ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი დადებითად აფასებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონეს

რადიო "თავისუფლებამ" ინტერვიუ ჩამოართვა ევროპაში ნატოს ჯარების სარდალს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალს ბენც კრედოკს.
ამ საუბრის ერთი ნაწილი საქართველოსა და ნატოსკენ მისი სწრაფვის თემას დაეთმო. ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტის ჰეზერ მაჰერის შეკითხვას, როგორ აფასებს ნატოს ჯარების სარდალი საქართველოს შანსებს და რამდენად უპასუხებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს, ბენც კრედოკმა უპასუხა:

[ბენც კრედოკის ხმა] "ვფიქრობ, საქართველომ დიდი შრომა გასწია უსაფრთხოების სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეხედეთ მათს შეიარაღებულ ძალებს - ისინი აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში, იქნება ეს ერაყში მოქმედი კოალიცია (რაც უაღრესად მნიშვნელოვანია), თუ სხვა მაგალითები. რამდენადაც ვიცი, ახლა ისინი ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების კონტინგენტშიც აპირებენ თავიანთი შენაერთების გაგზავნას. იხვეწება წვრთნის მეთოდები. "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა, რომელმაც ბრწყინვალე შედეგები მოგვცა. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს უსაფრთხოების სფეროს რეფორმას."

რადიო "თავისუფლება" დაინტერესდა, რამდენად რეალისტურია იმედი, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე - აპრილის დამდეგს - საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ეგრეთ წოდებულ MAP-ს შესთავაზებენ. გენერალ კრედოკის პასუხი ასეთი იყო:

[ბენც კრედოკის ხმა] "MAP-ი არის პროგრამა, რომელიც მისი მონაწილისგან მოითხოვს გარკვეული ამოცანებისა და მოთხოვნების შესრულებას უსაფრთხოების სფეროს განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, ვიტყოდი, საქართველომ წარმატებებს მიაღწია. თუ ამ ძალისხმევას კარგად გაწერილი, ოფიციალურ პროგრამის ჩარჩოებში მოვაქცევთ (რის საშუალებასაც MAP-ი იძლევა, მაშინ ეს ყველაფერი კიდევ უფრო შთამბეჭდავ სახეს მიიღებს. საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნამდვილად საგულისხმო წარმატებებს მიაღწია."

როგორც ხედავთ, ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ბენც კრედოკმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს საფუძველი, MAP-ის მიღების იმედი ჰქონდეს. მაგრამ პასუხი, რომელიც მან ჩვენს კორესპონდენტს გასცა, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს მაინც იძლევა.