კვირის მოვლენების მიმოხილვა

გასული კვირის პირველივე დღემ
საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. გასულ ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარი თქვა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრობაზე და, საერთოდ, არჩევნებში მონაწილეობაზე... ამავე დღეს საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, მისი ჩამოგდება კი რუსულმა ავიაგამანადგურებელმა განახორციელა... ეს ორი ფაქტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გასულ კვირაში.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის” - ამ სახელწოდებით მიიღებს მმართველი ძალა მონაწილეობას 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. საარჩევნო სიის პირველი ნომერი, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ნაცვლად, დავით ბაქრაძე იქნება... და იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი პარტია მომავალ პარლამენტში მიიღებს უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბურჯანაძე სწორედ დავით ბაქრაძით შეიცვლება... ბურჯანაძის მიერ გასული კვირის დასაწყისში გაკეთებულმა განცხადებამ ბაქრაძეს შეერთებულ შტატებში ჩაუსწრო, სადაც ის, საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა. მინისტრი ოკეანის გაღმა პრეზიდენტმა მიავლინა, რათა მეგობარი ამერიკელებისთვის უშუალოდ მას აეხსნა საქართველოს პრეტენზიები იმ ქვეყნის მიმართ, რომლის პრეზიდენტმაც საკუთარ მთავრობას საქართველოს ამბოხებული რეგიონების დე ფაქტო სახელისუფლებო ორგანოებთან ოფიციალური კავშირების დამყარება დაავალა. შეერთებულ შტატებში შეხვედრები გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. თბილისში კი მოხდა ის, რამაც დავით ბაქრაძის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, გეგმაში რადიკალური ცვლილება შეიტანა.. მან შეერთებულ შტატებში შეიტყო, რომ პარტიის ერთიანი სიის პირველი ნომრის ჩანაცვლება მოუწევდა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. მინდა მჯეროდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა წავა სწორი გზით და ჩვენი საზოგადოება დაამკვიდრებს ახალ ღირებულებებს, ძველი და მისაღები ღირებულებების განადგურების გარეშე.. ”

”მჯერა, საზოგადოება დაამკვიდრებს ახალ ღირებულებებს, ძველი და მისაღები ღირებულებების ნგრევის გარეშე” - თქვა ნინო ბურჯანაძემ.. გასული კვირის ორშაბათის შემდეგ დამატებით მას აღარ განუმარტავს თავისი გადაწყვეტილება.. ამ საკითხზე მას შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს არც რომელიმე ტელევიზიისთვის მიუცია ინტერვიუ და არც პრესის წარმომადგენლებისთვის. ორშაბათს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ითქვა, რომ ხელისუფლების მეორე პირი არ აპირებს ოპოზიციაში გადასვლას და ძირითად საკითხებში რჩება პრეზიდენტ სააკაშვილის თანამოაზრედ.. მაშ, სად იყო უთანხმოება?..

უთანხმოების ნიშნები კარგა ხანია იკვეთებოდა, მაგალითად, გასულ წელს, მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო გადაადგილებების დროს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ამას მე ნამდვილად ვერ ჩავთვლი მისაღებად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს ჩართული სერიოზულად და დეტალურად იმ კონსულტაციებში, რომელიც მიმდინარეობდა ასეთ სერიოზულ საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. ”(სტილი დაცულია)

მაშინდელი საკადრო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროსაც შეეხო. ამ დროს ვაკანტური იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა და, გავრცელებული ინფორმაციით, ის ფინანსთა ყოფილ მინისტრს ლექსო-ალექსიშვილს უნდა დაეკავებინა.. დასამალი არავისთვის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა პრეტენზია სწორედ მის კადრს დაეკავებინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყების პრეზიდენტის პოსტი. ნინო ბურჯანაძეს მაშინ ანგარიში გაუწიეს ისე, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა დღემდე ვაკანტური რჩება... უფრო ადრე შესამჩნევი იყო უთანხმოება კონტროლის პალატის თვმჯდომარის დამტკიცებისას.


გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნინო ბურჯანაძეს მეორედ მოუხდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მას მოუწია პასუხისმგებლობა იანვრის ვადამდელ საპრეზიდენო არჩევნებზე, მოგვიანებით კი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში, მასზე გადავიდა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგის წარმოების ტვირთი. ნინო ბურჯანაძე გახდა ოპოზიციის მთავარი სამიზნე, კრიტიკის თვალსაზრისით.. თუმცა მისი პოზიციები აშკარად გაძლიერდა და როცა საქმე მმართველი ძალის საარჩევნო სიის ფორმირებაზე მიდგა, გამსვლელ ნაწილში 15 კაციანი კვოტა მოითხოვა.. ბურჯანაძეს ამ კვოტისთვის შერჩეულ სახეებზე უარი საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 21 აპრილს, უთხრეს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ძალზედ სერიოზული და ხანგრძლივი კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის სიის ფორმირების პროცესში. ეს ნორმალური მოვლენაა დემოკრატიებში, სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგედია არ არის... ”(სტილი დაცულია)

განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა პრაქტიკულად ამოწურული იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების, პარტიული სიების წარდგინების ვადა.. ნინო ბურჯანაძემ დაპირებულ კვოტაზე უარი მაშინ მიიღო, როცა მას აღარ დარჩა არჩევნებში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობის შანსი, თუ ამის სურვილი გააჩნდა. ” ნაციონალურმა მოძრაობამ” არ მიიღო ნინო ბურჯანაძის ახალი სახეები და დღეს სიის პირველი ნომერი, ნინო ბურჯანაძის ნაცვლად, დავით ბაქრაძეა, ახალი სახეები კი განსხვავდებიან წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის შერჩეული ახალი სახეებისგან. წინა ჯერზე ახალი სახეები ჟურნალისტებს ასე გვეცნობოდნენ:

[დავით კირკიტაძის ხმა] ” დავით კირკიტაძე, ვარ 25 წლის. ვიყავი ნაცმოძრაობის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარე, მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და ახლა გავხდი პარლამენტის წევრი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.”

[ნინო კალანდაძის ხმა] ” ნინო კალანდაძე, განათლებით ვარ იურისტი. როცა ბატონი მიხეილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ვხელმძღვანელობდი საკრებულოსთან არსებულ იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან შეიქმნა. ამ გზით მოვხვდი პარტიაში და, შესაბამისად, პარტიულ სიაში. ”

დავით კირკიტაძე და ნინო კალანდაძე მაშინ პარლამენტის წევრები ”ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატების” სიით გახდნენ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვებული საქართველოსთვის” სიაში კი აღარ არიან. დღევანდელი ახალი სახეებიც, აშკარად, სხვა ნიშნით შერჩეულები ჩანან. მაგალითად: მსახიობი გია როინიშვილი, გამომცემელი ნუგზარ წიკლაური და არქიტექტორი ხათუნა ოჩიაური პარტიული აქტივისტები, აშკარად, არ არიან. რა ნიშნით შეირჩნენ ისინი? როგორც ”ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, ნიშანი იყო ამ ადამიანების წარმატებულობა თავიანთ საქმეში და ქვეყნის პატრიოტობა...

წინ მორიგი არჩევნებია..წინასაარჩევნო ვითარება კი ისეთია, როგორც ეს გასული კვირის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშიმ თბილისში თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დაახასიათა: ”საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა უკვე ნაკლებია, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის დიდი დეფიციტია და ამ ფონზე არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნდობის დაკარგვის საფრთხე არსებობს და ეს არავისთვის არის კარგი. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე.”


ამოცანა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩამოაყალიბა, არ არის საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის ყველაზე რთული ამოცანა.. მართალია, ოპოზიციაში არსებობს აზრი, რომ აფხაზეთში ვითარების გარკვეული დაძაბვა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სერიოზული დაძაბვის პარალელურად, ხელისუფლების გარკვეული წინასაარჩევნო ილეთია, ვითარება, აშკარად, ასე მარტივად არ გამოიყურება.. გასულ ორშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეომასალა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა საქართველოს - კერძოდ, გალის რაიონის - ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება გუდაუთის სამხედრო ბაზიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა} ”რუსეთის ფედერაციის მოიერიშე თვითმფრინავმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, ესე იგი აგრესიული ქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ. ეს არის არამეგობრული აქტი და მიუღებელი აქტი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. ”

ეს იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება. მოგვიანებით ფაქტის განხილვა შედგა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე... საბჭოს საქართველოს საკითხზე რეზოლუცია არ მიუღია, თუმცა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრმა სახელმწიფოებმა, - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, - მეგობართა ჯგუფში რუსეთის იგნორირებით, მიიღეს კომუნიკე, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს უკან წაიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დე ფაქტო სახელისუფლებო ორგანოებთან ღია ურთიერთობის დაწყების შესახებ. ”ეს ნიშნავს, რომ ძველი ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა სიმართლეს თვალებში შეხედეს და თქვეს, რომ რუსეთი არ არის საქართველოს კონფლიქტებში მიუკერძოებელი მხარე”, - თქვა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო კურსის ერთგულებას, არ აჰყვება პროვოკაციას და, ამავდროულად, მეგობარ ქვეყნებთან მეტი და მეტი ინტენსივობით იმუშავებს მოლაპარაკებათა ფორმატისა და სამშვიდობო ძალების შეცვლის მისაღწევად.

მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში კმაყოფილება გამოთქვა რთულ ვითარებაში საქართველოსადმი დასავლეთის დიდი მხარდაჭერის გამო. ექსპერტებს გაუჩნდათ იმედი, რომ დასავლეთის ზეწოლა რუსეთს ნებას არ მისცემს იერიში მიიტანოს საქართველოს სუვერენიტეტზე, თუმცა, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, კვირის ბოლოს გაკეთდა განცხადება, რომ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად რუსეთი გამოიყენებს სამხედრო მეთოდებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაკინმა გააკეთა.

”რუსეთს თავისი პოლიტიკა გადაჰყავს უკიდურესად საშიშ სამხედრო განზომილებაში”, - განაცხადეს საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრ ქვეყნებს, დროულად და ობიექტურად შეაფასონ რუსეთის პოლიტიკა და დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები საქართველოს მიმართ დაგეგმილი სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად...