რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს საქართველოს პარლამენტი სპეციალური განცხადებით პარასკევს უპასუხებს

საქართველოს პარლამენტს სამშაბათს საგანგებო განცხადების მიღებით უნდა გაეპროტესტებინა რუსეთის გადაწყვეტილება გამოვიდეს შეთანხმებიდან,
რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს უკრძალავს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა ტიპის ურთიერთობებს... საქართველოს შესაძლო საპასუხო ზომებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ სამშაბათს პარლამენტში, თუმცა განცხადების მიღება, რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით, პარასკევისთვის გადაიდო. რა მიზეზით გადაწყდა მოცდა და რა შესაძლო საპასუხო ზომებზე ფიქრობენ და მსჯელობენ საქართველოს პარლამენტის წევრები?

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა ახლახან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, აღნიშნა, უფრო და უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ის, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვისო.. საქართველოში იტოვებენ იმედს, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, თუმცა დაბეჯითებით არავინ იცის როგორ განვითარდება პროცესები. ორიოდ დღეში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ცნობა-არცნობის საკითხზე იმსჯელებს. ეს 13 მარტს მოხდება. საქართველოს პარლამენტმაც პარასკევისთვის - 14 მარტისთვის -გადადო განცხადების მიღება რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით. აქამდე იგეგმებოდა განცხადება პასუხად რუსეთის გადაწყვეტილებაზე გამოვიდეს შეთანხმებიდან, რომელიც კრძალავს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა ტიპის ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტში 11 მარტს მიზანშეწონილად მიიჩნიეს დაელოდონ იმას, თუ რა მოხდება 13-ში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში და საპასუხო განცხადება ყველა დეტალის გათვალისწინებით მიიღონ....

საპასუხო განცხადებაში, რომელიც, არ არის გამორიცხული, პარლამენტის დადგენილების საფუძველი გახდეს, მითითებული იქნება, რა შეთანხმებებს და ვალდებულებებს არღვევს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით, საზოგადოდ, და, კერძოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს მიერ 1996 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლით, და როგორი შეიძლება იყოს საპასუხო ნაბიჯები საქართველოს მხრიდან. შესაძლო საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიზანშეწონილად მიიჩნევს:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”გამოვიყენოთ გაეროს წესდება, - ეს არის წესდების 27-ე მუხლის მე-6 თავი და 52-ე მუხლის მესამე თავი, - სადაც საუბარია, რომ ასეთ შემთხვევაში კონფლიქტში მონაწილე მხარეს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ოპერაციაში და ასევე კენჭისყრაში, როდესაც დადგება კენჭისყრაზე ჩანაცვლების საკითხი. ” (სტილი დაცულია)

ეს მოსაზრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ პარლამენტის სხდომაზე გამოთქვა. სხვა წინადადებები წამოაყენა ოპოზიციის მხრიდან დავით ბერძენიშვილმა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”შექმნილ ვითარებაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ შესაძლებელია საშინაო და საგარეო რესურსის მობილიზება და შეთანხმების მიღწევა პაკეტზე. ამ პაკეტში ვგულისხმობთ შეთანხმებას საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლაზე.”

დავით ბერძენიშვილი შეთანხმებათა პაკეტში გულისხმობდა ასევე შეთანხმებას ეუთოს მიერ რეკომენდებული საარჩევნო სისტემის რეალიზებაზე და აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ - მიმართონ ნატოს ბუქარესტის სამიტს ერთობლივი თხოვნით, მიენიჭოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა...

დავით ბერძენიშვილის მიერ ჩამოთვლილი წინადადებებიდან მესამე უმრავლესობამ განსაკუთრებით მოიწონა...
[კოტე გაბაშვილის ხმა] ” რაც შეეხება დსთ-ს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება არაა გამორიცხული, მაგრამ დღეს ამას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ველოდებით ზეგინდელ გადაწყვეტილებას. ჩვენი ამოცანაა დავრჩეთ მოგებულები და არ დაგვერქვას ისტერიული რეაქციების ქვეყანა. ”
ეს იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის პასუხი თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის საკითხზე შეთანხმების წინადადებაზე....

რუსეთის ქმედებებზე სქართველოს საპასუხო ნაბიჯები უნდა იყოს ადეკვატური, მაგრამ კარგად აწონილ-დაწონილი - ასეთია ხელისუფლების პოზიცია. იქ მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლით რუსეთი ოფიციალურად იხსნის ვალდებულებას არ დაუშვას აფხაზეთის მხარისთვის ყველა სახის შეიარაღების, შესაბამისი ტექნიკის, საომარი მასალების, სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებების მიყიდვა-მიწოდება და ქმნის სეპარატისტული რეჟიმის შეუზღუდავი სამხედრო დახმარების, აგრეთვე აფხაზეთში საკუთარი უკანონო სამხედრო შენაერთების ყოფნის საფუძველს.