არჩევნები შედგა, ოპოზიცია მოქმედების ასპარეზად ქუჩას ირჩევს

მეორე ტური არ იქნება. სასამართლოებში შეტანილი
სარჩელები რომც დაკმაყოფილდეს, ეს არჩევნების საბოლოო შედეგებში პრინციპულ ცვლილებას არ შეიტანს - ასეთია არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ალბათობის მიმართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება. არჩევნებზე იყო დარღვევები, მაგრამ ის ტოტალურად არ გაყალბებულა, როგორც ამას ოპოზიცია ირწმუნება, - აცხადებენ ცალკეული ექსპერტებიც. ”გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერებს კი არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების სჯერათ და არც იმ ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების, რომლებიც 5 იანვრის არჩევნებს გაყალბებულად არ მიიჩნევენ. ოპოზიცია მეორე ტურს ითხოვს და ქუჩის საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრება.

13 იანვარს, თბილისისთვის უჩვეულოდ ყინვიან ამინდში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ბევრი მივიდა... მივიდა იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი ხმა, საკუთარი არჩევანი და არჩევნების მეორე ტური მოეთხოვა.

[ ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ” შედეგს ამ ქვეყანაში მეორე ტური გადაწყვეტს და სიმართლემ საბოლოოდ უნდა იზეიმოს. ”

ადამიანებს, ვისაც ოპოზიციის ლიდერები 13 იანვარს მიმართავდნენ, სჯერათ, რომ
5 იანვარს საქართველოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ამ ადამიანებს ლიდერები არჩევნების შემდეგ გამარჯვებას ულოცავენ და საბოლოო გამარჯვებისთვის კვლავ და კვლავ ქუჩაში უხმობენ. მომდევნო საპროტესტო აქცია ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის წინ იგეგმება. რა იქნება შემდეგ? - ამ შეკითხვაზე ”გაერთიანებულ ოპოზიციაში” აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცემენ ინაუგურაციის ჩატარების საშუალებას - ყოველ შემთხვევაში, იქ , სადაც ინაუგურაცია შეიძლება შედგეს... ამას ამბობს კახა კუკავაც:

[კახა კუკავას ხმა] ”ინაუგურაციას თუ ჩაატარებს, მხოლოდ და მხოლოდ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯროში. საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც მას არ გაუმარჯვია, ჩვენს მას ინაუგურაციის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ. ”

მარნეულის რაიონი ისეთივე საქართველოა, როგორც დანარჩენი საქართველო, როგორც ის ქალაქები, სადაც, სავარაუდოდ, ინაუგურაციის ცერემონიალი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია უარს არ ამბობს ისეთი განცხადებების კეთებაზე, რომელშიც ბევრმა და, მათ შორის, სახალხო დამცველმა, რასისტული დამოკიდებულების ნიშნები დაინახა. არც დასავლელი დამკვირვებლების შეფასებების გამო საქართველოში დასავლეთის შესაძლო დისკრედიტაციაზე წყდება ლაპარაკი.. ”საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში იყვნენ საეჭვო რეპუტაციის პირები”, - აცხადებენ ოპოზიციაში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ სჯერათ მისიის წინასწარი შეფასების.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით გამარჯვებული მხარე ოპოზიციის მოქმედებას თავშეკავებულად ადევნებს თვალ-ყურს და თანამშრომლობის შეთავაზებას ძალაში ტოვებს. თავშეკავებულია სააკაშვილის ამომრჩეველიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებამ სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ შეიძინოს.


საით მიჰყავს პროცესი ოპოზიციას, აქვთ იქ მეორე ტურის მიღწევის რეალური მოლოდინი თუ მისი ტაქტიკა უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებით აიხსნება? პოლიტოლოგი გია ნოდია არ გამორიცხავს, სწორედ ასე იყოს:


[გია ნოდიას ხმა] ”დამოკიდებულება ოპოზიციისა შეიძლება მიზნად ისახავდეს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ტემპერატურის შენარჩუნებას. ოპოზიციის რადიკალიზმი შეიძლება ამით ავხსნათ და, ასეთ შემთხვევაში, ეს რადიკალიზმი შეიძლება არ იყოს საშიში ქვეყნის სტაბილურობისთვის. ”

”არჩევნები ტოტალურად რომ გაყალბებულიყო, სააკაშვილს არსებულზე მაღალი შედეგი ექნებოდა. არჩევნებზე დარღვევები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტოტალურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი”, -ფიქრობს გია ნოდია.

”ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები, პარალელური დათვლისა და ეგზიტპოლის შედეგები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ამასთანავე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასების გარდა, არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დადებითი შეფასებებიც. არჩევნები, მთლიანობაში, ჩატარდა დემოკრატიულად”, - აცხადებენ ხელისუფლებაში. ამას ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიც. ოპოზიციამ კი გადაწყვიტა სასამართლოში გაასაჩივროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ის ოქმი, რომლის მიხედვითაც, 5 იანვრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ”მარტო მარნეულის რაიონის უბნების შედეგების გაუქმება გარდაუვალს გახდის მეორე ტურს”, - აცხადებს კახა კუკავა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სასამართლო ოპოზიციის სარჩელს არ დააკმაყოფილებს. კუკავას განცხადებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დამოკიდებულება ოპოზიციის სარჩელისადმი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც იყო მის მიერ წარდგენილი საჩივრებისადმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამოკიდებულება:

[კახა კუკავას ხმა] ”ცესკომ განა განიხილა და არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივრები, არ განიხილა. მტკიცებულებები გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი ბიულეტენების შესახებ კომისიის თავმჯდომარემ არ დაიტოვა და უკან გამოგვატანა. ” (სტილი დაცულია)

იყო თუ არა ეს ასე? ამაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილს ასეთი პასუხი აქვს :

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ” კუკავამ მოიტანა ოქმები, 18 ოქმი, საიდანაც 10 გახდა განხილვის საგანი, რადგან დანარჩენზე არ იყო ფორმა ნომერი ორი, არ იყო დამოწმება ბეჭდით, არც ხელმოწერები და ასე შემდეგ. როცა საარჩევნო კომისიაში სთხოვეს კუკავას ისეთი ოქმები წარმოედგინა, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა კანონის მოთხოვნებთან, კუკავამ, პროტესტის ნიშნად, დატოვა საარჩევნო კომისია. ”

ასეთი ურთიერთსაპირისპიროა მხარეების არგუმენტები. ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს. ამასობაში, 5 იანვრის არჩევნები შეაფასა თავის განცხადებაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა. მისი თქმით, არჩევნებზე მასობრივი დარღვევები შემჩნეული არ ყოფილა და, აქედან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო არ არის. აქვე შევნიშნავთ, რომ ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არ გამორიცხა საპროტესტო აქციის გამართვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან.