ვლადიმირ პუტინი დასავლეთს გამალებული შეიარაღების ხელახალ გაჩაღებაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა წარუდგინა.
გეგმაში, რომელიც უახლოეს 12 წელიწადზეა გათვლილი, საუბარია იმაზე, რომ დაუშვებელია, რუსეთი "ნედლეულის" სცენარით ვითარდებოდეს; ანუ ქვეყნის ეკონომიკა ლამის მხოლოდ ბუნებრივი წიაღისეულის ექსპლუატაციას ეფუძნებოდეს.

რუსეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე გამოსვლისას, პუტინი რუსეთის უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო. მან მძაფრი კრიტიკა მიმართა შეერთებული შტატებისა და ნატოს კავშირის წინააღმდეგ, განაცხადა რა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებენ.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ათწლეულების მანძილზე ჩვენ მკაცრად ვიცავთ ნაკისრ ვალდებულებებს, ვასრულებთ უსაფრთხოების სფეროში მიღწეულ ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, მათ შორის ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების კონტროლის შესახებ. მაგრამ ჩვენი პარტნიორები ჩრდილოატლანტიკური კავშირიდან ზოგიერთი დოკუმენტის რატიფიკაციასაც კი არ ახდენენ, არ ასრულებენ მათ, ჩვენგან კი ამ ხელშეკრულებების ცალმხრივ შესრულებას მოითხოვენ."

ვლადიმირ პუტინის თქმით, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ და შეერთებული შტატების გეგმამ, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს ჩეხეთსა და პოლონეთში, გამალებული შეიარაღების ხელახალი გაჩაღების საშიშროება წარმოშვა.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "თვით ნატოს ორგანიზაცია ფართოვდება, თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩვენს საზღვრებს უახლოვებს. ჩვენ ბაზები გავაუქმეთ კუბაშიც და ვიეტნამშიც, და რა მივიღეთ? ამერიკის ახალი ბაზები რუმინეთსა და ბულგარეთში. მალე, როგორც ჩანს, ახალი პოზიციური რაიონი შეიქმნება პოლონეთში და მისი ელემენტი განთავსდება ჩეხეთში."

რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ ამით, პრაქტიკულად, დასაბამი მიეცა გამალებული შეიარაღების ახალ ტალღას და მოსკოვი იძულებული ხდება, საკუთარი სამხედრო პოტენციალის მოდერნიზებასა და დახვეწაზე იფიქროს.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ჩვენ, ფაქტობრივად, გვაიძულებენ, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ ახალ გამოწვევებზე რუსეთს აქვს და ყოველთვის ექნება პასუხი."

სახელმწიფო საბჭოსადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა დიდი ადგილი დაუთმო იმ წარმატებებზე საუბარს, რომელსაც - პრეზიდენტის თქმით - რუსეთმა მიაღწია ბოლო რვა წლის მანძილზე, ანუ მისი მმართველობის პერიოდში. უმთავრეს წარმატებებს შორის პუტინმა დაასახელა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და ჩეჩენი სეპარატისტების საბოლოო დამარცხება.

2 მარტს რუსეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ვლადიმირ პუტინი კენჭს ვერ იყრის - ამას მას ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს. თუმცა, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ პუტინი - ამა თუ იმ სახით - მაინც შეინარჩუნებს სახელმწიფოს მართვის სადავეებს. მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ერთადერთი რეალური კანდიდატი სწორედ პუტინის ფავორიტი, პირველი ვიცე-პრემიერი დმიტრი მედვედევია.