ნატო და საქართველო. თანამშრომლობის ქრონოლოგია

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - ნატო - წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 26 ქვეყნის ალიანსს.
ის იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, წევრი სახელმწიფოების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით... როგორც აღნიშნავენ, ნატო წარმოადგენს ტრანსატლანტიკურ კავშირს, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებასთან არის გადაჯაჭვული... საქართველომ ოფიციალურად ნატოსკენ სწრაფვა 2002 წლის ნოემბერში პრაღაში, ნატოს სამიტზე, გამოხატა, როცა გამოთქვა სურვილი ახალ პროგრამაში, ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში ”, მიეღო მონაწილეობა... და აი, უკვე 2008 წლის გაზაფხულზე საქართველო იმის მოლოდინშია, დააკმაყოფილებს თუ არა ალიანსი მის თხოვნას და მისცემს თუ არა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. მინდა გაგახსენოთ, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს შორის.

2006 წლის 21 სექტემბერს ნიუ-იორკში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ინტენსიური დიალოგი დაეწყო გაწევრიანების საკითხებზე. ინტენსიური დიალოგის ფორმატი წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია საფუძველი მოამზადოს იმისათვის, რომ ნატოში გაწევრიანების მოსურნე ქვეყანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადავიდეს.... map-ი, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, შემდგომი ეტაპია, როგორც აღნიშნავენ, ერთგვარი ბილეთია ნატოში გასაწევრიანებლად... მიიღებს თუ არა საქართველო ამ ბილეთს, ბუქარესტში, ნატოს სამიტზე, წყდება. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი საქართველოსთვის? პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან ბუქარესტში გამგზავრებამდე გააკეთა, ”საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოება ნატოს მეშვეობით და მოძრაობა ამ დიდი ალიანსის მიმართულებით.”

დღეს გავიხსენებთ, რა გზა გაიარა საქართველომ map-ის, ანუ ნატოში ბილეთის, მიღების მოლოდინამდე... პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. საქართველო 1992 წელს გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი. 2 წლის შემდეგ, 1994 წელს, შეუერთდა ნატოს პროგრამას ”პარტნიორობა მშვიდობისათვის”. უკვე 1996 წელს შეიმუშავა და წარადგინა ნატოში პირველი, ”ინდივიდუალური პარტნიორობის”, პროგრამა. 1997 წელს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.. ზუსტად 10 წლის წინ, 1998 წლის აპრილში, გაიხსნა ნატოში საქართველოს დიპლომატიური მისია. ცოტა მოგვიანებით საქართველო შეუერთდა ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს, რასაც ხელი უნდა შეეწყო ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებში წარმატებული მონაწილეობისთვის... დაინერგა ნატოს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკაც, დაიწყო რეგულარული შეხვედრები შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების საკითხებზე 26+1-ის ფორმატში( ნატოს წევრი 26 ქვეყანა + საქართველო)

შეგახსენებთ, საქართველოში ტარდებოდა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი, მრავალეროვნული წვრთნები: 2001 წლის ივნისში, 2002 ივნისში, 2003 წლის სექტემბერში..

2002 წლის ნოემბერში პრაღაში, ნატოს სამიტზე, როცა ნატოში მიიწვიეს 7 ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, საქართველომ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სურდა გაწევრიანებულიყო ნატოში. ”ახლა ძნელია ითქვას, რა დრო დაგვჭირდება ნატოში გასაწევრიანებლად. ჩემი დაკვირვებით, არც ისეთი დიდი დრო უნდა იყოს საჭირო”, - განაცხადა ნატოს მაშინდელი სამიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა....

2002 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა. შემდეგ იყო ”ვარდების რევოლუცია”; მალევე, 2003 წლის დეკემბერში, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ”საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის” დოკუმენტის პროექტი შეიმუშავა. საპრეზენტაციო დოკუმენტი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს ბრიუსელში 2004 წლის აპრილში გადასცა. ნატოს უმაღლესმა ორგანომ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ეგრეთ წოდებული ”დუმილის პროცედურის” საფუძველზე, 2004 წლის ოქტომბერში დაამტკიცა საქართველოს ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა” და საქართველო გადავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეგრეთ წოდებულ მეორე ეტაპზე... მოგვიანებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი სახელმწიფო კომისია.... შემდეგ და შემდეგ ჩამოდიოდნენ შემფასებელი ჯგუფები.... შეფასებები რამდენიმე მიმართულებით უნდა გაკეთებულიყო: როგორ ასრულებდა საქართველო გეგმას პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, სამხედრო საკითხებში, ადმინისტრაციული, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და რესურსების მართვის საკითხებში და ასე შემდეგ.... საერთო ჯამში, საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება, რაც 2006 წლის სექტემბერში საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების საფუძველი გახდა... იმართებოდა შეხვედრები, კონსულტაციები, სადაც განიხილებოდა რეფორმების პროცესი, თავდაცვის სფეროს პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები, კონფლიქტების მოგვარების საკითხები, ადამიანის უფლებების დაცვასა თუ კანონის უზენაესობის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები....


ცალკე თემაა საქართველოს მონაწილეობა ნატოს სამხედრო ოპერაციებში.... ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ღიად, პლებისციტზე გამოხატა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა.. დანარჩენი, გადავა თუ არა საქართველო ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, ბუქარესტში, ნატოს სამიტზე, წყდება.... საქართველოს დელეგაცია ბუქარესტში გაემგზავრა იმედით, რომ ნატოში გაიმარჯვებს საღი აზრი, გამბედაობა და ალიანსის გადაწყვეტილებაზე ვერ მოახდენს გავლენას არაწევრი ქვეყნის, რუსეთის, პოზიცია...