სოხუმში ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ჩავიდნენ.. როგორ ხსნის დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით ევროპული დიპლომატიის გააქტიურებას

ევროკავშირის 15 სახელმწიფოს ელჩები 30 მაისს სოხუმში ჩავიდნენ. ელჩები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2 დღეს დაყოფენ.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დიპლომატები ეწვევიან გაგრას, ბოლოს კი გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნობიან. საგულისხმოა: ევროკავშირის 15 ელჩის ვიზიტი აფხაზეთში წინ უძღვის იქ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჰავიერ სოლანას ჩასვლას.. ოფიციალური თბილისი სოხუმის მიმართულებით ევროპული დიპლომატიის ბოლოდროინდელ გააქტიურებას იმედით უყურებს, რუსეთის დაუფარავი ქმედებების წყალობით აფხაზეთში და მის გარეშო შექმნილ ახალ რეალობაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლას ითხოვს და ელის, რომ ევროპელი შუამავლები ფორმატის შეცვლის აუცილებლობას აუხსნიან სოხუმს და, იმავდროულად, მოსკოვს.. მაგრამ სოხუმში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისა და სოლანას სამომავლო ვიზიტის მიზნებზე თავშეკავებულად საუბრობენ.

ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგში არ მონაწილეობს. ამის ახსნით დაიწყო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჩვენთან საუბარი სოხუმში ევროკავშირის ელჩების ვიზიტზე.. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ევროკავშირის 15 ელჩთან ლაპარაკი სოხუმში ეკონომიკურ პროექტებსა და, ამას გარდა, ზოგადად აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას შეიძლება შეხებოდა.
ამ სიტუაციას კი ოფიციალური თბილისი ახალ რეალობად განიხილავს. შეგახსენებთ: აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავების პერიოდში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობის შესახებ მიიღო დოკუმენტი ჩანაწერით, რომ დევნილები არიან ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი.. ცოტა მოგვიანებით გაეროს სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ აპრილის ბოლოს საქართველოს, კერძოდ, გალის ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი მზვერავი თვითმფრინავი რუსეთის ავიაგამანადგურებლის მიერ იქნა ჩამოგდებილი.. ეს ყველაფერი არის ახალი რეალობა, რომელშიც რუსეთი წარმოჩენილია მხარედ და თბილისში მიაჩნიათ, რომ ახალ რეალობას ახალი მიდგომები სჭირდება, პირველ რიგში კი, საჭიროა აფხაზეთში სამშვიდობო ფორმატის შეცვლა. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ფორმატის შეცვლის აუცილებლობაში სოხუმის დარწმუნება, მისი დათანხმება განაახლოს თბილისთან მოლაპარაკება, სხვათა შორის, მოლაპარაკება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მექანიზმზე? საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია იმედებს დიპლომატიაზე ამყარებს:

[კახა ლომაიას ხმა] ”დიპლომატიის ყველა რესურსი უნად იქნეს ამისთვის გამოყნებული. მომავალ კვირას სოლანა ჩამოდის, რომელიც შეხვდება სეპარატისტთა წარმომადგენლებსაც და შეეცდება მათ დარწმუნებას. როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ჩვენ ვიცით, რომ სეპარატისტები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. ევროპელებს დასჭირდებათ მოსკოვის დარწმუნებაც.. ”

ასე ფიქრობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ სოხუმის რამეში დასარწმუნებლად თბილისს შუამავლად არც ბრიუსელი გამოადგება, არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ვკითხეთ, როგორ უყურებს რუსეთის სამშვიდობო ძალების ქართულ-აფხაზური საპოლიციო კომპონენტით ჩანაცვლების სქემას, რომელსაც ოფიციალური თბილისი ამუშავებს.
”მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.. მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში კი არ ვაპირებთ მეორეხარისხოვან საკითხებზე ლაპარაკს”, -გვითხრა მან.

