ქართული პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირა ალილოთი და არჩევნების შემდგომი მღელვარებით დაიწყო. ”სანამ დრო გვაქვს, ვიგალობოთ ალილო და ვადიდოთ უფალი”, - წერდა ორშაბათს გაზეთი ”კვირის პალიტრა”.
შემდეგ მთელი კვირა ქართული პრესა არჩევნების წინასწარ შედეგებს აჯამებდა და ხმის დათვლის პროცესს აფასებდა. ”რეზონანსი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს უწოდებდა ”ომს ოქმებისათვის” - ასეთი იყო, მაგალითად, სამშაბათის ნომრის მოწინავე სტატიის სათაური. ციტატა პუბლიკაციიდან:”ცესკოში სააკაშვილის პროცენტებს ისე ათამაშებენ, რომ ის 50.1 პროცენტიან ზღვარს არ ჩამოსცილდეს. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ცესკოს ”პროფესიული” ნაწილი ოქმების შეცვლითაა დაკავებული. მათი აზრით, ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ სააკაშვილმა პირველსავე ტურში მოიპოვოს გამარჯვება. კომისიის თავმჯდომარე ამ ბრალდებებს ტყუილს უწოდებს.”

”ალია” კი ცდილობდა გაერკვია, ”რომელი ნაციონალები შეეწირებიან საპრეზიდენტო არჩევნებს. ციტატა ერთი პუბლიკაციიდან: ”როგორც პარტიის კულუარებში საუბრობენ, სააკაშვილისთვის ეს არჩევნები დიდი ლუპა იყო, რომლითაც ის განსაკუთრებით კარგად საკუთარ გარემოცვას დააკვირდა.”

მთელი კვირა პრესა არჩევნების შემდგომ დაძაბულობას აშუქებდა.
კვირის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის შესახებ, ეს ”რუსთავი 2-ის” ეთერში თავად ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა. შაბათის ”რეზონანსი” იხსნება პუბლიკაციით, რომელსაც ამგვარი სათაური აქვს: ”სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის შეხვედრის გასაიდუმლოებული დეტალები”. პუბლიკაცია აერთიანებს ორ ინტერვიუს - ლევან გაჩეჩილაძესა და სალომე ზურაბიშვილთან.,,ეს იყო შეხვედრა იმისათვის, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ არ გვქონია არც მეორე ტურზე და არც საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი. კონკრეტიკა საუბრისას არ ყოფილა. მთავარი სათქმელი იყო ის, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება, რომელიც თვითონ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს”, - უთხრა ”რეზონანსს” ლევან გაჩეჩილაძემ.
”რეზონანსის” კითხვაზე, შესთავაზა თუ არა მას მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ოპოზიციონერი მინისტრების შეყვანა, ლევან გაჩეჩილაძემ უპასუხა: ,,იმ დროს, როდესაც ჩვენ არ ვაღიარებთ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას, მინისტრთა კანდიდატურების შემოთავაზებას და მასზე დათანხმებას აზრი არა აქვს.”
რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებებს ოპოზიციის მხრიდან, ამაზე სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: ,,ჩვენი მხრიდან არ იყო წინადადებები შეთავაზებული და ვერც იქნებოდა, რადგან ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, დაინიშნოს მეორე ტური.”

ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ნინო ბურჯანაძის ინიციატივით მოხდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია შეხვედრის ადგილი.
ადგილს შაბათის ”ახალი თაობა” აზუსტებს. გაზეთის ინფორმაციით, სააკაშვილი და გაჩეჩილაძე ერთმანეთს პარლამენტში შეხვდნენ.

როგორ განვითარდება მოვლენები, თუ მეორე ტური არ დაინიშნა? ”რეზონანსის” ამ შეკითხვას, უკვე სხვა ინტერვიუში, დავით ზურაბიშვილი უპასუხებს: ,,რას ვიზამთ მაშინ? მოვახდენთ მისი არალეგიტიმურობის კიდევ უფრო თვალსაჩინო ილუსტრაციას. ცხადია, ხელისუფლებაზე დაწოლა იქნება; ბუნებრივია, ჩვენ არანაირ გადატრიალებასა და რევოლუციას, მილიონის გადახდას რომელიმე მინისტრის ,,დაძინებაში” არ ვაპირებთ, კანონით და კონსტიტუციით ბრძოლაზე კი უარს არ ვიტყვით, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არალეგიტიმური პრეზიდენტი კიდევ უფრო არალეგიტიმური გავხადოთ. ბუნებრივია, ბრძოლას განვაგრძობთ”, - უთხრა დავით ზურაბიშვილმა ”რეზონასს”.

შაბათის ”ალია” კი ბეჭდავს გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერთან, კახა კუკავასთან, ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა: ,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომ ხალხი თავის არჩევანს კბილებით დაიცავს.”

”24 საათი” შაბათს გიგი თევზაძის ვრცელ პუბლიცისტურ წერილს აქვეყნებს. ,,როგორ ფიქრობენ (ქართული პოლიტიკური) ინსტიტუტები” - ,,საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და ბადრი პატარკაციშვილის პოსტ-მოდერნული პროექტები”.
პუბლიკაცია დაყოფილია ქვესათაურებად, რომლებიც წერილის შინაარსს ასახავენ: თუ ქვესათაურებში ფრჩხილებში ჩასმულ ტექსტსაც წავიკითხავთ, ისინი ასე ჟღერს:
1. პროტესტანტული(ების) ეთიკა და კაპირალიზმის სული (საქართველოში)
2. (ვადამდელი არჩევნების ) პოსტ-მოდერნული პირობები (საქართველოში)
3. სიმულირებული (რეიტინგები) და (კვლევის) სიმულაცია ( საქართველოში)
4. (ბადრი პატარკაციშვილის თვითპრეზენტაცია ( საქართველოს) ყოველდღიურ (პოლიტიკურ) ცხოვრებაში.

შაბათის პრესა საზოგადოებას ასევე ამცნობს, რომ ირაკლი ბათიაშვილი გათავისუფლებულია, და მკითხველს მასთან საუბარს სთავაზობს.