგულისხმა, რომლებზეც ლავროვმა საკუთარ განცხადებაში ისაუბრა... მოსკოვში მიაჩნიათ, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხის მიბმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაუშვებელია..

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]”მე მინდა ვთქვა, რომ დევნილები აფხაზეთში დაბრუნდებიან და ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. არ არის ეს გადასაწყვეტი მოსკოვში და ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ასეთ ბარბაროსულ გადაწყვეტილებაზე. ”

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი 17 ივლისს სერგეი ლავროვის გამოსვლას.. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი თბილისის შემდეგ სოხუმში, მოგვიანებით კი მოსკოვში ჩავა.