მოლაპარაკებათა პროცესის განახლებისთვის სოხუმი ჯიუტად ითხოვს ზემო აფხაზეთის დემილიტარიზაციას.. უწინდებურად ირწმუნება, რომ ზემო აფხაზეთში საქართველო არღვევს მოსკოვის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. ეს რომ ასე არ არის, ამის დასასაბუთებლად თბილისს გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მონიტორინგის დასკვნები მოჰყავს.. საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონტრპრეტენზია. ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის შეთანხმების ვალდებულების უგულებელყოფაში ის, ერთდროულად, სოხუმს და მოსკოვს ადანაშაულებს. სანკტ-პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილის და დმიტრი მედვედევის შეხვედრის წინ რუსეთის ახალ პრეზიდენტს თბილისი უყენებს მოთხოვნებს: აფხაზეთის ტერიტორიიდან გაიყვანოს იქ სამშვიდობო ძალების საფარქვეშ მობილიზებული დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა და გადახედოს აფხაზეთთან მიმართებით პუტინის 16 აპრილის გადაწყვევტილებას. ამ მოთხოვნების მიმართ დამოკიდებულება რომ უნდა გახდეს ნიშანი იმისა, მოსკოვი შეინარჩუნებს თუ არა რეგიონში მომრიგებლის, შუამავლის ფუნქციას, ამის შესახებ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ 29 მაისს საღამოს განაცხადა.. მოგვიანებით ის დაესწრო თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის იური ზუბკოვის შეხვედრას და შეხვედრის შემდეგ გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ რუსი კოლეგისგან ვერაფერი ახალი ვერ მოისმინა - ვერ მოისმინა, როგორ ხედავს რუსეთის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსვლის გზებს.. ზუბკოვი თბილისში პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგის დეტალების დასადგენად ჩამოვიდა... მიხეილ სააკაშვილისა და დმიტრი მედვედევის შეხვედრას დიდი ინტერესით ელიან სოხუმშიც.. რადიო ”თავისუფლებამ” 30 მაისს სერგეი შამბას ჰკითხა, რამდენად მოსალოდნელია მედვედევი დათანხმდეს გადახედოს წინამორბედის, ვლადიმირ პუტინის, გადაწყვეტილებებს. პასუხი ასეთი იყო:

[სერგეი შამბას ხმა] ”ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ მოლაპარაკება, დიალოგი ჩვენთან არის აუცილებელი და არა რუსეთთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენთან დალაპარაკების გარეშე არაფერი გამოვა, ჩვენ კი დიალოგის განახლებისთვის ვითხოვთ საქართველომ შეასრულოს ადრე აღებული ვალდებულებები. ეს არის ჩვენი მთავარი პირობა. ამას გარდა, არსებობს ჩვენი მიმართვა, რომელსაც ”მომავლის ხედვა” დავარქვით. მასში ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგვიდგენია კონფლიქტის მოწესრიგება და როგორ ვხედავთ საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობას. ამ პოზიციის გადახედვას არ ვაპირებთ. მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელში... სადაც უნდათ, იქ წავიდნენ - ამით არაფერი გამოვა . აი, პირდაპირი დიალოგის გზით კი ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეგვიძლია. ჩვენ, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხი გვაწუხებს. დანარჩენზე, იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ურთეირთობა მომავალში, უნდა ვილაპარაკოთ. თუმცა საქართველოში დაბრუნების საკითხის განხილვას არ ვაპირებთ. ”

ევროკავშირის ელჩების სოხუმში ვიზიტი გრძელდება.. მართალია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის მიზნებზე საუბრისას ეკონომიკური პროექტები ახსენა, ერთ-ერთი რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ევროპელ დიპლომატებთან აფხაზეთის პრობლემის მიმართ დასავლეთის არასწორ მიდგომებეზე უნდა ესაუბრა - იმაზე, რომ მეგობართა ჯგუფის წევრები, უმეტესწილად, საქართველოს ინტერესებიდან ამოდიან და არაფრით არ უნდათ აღიარონ აფხაზთა უფლებები.