განსხვავებული მიზნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები კავკასიაში - რისთვის ემზადებიან, ერთი მხრივ, ქართველი, მეორე მხრივ, რუსეთის ჯარისკაცები

კავკასიაში - ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის სიახლოვეს, მეორე მხრივ, საქართველოში,

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე - ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ეს ორი პარალელური ღონისძიება ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა სამხედრო სწავლების მიზნები, ერთი შეხედვით, მსგავსია.. ვაზიანის სასწავლო ბაზაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ძალისხმევით დაწყებული სწავლება საქართველოსთვის სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში; რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაწყებული სამხედრო სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებაა, ოღონდ იმ ოპერაციებისთვის, რომელთა სხვა, ეფექტიანი, ოპერაციით ჩანაცვლებაც საქართველოს დაჟინებული მოთხოვნაა. რისთვის ემზადებიან საქართველოსა და რუსეთის ჯარისკაცები?


სამხედრო სწავლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხრეთის ფედერალურ ოლქში დაიწყო - მათ შორის, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა თუ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე. სწავლებაში, სახელწოდებით ” კავკასია 2008”, რუსეთის 8000 ჯარისკაცი მონაწილეობს. რუს სამხედროებს, ისევე როგორც ”კავკასია 2007” -ის ფარგლებში ჩატარებული წვრთნებისას, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რუსეთის ტერიტორიაზე, ტერორისტთა ჯგუფების გადასვლის მცდელობის აღკვეთაში ავარჯიშებენ. მაგრამ ეს სწავლების ერთადერთი მიზანი არ არის. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ტრადიციად ჩამოყალიბებული სამხედრო სწავლების მიზნები გაფართოვდა... ”კავკასია 2008”-ის ფარგლებში მიღებული გამოცდილება რუსმა სამხედროებმა მეზობელი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მშვიდობის იძულებით დამყარებისთვისაც უნდა გამოიყენონ, აღნიშნულ რეგიონებში ვითარების გამწვავების შემთხვევაში. სწავლებას ეს მიზანიც რომ აქვს, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა იგორ კონაშენკოვმა დაადასტურა:

სამხედრო სწავლება ”კავკასია 2008” საქართველოს ჩრდილოეთით 15 ივლისს დაიწყო და სწორედ ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღებული ძალების 5000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ. გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა. შეიარაღებული ძალების გაზრდის გეგმა მანამდე შემუშავდა, სანამ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, რუსეთის აქტიური ძალისხმევით, პროცესები გართულდებოდა. თუმცა გადაწყვეტილების მიღების წინ არაერთი განმარტება გაკეთდა იმის შესახებ, თუ რამდენად აუცილებელია საქართველო ზრუნავდეს მის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისთვის საჭირო ზომების გატარებაზე. საფრთხეები რომ დღითი დღე იზრდება, ამის დასადასტურებლად საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გაბაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში დაწყებული სამხედრო სწავლების მიზანიც დაასახელა: იძულებით დაამყაროს მშვიდობა მეზობელი სახელმწიფოს კონფლიქტურ რეგიონებში:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ”რატომღაც რუსეთმა გადაწყვიტა, რომ რეგიონში მშვიდობისკენ იძულება მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამისთვის არ სჭირდება არც საერთაშორისო თანამეგობრობის და არც გაეროს თანხმობა.”(სტილი დაცულია)

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს კონფლიქტების დიპლომატიური მეთოდებით გადასაწყვეტად, მაგრამ თან უნდა იყოს მზად მზარდი საფრთხეების მოსაგერიებლადო, - თქვა გიორგი გაბაშვილმა .

მაგრამ კონკრეტულად რისთვის მიმდინარეობს სამხედრო სწავლება საქართველოში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე? წვრთნაში, რომელსაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ერთობლივად ახორციელებენ, ქართველი და ამერიკელი ჯარისაცების გარდა, სომეხი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი სამხედროებიც მონაწილეობენ. სწავლება, რომელიც 31 ივლისს დასრულდება, მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებსა და მის მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას.. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საერთაშორისო სწავლება საქართველოს ჯარისკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში... ამ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ეფექტური არმია.. როგორც 15 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არმიის რიცხოვნების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ საქართველო გეგმავს გააფართოოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.