რამდენად ახლოს არის საქართველო ომთან?

”ჩვენ რუსებს კარგად ვიცნობთ და ვიცით რისი სიგნალია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე მთელი პროპაგანდა, ვხედავთ როგორ შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე
რუსეთის შეიარაღებული ძალები ყალბი ინფორმაციის საფუძველზე... და ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ომთან ძალიან ახლოსაა. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ომის თავიდან აცილება გვმართებს”, - სააგენტო ”რეიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ასე დაახასიათა აფხაზეთში ბოლო ხანს შექმნილი ვითარება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. ის შეხვედრებს ევროპაში მართავს ... შეხვედრების მიზანი კი, ცხადია, არის მოწოდება ევროპელებისთვის უფრო აქტიური წვლილი შეიტანონ საქართველო- რუსეთის დაპირისპირების განმუხტვაში. მაგრამ ჯერ არ ჩანს არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი აპირებს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს ამბოხებულ რეგიონებთან მიმართებით.. აფხაზეთში და აფხაზეთის გარშემო ვითარება უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებს.

სოხუმში არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო ვითარება გამოაცხადა.. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამბობს, რომ სიტუაცია აფხაზეთში მშვიდია.. თუმცა აფხაზეთის ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები მოსახლეობას განუმარტავენ, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ქმედებები, მეორე მხრივ კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაძლიერება რეგიონში ახალი დაპირისპირების რეალურ საშიშროებას ქმნის... რადიო ”თავისუფლებისთვის” სამშაბათს მიცემულ ინტერვიუში შამბამ კატეგორიულად უარყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხალისეთა შეიარაღებული ფორმირებების გამოჩენა... შამბა ირწმუნება, რომ, გარდა რუსეთის სამშვიდობო ძალების დამატებითი კონტინგენტისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გამოჩენილან შეიარაღებული დაჯგუფებები ..აფხაზეთის ტელევიზიამ კი გაავრცელა ყაბარდოელ და კაზაკ კონფედერანტებთან დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის შეხვედრის კადრები. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრის მიზეზი სტრატეგიულ საგუშაგოებზე სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებსა და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებს შორის დაპირისპირება გახდა...რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს მსგავსი დაპირისპირების შესახებ.
ამავე დროს, განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალები გაიზარდა კვოტით განსაზღვრული 3000 კაცის ფარგლებში, მხოლოდ 2500-მდე... კონტინგენტის გაზრდა ცალმხრივი ნებით, თუნდაც კვოტის ფარგლებში, არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და, იმავდრულად, საწინააღმდეგოა მოსკოვის შეთანხმებისა, რომელიც ამბობს, რომ უსაფრთხოების ზონის გარეთ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მხარესთან, - ასე მიაჩნიათ თბილისში. სოხუმში კი არ ფიქრობენ, რომ რუსეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით რაიმე შეთანხმება დაარღვია... იქ სამშაბათს ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთში და აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად მიტინგი ჩატარდა ... დე ფაქტო ხელისუფლების მთელი იმედები იმ ქმედებებს ემყარება, რომელთაგან თავის შეკავებასაც რუსეთს დასავლეთი აქტიურად მოუწოდებს... დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებისგან სურს უფრო მეტი: თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, მანამდე კი - მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.. სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი მზადაა რუსეთს გადასცეს საკუთარი ტერიტორია მასზე სამხედრო კონტროლის განსახორციელებლად, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ”ლაპარაკი არ არის რუსეთისთვის ტერიტორიის გადაცემაზე”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.. ” ეს, მართლაც, ასეა”, - ამბობს ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით შამბა და განმარტავს, რომ გავრცელებული ცნობა მისი განცხადებიდან გამომდინარეობდა, მისი განცხადება კი არასწორად იქნა გაგებული:

[სერგეი შამბას ხმა] ” კონტროლზე ლაპარაკი არ არის. აფხაზეთთან თანამშრომლობის შესახებ რუსეთის ახალი პოლიტიკა ქმნის პირობებს სამხედრო თანამშრომლობის განვითარებისთვისაც.. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება არ გამორიცხავს ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებითაც. მით უფრო ღიად ვლაპარაკობთ, რომ სამაგალითოდ შეიძლება ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები და ტაივანი.. მათ შორის ეკონომიკური და კუტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გარდა, არსებობს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ”

შამბას იდეით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ლაპარაკი შეიძლება იყოს თავდაცვის საერთო სისტემაზე და, შეთანხმების შემთხვევაში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მხარს დაუჭერს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებას. ”თუ საქართველო ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას, თუ მისთვის მნიშვნელოვანია ნატომ დაიცვას მისი უსაფრთხოება, ჩვენ არჩევანს რუსეთზე ვაკეთებთ”,- ასეთია შამბას ლოგიკა. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მასაც და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც - მათ შორის, დე ფაქტო ვიცე-პრემიერს ლეონიდ ლაკერბაიას - მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყო სტატუსი:

[ლეონიდ ლაკერბაიას ხმა] ”აქ როცა ომი დაიწყო, ფედერალიზმის იდეას დავუჭირეთ მხარი, გვითხრეს, რომ საქართველო მხოლოდ უნიტარული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. შემდეგ იყო ლაპარაკი სამოკავშირეო მოდელზე, არაფერი... მოლაპარაკება ყოველ ჯერზე იშლებოდა და 1999 წელს ჩავატარეთ რეფერენდუმი. დამოუკიდებლობას დავუჭირეთ მხარი. ამ გზიდან გადახვევას არც ვაპირებთ.. ჩვენი ეს გადაწყვეტილება საბაზისოა მოლაპარაკებებისთვის.”

სოხუმში ასევე გამორიცხავენ დევნილების დაბრუნებას სხვაგან, გარდა გალის რაიონისა. ”დევნილების დაბრუნების მეორე ეტაპის დადგომა ახლო მომავალში არარეალურია და არც არავინ იცი, როდის დადგება ის”, განაცხადა შამბამ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში... საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა კი, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, სააგენტო ”რეიტერს” უთხრა, რომ სიტუაცია უკვე ახლოსაა ომთან და საქართველოს ამ ეტაპზე ომის თავიდან აცილება მართებს...