ტელეკომპანია ”იმედი” საცდელი მაუწყებლობით უკვე ეთერშია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია” იმედი” უკვე ეთერშია, ოღონდ - საცდელი მაუწყებლობით. ტელეკომპანია ივნისის შუარიცხვებამდე ეთერს მხატვრული ფილმებით,
სერიალებით და ტექნიკურად იოლად მოსამზადებელი გადაცემებით შეავსებს. ”იმედი” ივნისის შუარიცხვებამდე საინფორმაციო გადაცემების გარეშე იმაუწყებლებს. რა ხდება ტელეკომპანიაში, რა პირობებში და რა პრობლემებით დაბრუნდა ”იმედი” ეთერში ან როგორია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გეგმები?


მხატვრული ფილმები, სერიალები - ჯერჯერობით ეს არის ის, რასაც ”იმედის” არხზე ” იმედის” მაყურებელი იხილავს. დილის პროგრამებით, ასევე საინფორმაციო გადაცემებით ”ტელეიმედის” პროგრამათა ბადე, დაახლოებით, თვე-ნახევრის შემდეგ შეივსება. ასე რომ, ტელეკომპანია წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში ვერ ჩაერთვება. ამის მიზეზი, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ბიძინა ბარათაშვილის განმარტაბით, არ არის პოლიტიკა. მიზეზი, მისივე თქმით, ტექნიკური პრობლემებია, ანუ ზარალი, რომელიც ”ტელეიმედს ”გასული წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების შედეგად მიადგა. ზარალში იგულისხმება მატერიალურ-ტექნიკური ზარალიც და კადრების პრობლემაც.

ეთერში არყოფნა ტელეკომპანიისთვის ნიშნავს ვალის დაგროვებას. ”ტელეიმედის” ვალმა, აპრილის ჩათვლით, 2 მილიონ 300000 დოლარს გადააჭარბა. ცალკე საკითხია გასული წლის ნოემბრის მოვლენების შედეგად მიღებული ტექნიკური ზარალი. ბიძინა ბარათაშვილის თქმით, ზარალი დათვლილია და მილიონ 200000 დოლარს აღწევს. ნორმალური მუშაობისთვის ”იმედს” ამ საფასურის ტექნიკა აქვს აღსადგენი. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიას სთხოვს, კერძოდ, ჯი-პი-აი ჰოლდინგს. მაგრამ კომპანია ზარალის ანაზღაურებას აჭიანურებს, საბაბად კი იდებს იმას, რომ ”ტელეიმედთან” გაფორმებულ კონტრაქტში თავის დროზე არ ჩაწერილა რაიმე დათქმა იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა სადაზღვევო კომპანია იმ ტიპის პრობლემასთან დაკავშირებით, როგორიც ”ტელეიმედში” გასული წლის ნოემბერში შეიქმნა. როგორც ცნობილია, თავის დროზე ”იმედის” ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოს მოსთხოვდნენ. ამ მიმართულებით იმუშავეს კიდეც იურისტებმა, მაგრამ დღეს ბიძინა ბარათაშვილი ამბობს , რომ მისთვის, როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისთვის, მთავარია ზარალის ანაზღაურება და არა ის, რომელი მხარე აანაზღაურებს მას:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ” ჩემთვის მთავარია მივიღო ეს ანაზღაურება და მოვიდეს ტექნიკა. საიდან მივიღებთ ამ ანაზღაურებას, სახელმწიფოსგან თუ სადაზღვევო კომპანიისგან, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ. ”

როცა სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს ზარალის ანაზღაურებაზე, გაუგებარია, ტელეკომპანია რისთვის უხდიდა მას ფულს. ”ტელეიმედის” გენერალური დირექტორი ამ ლოგიკას მიჰყვება და სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, დავას სახელმწიფოსთან, ბარათაშვილი განმარტავს , რომ ამ მიმართულებით თავის დროზე ამერიკული მხარე ”ნიუს კორპორეიშენი” მუშაობდა, მოლაპარაკებებს მისი წარმომადგენლები აწარმოებდნენ და, ” იმედიდან” ”ნიუს კორპის” წასვლის შემდეგ, დღეს გაურკვეველია ვინ შეიძლება გააგრძელოს საქმე, ვინ ვის უნდა ელაპარაკოს და ასე შემდეგ...

საინტერესოა, როგორ დასრულდება დავა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით... ცალკეა აღსანიშნავი დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ”ტელეიმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯოზეფ ქეის შორის. როგორც ცნობილია, პატარკაციშვილის ოჯახი მას თაღლითობასა და ”ტელეიმედის” მფლობელობის მითვისებაში ადანაშაულებს. ჯოზეფ ქეი, როგორც ტელეკომპანიის სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარე, უფლებამოსილია დანიშნოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ჩაერიოს საკადრო საქმეებში.. ”იმედის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს ის ინტენსიურად მართავს. ბიძინა ბარათაშვილი განმარტავს, რომ ჯოზეფ ქეის არა აქვს პოლიტიკური ინტერესები, ”იმედს” უყურებს როგორც ტელებიზნესს და აპირებს მაქსიმალურად იზრუნოს იმისთვის, რომ ეს ბიზნესი გახადოს მომგებიანი. ბიძინა ბარათაშვილის თქმით, ჯოზეფ ქეი აცნობიერებს, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ტელეკომპანიის შენახვა მის მომგებიან კომპანიად გადაქცევამდე:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”მას ბევრი ბიზნესინტერესი აქვს არა მარტო აქ, ძირითადად - უცხოეთში. საიდან მოიზიდავს წყაროს, ეს მისის გადასაწყვეტია. ის აცხადებს, რომ ამას გააკეთებს. მას არა აქვს პოლიტიკური ინტერესები, მისი ინტერესია ტელეკომპანია გახადოს მომგებიანი. ”

ამისთვის, ”ტელეიმედის” გენერალური დირექტორის თქმით, სერიოზული ცვლილებებია გასატარებელი. რეორგანიზაციის პერიოდი ზაფხულში დადგება, რათა ახალ სატელევიზიო სეზონს ტელეკომპანია მომზადებული შეხვდეს... სექტემბრიდან არხზე უნდა განახლდეს პოლიტიკური ტოქ-შოუც... ”იმედის” გენერალური დირექტორი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ”იმედის” საინფორმაციო გადაცემებიც და ტოქ-შოუებიც იქნება ობიექტური და დაბალანსებული.