ელენე თევდორაძე: “როგორც დაინახეს, ისე დაწერეს”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მეორე დღეს სამი ძირითადი საკითხი განიხილებოდა: დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა აზერბაიჯანში;
ქალთა როლის გაძლიერება თანამედროვე მულტიკულტურულ საზოგადოებაში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი გარდამავალ სტადიაში მყოფ ქვეყნებში. ამ ბოლო საკითხზე პარლამენტარებმა მოისმინეს ბანკის პრეზიდენტის, ჟან ლემიერის მოხსენება.
მოკლედ შევჩერდები ჟან ლემიერის გამოსვლის იმ ნაწილზე, რომელშიც საუბარი იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ კავკასიაში შარშან რეფორმების ტემპი საგრძნობლად შენელდა და რეგიონის სამი ქვეყნიდან მხოლოდ საქართველომ მიაღწია გარკვეულ წარმატებებს პრივატიზაციის პროცესის დასრულებისა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ტემპს, ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს, მაგრამ, როგორც ჟან ლემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს უწინარესად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება და ამ ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებად არ უნდა ჩაითვალოს. პირიქით, სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით გამოთქვა ევრობანკის პრეზიდენტმა ყველაზე კრიტიკული შენიშვნები. საერთოდ, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს არაერთი სხვა მწვავე შენიშვნის მოსმენა მოუხდათ – უწინარესად ესტონელი დეპუტატის, ანდრეს ჰერკელისგან, რომელმაც მოამზადა მოხსენება აზერბაიჯანში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
[ანდრეს ჰერკელის ხმა]: “ჩვენი შეშფოთება შეეხება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციას. სამწუხაროდ ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით აზრის გამოხატვის თავისუფლების მხრივ, თავისუფალი მედიისა და ჟურნალიზმის სფეროებში.”
ანდრეს ჰერკელის გამოსვლას დებატები მოჰყვა. კამათში აქტიურად ჩაებნენ სომხეთის წარმომადგენლები, რომლებსაც განსაკუთრებით არ მოეწონათ მოხსენების ის ნაწილი, სადაც აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. სომხეთის წარმომადგენლის, არმენ რუსტამიანის თქმით, არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დაკავშირება დემოკრატიის განვითარებასთან.
[არმენ რუსტამიანის ხმა]: “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ვერ გაამართლებს დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვას. დემოკრატია თვით ხალხისთვისაა, სულ ერთია, რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ასეთი ურთიერთდამოკიდებულების შექმნა ხელოვნურია, მას მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი შეიძლება ჰქონდეს.”
ბოლოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის მისამართით გამოთქმულია კონკრეტული რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარეობის გამოსწორებისა და 15 ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთ მომზადების მიზნით.
საშუალება მომეცა, გავსაუბრებოდი საქართველოს დელეგაციის წევრს ელენე თევდორაძეს, რომელსაც ვთხოვე, შეეფასებინა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მოხსენება საქართველოში 21 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ეს მოხსენება საპარლამენტო ასამბლეას ორშაბათს გააცნო უნგრელმა პარლამენტარმა მატიაშ იორშიმ; და მასზე წინა რეპორტაჟში დაწვრილებით ვისაუბრეთ. ელენე თევდორაძის შეფასება კი ასეთი იყო:
[ელენე თევდორაძის ხმა]: “მოხსენება არის ისეთი, როგორიც დაინახა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც აწარმოებდა დაკვირვებას არჩევნების დროს – როგორც დაინახეს, ისე დაწერეს. მე ნამდვილად წარმომიდგენია, რამდენად აღშფოთდება ოპოზიცია. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომხსენებლებმა, როცა ჩვენ შიდა მოსმენა გვქონდა კომიტეტში, აღნიშნეს, რომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციიდან ძალიან ბევრი ფაქტი იყო დასახელებული, მაგრამ არც ერთი არ იყო გამაგრებული დოკუმენტალურად და მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მოწოდება არაფერს არ ნიშნავს, თუ არ იქნება დოკუმენტი დადებული, რომელიც ამაგრებს იმ პრეტენზიებს, რომელიც არსებობს.”