2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი, სულ მცირე, ორი წლით დალაგდა.
წესით, შემდეგი არჩევნები 2010 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. მანამდე კი ამჟამინდელ ხელისუფლებას დრო აქვს იმისთვის, რომ პროტესტული ელექტორატი შეამციროს ან გაზარდოს. რა შინაარსით შეავსებს ამ ორ წელიწადს პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოება?
ის–ის იყო, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, რომ პრესაში გამოქვეყნდა ვერსიები მომავალი არჩევნების შემოდგომაზე შესაძლო გადმოტანის შესახებ. ხელისუფლებას ვერც იმას დასწამებ, რომ არჩევნების თარიღების შეცვლას ერიდება და ვერც იმას დააბრალებ, რომ არჩევნების ჩატარების ეშინია. თუ შემოდგომაზე სერიოზულად დადგება საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადმოტანის შესახებ, ეს მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ნაციონალური მოძრაობა სახელისუფლო წრის ბოლომდე შეკვრას აპირებს.
საქმე ისაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს მომავალი ორი წლის განმავლობაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, მას გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი თბილისში ექნება, რადგან ხალხმრავალ აქციებზეც და საპრეზიდენტო არჩევნებზეც დადასტურდა, რომ საპროტესტო ელექტორატი დედაქალაქშია თავმოყრილი. მომავალ კონკურენტს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ექნება შანსი ნამდვილი ბრძოლა გაუმართოს მიხეილ სააკაშვილს. ახლა კი, ვიდრე ოპოზიცია ბოლომდე პარალიზებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ხელისუფლებისთვის, შესაძლოა, სასურველი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროზე ადრე ჩატარება და, გამარჯვების შემდეგ, ოთხწლიანი დასვენება.
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ჯერჯერობით შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ მომავალ არჩევნებამდე მაინც ორი წელიწადია დარჩენილი – განსაკუთრებით, რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე. როგორ მოიქცევა ამ ორ წელიწადში, ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ, ოპოზიცია და, თავის მხრივ, საზოგადოება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა.
ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად ბოლო ვადით აირჩია. ამ ფაქტორის გავლენით, საპარლამენტო არჩევნებში ახლად არჩეულ პრეზიდენტს ან უნდა დაემძიმებინა წნეხი საზოგადოებაზე (რათა ხანგრძლივი გარანტიები შეექმნა საკუთარი გუნდისთვის), ან უნდა შეემსუბუქებინა ზეწოლა (რათა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დემოკრატიული მართვის ტრადიციისთვის ჩაეყარა საფუძველი). საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველ გზას დაადგა – ბოლომდე გამოიყენა ყველა რესურსი და პარლამენტში მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიყვანა.
როგორ მოიქცევა ამის შემდეგ ოპოზიცია? ამის ამოცნობაც ძნელი არ არის. ოპოზიციამ, საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერის ფონზე, არ შეასრულა პროტესტული ამომრჩევლის ერთადერთი თხოვნა – არ გაერთიანდა. შესაბამისად, საკუთარი თავის წინააღმდეგ დაყოფილი ოპოზიცია თითქმის უბრძოლველად დანებდა. ამიტომ დაუსაბუთებლად ჟღერს იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ფიქრობენ, რომ არსებული პარტიები სამომავლოდ გაძლიერდებიან და თავიდან დაიბადებიან როგორც მრისხანე პოლიტიკური ძალა. გაცილებით ახლოს იქნება სიმართლესთან, თუ ვაღიარებთ, რომ დღეს პოლიტიკურ არენაზე არ ჩანს პარტია, რომელიც, თუნდაც ორი წლის შემდეგ, ღირსეულად წარმოადგენს პროტესტული ელექტორატის ინტერესებს და განვითარების ახალ გზას შესთავაზებს ქვეყანას.
იმ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც მეტისმეტად ძლიერია ხელისუფლება და მეტისმეტად სუსტია ოპოზიცია, საზოგადოებას ორი გზა რჩება: ან უნდა შეეგუოს არსებულ ვითარებას და თვითონაც ნელ–ნელა დაჩაჩანაკდეს, ან უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა და თავად ჩაუდგეს სათავეში ქვეყნის დემოკრატულ განვითარებას. ცხადია, საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილს მაშინვე მიაწერენ პოლიტიკურ ინტერესებს და პოლიტიკურ ანგარებასაც დასწამებენ. ეს ბანალური, მაგრამ ძლიერი სვლა იქნება მათ წინააღმდეგ. ისიც არავინ იცის, აღმოაჩნდება თუ არა ოპოზიციაზე მეტი რესურსი საზოგადოებას. ერთი კი ცხადია: ახლა, როცა არჩევნებში დამარცხებულმა პარტიებმა საზაფხულო არდადეგები მოიწყეს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ლამის ყოველდღე იკრიბება და მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში საკუთარ როლს აყალიბებს. დღეს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე სრულიად კონკრეტული გამოწვევაა: უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივმა ლიდერებმა პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აჯობონ ნდობის რეიტინგით. ეს ყველაზე გრძელი, მაგრამ ყველაზე სანდო გზა იქნება მომავალი არჩევნებისთვის საზოგადოების მოსამზადებლად და ერთპარტიულობის დასამარცხებლად.