საქართველოს მხარე კიდევ ერთხელ საუბრობს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე...

საქართველოს მხარე კიდევ ერთხელ საუბრობს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე...
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ეს თემა 11 აპრილს კიდევ ერთხელ წამოსწია წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ ერთ ინციდენტთან დაკავშირებით. 10 აპრილს კონფლიქტის ზონაში აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა ქართველი მღვდელმონაზონი მამა პიმენ ქარდავა დააკავეს, გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და, ბოლოს, აიძულეს აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე გადმოსულიყო. პიმენი გალის რაიონის ტერიტორიაზე მღვდელმსახურებას ეწევა და ქართულ მოსახლეობაში ქრისტიანობას ქადაგებს ... მინდა გიამბოთ, რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ ქმედებას.


საქართველოს მხარის ინფორმაციით, მამა პიმენ ქარდავას გატაცებაში უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთის დე ფაქტო დაზვერვის სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ ხაშბა... მამა პიმენი 10 აპრილს მაშინ დააკავეს, როცა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლისთვის რელიგიური ლიტერატურის გადაცემას აპირებდა... მამა პიმენი სასტიკად არის ნაცემი. ანგარიშსწორების შემდეგ აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა ის აიძულეს ენგურს აქეთა საქართველოში გადმოსულიყო ...

” ეს არის აღმსარებლობის, მშობლიურ ენაზე საუბრისა და ღვთისმსახურების უფლების შელახვა, ბარბაროსობა..” - განაცხადა მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ... მინისტრის თქმით, გალის რაიონში ქართველი სასულიერო პირის გატაცების და, შეურაცხყოფის შემდეგ, იქიდან გამოძევების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მხარე საპროტესტო წერილს გაგზავნის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით დაკავებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.. გალის რაიონში ქართველი სასულიერი პირის დაკავებასა და შეურაცხყოფას გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილიც:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ” ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. ამჯერად საქმე გვაქვს ფაქტთან, როც ირღვევა არა მხოლოდ ადამიანის, არამედ რელიგიური აღმსარებლობის უფლებები. ”(სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა მინისტრმაც და სახელმწიფო მინისტრმაც გალის რაიონში მომხდარი ინციდენტი ახსნეს იმით, რომ კონფლიქტის ზონაში მოქმედი საერთაშორისო სტრუქტურები ვერ ართმევენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს, ვერ უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას... მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, პირველ რიგში, სამშვიდობო ძალებს ევალებათ. ამდენად, მამა პიმენის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებამ საქართველოს მხარეს კიდევ ერთი საბაბი მისცა აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბაბს იძლევა სამშვიდობო ფორმატი, რომელიც არ მუშაობს. რაც არ მუშაობს, ის უნდა იქნეს გადახედილი და, თუ ვერ უზრუნველყოფენ თუნდაც სასულიერო პირის უსაფრთხოებას, ისინი იქიდან უნდა იქნენ გაყვანილნი, ან ფორმატი უნდა იქნეს შეცვლილი. ” (სტილი დაცულია)

განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. საქართველოს მხარე კარგა ხანია აქტიურად საუბრობს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე... თუმცა ამ საუბარს კონკრეტული შედეგი ჯერ არ მოჰყოლია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სულ ცოტა ხნის წინაც თქვა, რომ უახლოეს პერიოდში უნდა დადგეს დღის წესრიგში აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სამშვიდობო ძალების ფორმატის გადახედვის საკითხი. მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის ჩასვლასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება და ითქვა, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში აფხაზეთის საკითხიც შევიდა. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კომენტარები. ”გაერო შეშფოთებულია საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემით. მიგვაჩნია, რომ ყველა მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე უნდა იყოს”, - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი და დასძენს: ”მე ვიცი, რომ რეგიონში გაშლილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალები. ვიმედოვნებთ, ისინი სიტუაციის კონტროლს მანამდე შეძლებენ, სანამ არ მოიძებნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც კონფლიქტის ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.”

რას ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სამშვიდობო ფორმატის გადახედვის საკითხი უახლოეს მომავალში დადგებაო, ან როგორ მოიძებნება მხარეებისათვის მისაღები გადაწყვეტილება, ძნელი სათქმელია.