განვლილი კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელახალი აღრიცხვის პროცესი დედაქალაქში დასრულებულია.
თბილისში მცხოვრებ ბენეფიციერებს სოციალური აგენტები 2 თვის განმავლობაში აღრიცხავდნენ. შედეგად, ბენეფიციერთა ბაზა მთლიანად განახლდა და საკმაოდ სოლიდურად გაიზარდა. დღეიდან უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისს კიდევ 60 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე მიიღებს.
სტატისტიკურად, 2008 წლის პირველ კვარტალში დაზღვევის სახეობებიდან ყველაზე მეტი სწორედ სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. დაზღვევის ამ სახეობაში 21,589 მილიონი ლარია მობილიზებული. ანაზღაურებული ზარალის მიხედვითაც სამედიცინო დაზღვევა პირველ ადგილზეა და თანხა 12,404 მილიონ ლარს შეადგენს. მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია იმ ტალღასთან შედარებით, რაც სადაზღვევო კომპანიებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროგრამის დაზღვევის ფარგლებში მიაწყდა. შედეგად, პოლისების უმეტესობა არარეალიზებული რჩება და სახელმწიფო პროგრამაც ნელ-ნელა ფიქციას ემსგავსება.
არადა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ოდენობა, კლების ნაცვლად, იმატებს, რასაც ქვეყნის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებიც უწყობს ხელს. მიმდინარე კვირას გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სამომხმარებლო ფასები მარტო 2008 წლის მარტში, 2007 წლის დეკემბერთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა. იანვარ-მარტში ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათზე ფასის მატებამ მოახდინა და სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 2,3%-ით გაზარდა.

მიმდინარე კვირას გაირკვა, რომ საყოველთაო გაძვირების ფონზე რაღაც, შესაძლოა, გაიაფდეს კიდეც. კერძოდ, კომპანია
`კოდა~ კვერცხის ფასის შემცირებას აპირებს. სავარაუდოდ, ფასი 10 თეთრით შემცირდება და ერთი კვერცხი 22-23 თეთრი ეღირება. ფასის შემცირება `კოდამ~ საქონლის გასაღების ხელშესაწყობად გადაწყვიტა. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, სავარაუდოდ, ფასს ისინიც შეამცირებენ, მაგრამ რამდენით და როდის, ჯერჯერობით უცნობია.
სამაგიეროდ, საბოლოოდ დადგინდა, რომ საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანიდან მოწვდილი ბუნებრივი აირის საფასური. საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის ფასი ქართული მხარის მოთხოვნითვე არ სახელდება, თუმცა ყველა წყარო აცხადებს, რომ ის 120 დოლარიდან მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად ათას კუბურ მეტრზე 200 დოლარს აჭარბებს.
ფასის ზრდის შემდეგ კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოსთვის გაზის მოწოდების მოცულობის მკვეთრად გაზრდას გეგმავს. კერძოდ, 2008 წლის ბოლომდე საქართველო 600 მლნ კუბურ მეტრ აირს მიიღებს: სექტემბრის ბოლომდე _ დღე-ღამეში 1,5 მილიონ კუბურ მეტრს, სექტემბერ-დეკემბერში კი _ დღიურად 7 მილიონს.

იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შესამცირებლად ჩაფიქრებული ახალი ჰესების მშენებლობის პროექტი კი თავისი გზით მიდის და ინვესტორების მოთხოვნების შესაბამისად იცვლება
ჯვარში, მდინარე ენგურზე, 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას კომპანია `ენერგო-პრო ჯორჯია~ აპირებს. თუმცა `ენერგო-პრო~ ითხოვს, მისი განაცხადი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების გვერდის ავლით განიხილონ.

ანალოგიურად მოიქცა კომპანია `თელასიც~, რომელსაც 3 ჰესისგან შემდგარი კასკადის აგება მდინარე ხრამზე სურს. "წყნარის", "სამშვილდის" და "არუხლოს" ჯამური დადგმული სიმძლავრე 125 მეგავატია. ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული 3 ჰესი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ჰესების ჩამონათვალიდან, რამდენიმე სხვა სადგურთან ერთად, საერთოდ ამოიღო. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ერთიანი წესი შეიძლება არ გავრცელდეს განაცხადზე, თუკი დაინტერესებული პირი უარს ამბობს ამაზე. ახალი ჰესების ენერგია არა მხოლოდ საქართველოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არამედ ექსპორტზეც უნდა გავიდეს.

ექსპორტის ნაწილში მიმდინარე კვირას საინტერესო სიახლე იყო: ბულგარეთის საარბიტრაჟო სასამართლომ ბულგარეთში ქართული სამარკო ნიშნებით ღვინოების წარმოება-რეალიზაცია აკრძალა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბულგარეთის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი ერთი წლის წინ შეიტანა, რათა ბულგარეთში კომპანია "ვლადიმერ დისტილერსისთვის" ქართული სამარკო ნიშნებით ღვინის წარმოება-რეალიზაცია შეეჩერებინათ.
ბულგარეთში წარმოებული ღვინოები, რომლებსაც ქართული სამარკო ნიშნები ჰქონდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში იყიდებოდა, შესაბამისი ლიცენზია კი ბულგარეთის საპატენტო სამსახურს ჰქონდა გაცემული. მარტო ბალტიისპირეთში წელიწადში ბულგარეთში ჩამოსხმული `ხვანჭკარის~, `ქინძმარაულის~, `ახაშენის~, `წინანდლისა~ და `მუკუზნის~ ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო იყიდებოდა.

მიმდინარე კვირას გაცხადდა, რომ ქართულ-ამერიკული კომპანიები `სონი-ცენტრი თბილისი~ და `ლაზერი-2 თბილისი~ პარტნიორებთან ერთად რუსთაველის #30-ში მდებარე შენობის შეძენის სურვილს გამოთქვამენ, რომელშიც ახლა იუსტიციის სამინისტროა განთავსებული. ისინი მზად არიან, შენობა გარდაქმნან ბიზნეს ცენტრად და სასტუმროდ და უძრავ ქონებაში 10 მილიონი დოლარი გადაიხადონ. მშენებლობის დაწყება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება შენობა და გაიცემა სამშენებლო ნებართვები. პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არსებული შენობის უკანა ნაწილს დაემატება 4 ახალი სართული. პროექტი, სავარაუდოდ, 2012 წელს დასრულდება და, შესაძლოა, უფრო ადრეც. კომპანიები აღნიშნავენ, რომ მომავალში 50-80 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ მინისა (შენობების ფასადებისათვის) და სხვა სამშენებლო მასალების - ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის -წარმოებაში, სადაც ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის სამუშაო ადგილები პრეზიდენტმა შექმნა სახელმწიფო საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოების აღდგენის შესახებ განკარგულებით. ეს საბჭოები უკვე ნელ-ნელა ივსება კიდეც. მაგალითად, უმრავლესობის ყოფილი წევრი მარინა მოლოდინი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნება. საპარლამენტო სიის მიღმა დარჩენილი დეპუტატებიდან 20-მდე უკვე დასაქმდა. პრეზიდენტი მათ დასაქმებას აპრილში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა.

დასაქმების ახალი ადგილი აქვს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია `მაგთიკომის~ გენერალურ დირექტორს დევიდ ლისაც, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.

ლი აქამდე პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. მისი აზრით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს სწრაფ ზრდას და ამერიკის სავაჭრო პალატამ უნდა შეინარჩუნოს ყველაზე დიდი და მძლავრი უცხოური ორგანიზაციის სტატუსი. მანამდე ამერიკის სავაჭრო პალატას `ნესტლე-საქართველოს~ დირექტორი ესბენ ემბორგი ხელმძღვანელობდა.
ჯერ დაუსაქმებელ საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს კი პრეზიდენტის საჩუქარზე ერთი ლარის გადახდის ვადა 8 ივნისს ეწურება.
ნინო ბურჯანაძისთვის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად - წყნეთის აგარაკის გადაცემის თაობაზე განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. არც თავად ბურჯანაძეს და არც მის გარემოცვას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, თუ ბურჯანაძე 1 ლარს გადაიხდის, პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საჩუქრად წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 4 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს მიიღებს.

ბურჯანაძეს ერთი ლარი ჯერ არ გადაუხდია. იგი 4 დღით ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა და თბილისში მხოლოდ დღეს ბრუნდება. ნაჩუქარი ლარიანი ქონების საკითხიც, სავარაუდოდ, ამ დღეებში გადაწყდება.