ლიბანში კრიზისი ქუჩის შეტაკებებში გადაიზარდა

ბეირუთის მცხოვრებნი დღეს დილით სროლისა და აფეთქებების ხმამ გააღვიძა. დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ მთავრობასა და "ჰისბოლას" ხელმძღვანელობით მოქმედ შიიტურ ოპოზიციას შორის
არსებულმა მწვავე დაპირისპირებამ ლიბანის დედაქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. ბევრი შიშობს, რომ ქვეყანა ისევ სამოქალაქო ომის პირასაა.

[სროლის ხმა]

ოთხშაბათს დაწყებული შეტაკებები გამოიწვია მთავრობის განცხადებამ, რომ "ჰისბოლას" კერძო სატელეფონო ქსელსა და ბეირუთის აეროპორტში დაყენებულ კამერების სისტემას დახურვას უპირებდა. სატელეფონო ქსელიც და კამერების სისტემაც ახლახან აღმოაჩინეს.

ჰისბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ, რომელიც სირიისა და ირანის მხარდაჭერით მოქმედებს, ამ ნაბიჯს მთავრობის მხრიდან ”ომის გამოცხადება” უწოდა. ნასრალას აზრით, მთავრობას არა პრემიერ-მინისტრი ფუად სინიორა, არამედ სირიის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ლიდერი ვალიდ ჯამბლატი უდგას სათავეში:

[ნასრალას ხმა] ”ეს გადაწყვეტილება, უწინარესად, ომის გამოცხადება და დაწყებაა - არა ომის სურვილი, არამედ მისი გამოცხადება - ვალიდ ჯამბლატის მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობისა და მისი შეიარაღებისთვის. ეს ამერიკისა და ისრაელის სასარგებლოდ და მათი სახელით კეთდება.”

უკანასკნელი ცნობების თანახმად, ჰისბოლას მებრძოლები ბეირუთის დასავლეთით მდებარე რამდენიმე დიდ უბანს აკონტროლებენ. მათ დახურეს მთავრობის მომხრე ტელევიზია და ცეცხლი წაუკიდეს ერთ-ერთი მთავარი გაზეთის რედაქციას.

არეულობის გამო დაკეტილია ბეირუთის აეროპორტი. შეტაკებებს ამ დრომდე, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.

დღევანდელი ბეირუთი ქვეყანაში 70-იან და 80-იან წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის სურათებს მოგაგონებთ. ლიბანის დედაქალაქის ქუჩებში ბევრი შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დადის, დამტვრეული მანქანებისა და დამწვარი სახლების ფონზე.

ვრცელდება ცნობები, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საად ჰარირი თავის რეზიდენციას აფარებდა თავს, როდესაც სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაკეტებით შეტევა განხორციელდა.

როგორც იუწყებიან, ჰარირის მოკავშირე ვალიდ ჯამბლატიც საკუთარ სახლს აფარებს თავს.

პრემიერ-მინისტრი ფუად სინიორა კი ბეირუთის ცენტრში, თავის ოფისში, განაგრძობს მუშაობას.

ხუთშაბათს გვიან საღამოს - ჰასან ნასრალას გამოსვლის შემდეგ - ჰარირი შეტაკების დამთავრების წინადადებით გამოვიდა. მან "ჰისბოლას" სატელეფონო ქსელის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ”გაუგებრობა” უწოდა და ახალი პრეზიდენტის არჩევის მოწოდება გამოთქვა. ჰარირიმ, რომელიც სუნიტია, ნასრალას მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა:

[ჰარირის ხმა] ”მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ გადავინაცვლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეროვნულ დიალოგს გენერალი მიშელ სულეიმანი უხელმძღვანელებს, რომელიც ახლო მომავალში პრეზიდენტად უნდა აირჩიონ. ჰასან ნასრალამ ნდობა გამოუცხადა მის ნეიტრალობას, პატრიოტიზმს და შესაძლებლობას, იყოს შუამავალი ყველა საკამათო საკითხის გარჩევის პროცესში.”

მაგრამ "ჰისბოლას" სატელევიზიო სადგურის, "ალ-მანარის", განცხადებით, ნასრალამ ჰარირის წინადადება არ მიიღო.

წარსულში "ჰისბოლამ" უკვე უარყო პრეზიდენტის არჩევის შესახებ მოწოდებები - მანამ, სანამ ახალი კაბინეტის ფორმირებასა და ახალ საარჩევნო კანონზე არ იქნებოდა შეთანხმება. ამით შიიტებს წარმომადგენლობის გაზრდის საშუალება მიეცემოდათ.

საუდის არაბეთი, რომელიც ლიბანის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, ლიბანის კრიზისის ირგვლივ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სასწრაფო შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის.

გაერო ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატები კი "ჰისბოლას" აფრთხილებს, შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები.

ამ დრომდე ლიბანის არმია არ ჩარეულა ქუჩებში მიმდინარე შეტაკებებში. მთავარი შეკითხვა, რომელიც ახლა ყველას აწუხებს, სწორედ არმიის გეგმებს უკავშირდება. თუ ბრძოლაში ჯარიც ჩაერთო, კონფლიქტის მასშტაბები გაღრმავდება - ამით კი ქვეყანაში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის გაჩაღების საფრთხე გაჩნდება.