მალხაზ ბასილაიას ოჯახის წევრები აგრძელებენ საპროტესტო აქციას, ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით

26 თებერვალს გალის რაიონის ტერიტორიაზე დაკავებული ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია ტყვეობაში რჩება, ისევე როგორც მასთან ერთად დაკავებული ოპერატორი დავით წოწორია.



გათავისუფლებულია მხოლოდ მაია დანელია, დავით წოწორიას დედა, რომელიც აფხაზთა მხარემ ტელეკომპანია ”მზის” გადამღებ ჯგუფთან ერთად დააკავა... ენგურის ხიდთან რამდენიმე დღეა ეწყობა საპროტესტო აქციები, ჟურნალისტის და ოპერატორის გათავისუფლების მოთხოვნით. ამავე მოთხოვნით ენგურის ხიდთან შიმშილობის აქციას განაგრძობენ მალხაზ ბასილაიას ოჯახის წევრები. მინდა მოგითხროთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები სოხუმში ტყვეობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტების გარშემო.

ენგურის ხიდთან ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციაში მალხაზ ბასილაიას და მაია ბასილაიაც მონაწილეობს... ჩვენ მას 3 მარტს შუადღისას ტელეფონით დავუკავშირდით. მაია ბასილაიამ ძმის მდგომარეობის შესახებ ახალი არაფერი იცოდა...

[მაია ბასილაიას ხმა] ”არავითარი ცნობები არ გვაქვს, ერთადერთი - აფხაზი ჟურნალისტები მივლენ დღეს ბაღაფშთან და ვიცით, რომ ეუთო ჩაერთო ამ საქმეში. ”

ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნა დე ფაქტო ხელისუფლებისადმი აფხაზმა ჟურნალისტებმა მართლაც შეიმუშავეს. მიმართვაში, რომლის ადრესატიც სერგეი ბაღაფშია, ნათქვამია: ” გვესმის, დაკავებულების გათავისუფლებასთან დაავშირებით დიალოგზე უარი საქართველოს წარმომადგენლების ულტიმატუმმა განაპირობა. მიუხედავად ამისა, მოგიწოდებთ გაათავისუფლოთ ჟურნალისტები. ამით აფხაზეთი მოახდენს დემონსტრირებას იმისას, რომ შეუძლია ცივილური ნორმებით ხელმძღვანელობა. ადამიანის უფლებების პატივისცემა აფხაზთა მხარემ თავის დროზე ქართველი სტუდენტების გათავისუფლების შემთხვევაშიც გამოავლინა”, - ასეთია აფხაზი ჟურნალისტების მიმართვა დე ფაქტო პრეზიდენტისადმი. საგულისხმოა, რომ ეს არის პასუხი აფხაზი ჟურნალისტებისადმი ქართველი ჟურნალისტების მიმართვაზე. ქართველმა ჟურნალისტებმა აფხაზ კოლეგებს კეთილი ნების, კოლეგიალობის გამოხატვა და, ბასილაიას და წოწორიას გათავისუფლების მოთხოვნით, დე ფაქტო ხელისუფლებისადმი მიმართვის შემუშავება სთხოვეს. მიმართვა 2 დღის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია ”მზის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას და მიმართვაზე ხელმომწერ სხვა ქართველ ჟურნალისტებს ჰქონდათ აფხაზი კოლეგების მხარდაჭერის იმედი:

[ხათუნა ბერძენიშვილის ხმა] ”იმედი რომ არ გვქონოდა, არც შევიმუშავებდით მიმართვას. ჩვენ გვაერთიანებს პროფესია, ჩვენი მთავარი იარაღი არის კალამი და ამიტომაც მივმართეთ აფხაზ კოლეგებს. ”

” საქმე ეხება ჟურნალისტებს, საქმე ეხება ცნობილ ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას. ამდენად, მისი გათავისუფლების საკითხი არ შეიძლება იყოს ვაჭრობის საგანი. ამ შეთხვევაში მნიშვნელოვანი როლი სახალხო დიპლომატიამ უნდა შეასრულოს. ამიტომ ძალიან პოზიტიური მომენტია საქმეში ჟურნალისტების ჩართვა”, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და დასძენს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”მე ვიცი ის, რომ ეუთოს ოფისის წარმომადგენლები ხვდებიან ბასილაიას და ადასტურებენ, რომ ის არის ნორმალურად. ამას გარდა, ჩვენ მივმართეთ მეგობართა ჯგუფის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ოპერირებენ რეგიონში, როგორიც არის გაერო და ეუთო, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ამ საქმეში.”(სტილი დაცულია)

მალხაზ ბასილაიას და დავით წოწორიას აფხაზთა მხარე საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. დაკავებულებს სასამართლოს გარეშე შეეფარდათ 2 თვიანი პატიმრობა. ტელეკომპანია ”მზის” გადამღებ ჯგუფთან ერთად დაკავებული ქალბატონი კი 1 მარტს ჯარიმის - 1500 რუბლის - გადახდის შედეგად იქნა გათავისუფლებული.