ევროკავშირი გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ააქტიურებს

ევროკავშირის ქვეყანათა ლიდერები
გასულ კვირაში ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. ორდღიანი სამიტის ფარგლებში მსჯელობის მთავარ თემას გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები წარმოადგენდა. ეს არის პრობლემა, რომლის საფრთხეზე უკვე აღარავინ დავობს, თუმცა მსოფლიოს ქვეყნებმა მის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ფრონტი ჯერ ვერ შექმნეს. საერთო ენის გამონახვა საკმაოდ გართულდა. ევროპა აქტიურ მოქმედებას აპირებს, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ პრობლემას მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები ვერ დაძლევენ.

ევროკავშირი უკვე კარგა ხანია ცდილობს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის პროცესში ლიდერის როლი მოირგოს, მაგრამ ამ ენთუზიაზმს გზად არაერთი ბარიერი ხვდება.

2020 წლისთვის სათბური გაზების გამოშვების მეხუთედით შემცირების ამოცანა ევროკავშირის ქვეყნებმა ერთი წლის წინ დაისახეს. ერთი წლის შემდეგ კი, 13-14 მარტს ბრიუსელში შეხვედრისას, როცა სამიტზე ამ ამოცანის ეკონომიკურ შედეგებს იხილავდნენ, აღმოჩნდა, რომ ბლოკის ლიდერთა პოზიციები არაერთგვაროვანია.

ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ევროკავშირი აცნობიერებს – გლობალური ძალისხმევის გარეშე, პრობლემის გადაწყვეტას მხოლოდ მისი ძალისხმევა ვერ გასწვდება.

სწორედ ამიტომ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საქმეში ბლოკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვის გარანტიის უზრუნველყოფა:

[ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] "ჩვენი დასკვნა ნათელია – იმისათვის, რომ თავიდან ავიშოროთ კლიმატის ცვლილების საფრთხის გამწვავება, აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ მოლაპარაკებები მესამე ქვეყნებთან, არა-ევროკავშირის ქვეყნებთან, და ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ეს."

სპეციალურად ბრიუსელის სამიტისთვის საანგარიშო მოხსენება მოამზადა ევროკავშირის საგარეო და უშიშროების პოლიტიკის კოორდინატორმა ჰავიერ სოლანამ. ანგარიშში საუბარი იყო საფრთხეზე, რითაც გლობალური დათბობა ემუქრება კაცობრიობას. სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია: საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტის გამო ასობით მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწევს; მოსალოდნელია სტიქიური უბედურება, კონფლიქტები ადამიანებს შორის და ლტოლვილთა ნაკადის მომძლავრება ევროკავშირის ქვეყნებისკენ. ეს არის ის, რაც უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი მოხერხდა, რომ 2050 წლისთვის ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ 2 გრადუსამდე გაიზარდოს. იმისათვის, რომ 2-გრადუსიანი ზრდა მაქსიმუმი აღმოჩნდეს, მსოფლიოს მოუწევს, სათბურის გაზების გამოშვების მაჩვენებელი გაანახევროს 2050 წლისთვის. ათვლის წერტილად 1990 წელი მიიჩნევა.

ხოლო თუკი ეს ვერ მოხერხდა და ჰაერის ტემპერატურამ 2-გრადუსიანი ზრდის ზღვარს გადააბიჯა, ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია "სწრაფი, შეუქცევადი და ძირითადად არაპროგნოზირებადი კლიმატური ცვლილებები." ერთი სიტყვით, ეს სიტუაციის გაურკვეველ ზღვრამდე გართულებას ნიშნავს.

სამაგიეროდ, ევროკავშირის ქვეყნებისთვის სავსებით პროგნოზირებადია, რომ სათბურის გაზების გამოშვების, ემისიის შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები გავლენას მოახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესზე. აშკარაა, რომ ამ კუთხით გარემოს დაცვის საკითხი პოლიტიკურ ელფერს იღებს.

გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით ღელავენ პროცესის ეკონომიკურ შედეგებზე. თუმცა კომპრომისის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა ბრიუსელში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი:

[ანგელა მერკელის ხმა] "ჩვენ ემისიის შემცირებას კი არ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ თუკი ჩვენ გვინდა, რომ ევროპის მიერ დასახულ ამ მიზანს ერთობლივად მივაღწიოთ, უნდა ვიმსჯელოთ მიზნის მიღწევის გზებზე და განვსაზღვროთ მრეწველობის რომელმა დარგებმა უნდა გაიღონ მსხვერპლი."

კომპრომისულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია შეთანხმება, რომ ძირითადად ენერგიის მოხმარებაზე ორიენტირებული მრეწველობის დარგები, თუნდაც დროებით, გათავისუფლდნენ სათბურის გაზების ემისიის შემცირებასთან დაკავშირებული ხარჯისგან. საუბარია ავიაციაზე, ქიმიურ მრეწველობაზე, მეტალურგიასა და ქაღალდის წარმოებაზე.

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები გარკვეულ გავლენას მოახდენს ევროკავშირის ეკონომიკური განახლების სტრატეგიაზე, რომელიც "ლისაბონის სტრატეგიის" სახელით არის ცნობილი. ბრიუსელის სამიტზე ბლოკის ლიდერებმა ამ გავლენებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხებიც განიხილეს.

და კიდევ ერთი საკითხი: ევროკავშირის ლიდერებმა მოითხოვეს მეტი გამჭვირვალობა იმ მრავალ-მილიარდიან საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით, რომლებსაც ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ქვეყნები – არაბთა გაერთიანებული საამიროები, რუსეთი და ნორვეგია -მართავენ. აქვე სახელდება ჩინეთიც. ამ ფონდების სახსრებით იმ ევროპული კომპანიების შეძენა ხდება, რომლებიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაზარალდნენ.