კვირის მიმოხილვა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარასკევს დაიწყო 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო
არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3 მილიონ 500 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ, არჩევნების პარალელურად, 5 იანვარს პლებისციტიც ჩატარდება, რომლის შედეგებითაც გაირკვევა, უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და როდის სურს მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.


გასულ კვირას, კამათისა და დისკუსიის შემდეგ, საბოლოოდ დადგინდა, რა კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად - ვუჭერთ თუ არა მხარს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და ვეთანხმებით თუ არა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას. სხვათა შორის, საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნა ერთ-ერთი ძირითადი იყო ნოემბრის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, მის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება დიდი ხანია ცნობილია: სხვადასხვა დროს ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვით, ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 90 პროცენტი უჭერს მხარს.
5 იანვარს ჩატარებული ღია, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველომ არ გადაუხვია დემოკრატიის გზას - ასეთი გზავნილი ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი უცხოური სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიიღო. საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ 5 იანვრის არჩევნები მაქსიმალურად ღიად და დემოკრატიულად ჩატარდება. ამ პირობას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიცია: გასულ კვირას კვლავ კრიტიკის ობიექტი იყო საარჩევნო სიები - პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გადამოწმების შედეგად, ბევრი საინტერესო რამ გაირკვა. მაგალითად, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე ასეთ ფაქტებზე საუბრობს:

[ მანანა ღურჭუმელიძის ხმა] ” ჩვენ აღმოვაჩინეთ დაახლოებით 383 107 წლის ამომრჩეველი სიაში. ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ასეთი მაღალი ყოფილა სიცოცხლის ხანგძლივობა ჩვენთან. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ 105 წლის რაოდენობა დაგვეთვალა, მაგრამ იმდენი ამომრჩეველი გვყავს 105 წლის, რომ ამის ამოკრეფამ აზრი დაკარგა. ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი. ჩვენ როცა ეს საქმე წამოვიწყეთ, ის კი არ გვინდოდა, განცდა შეგვექმნა, რომ უსამართლოდ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონოს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს.”(სტილი დაცულია)

ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით საინტერესო ვითარებაა შექმნილი. როგორც ირკვევა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ამომრჩეველი საბერძნეთშია დარეგისტრირებული - 8 367 ადამიანი, ყველაზე ცოტა სლოვაკეთში - 6 ამომრჩეველი. რუსეთში, სადაც ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება, 2 765 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. სულ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, საქართველოს საზღვრებს გარეთ 27 ათასამდე ამომრჩეველი ყოფილა დარეგისტრირებული. ეს კი, მიგრაციის მაღალი დონის გათვალისწინებით, ძალიან მოკრძალებული ციფრია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ მას ეს რაოდენობა არ აკვირვებს - მისი განმარტებით, როგორც წესი, უცხოეთში ჩასული ქართველები საკონსულოში აღრიცხვაზე არ ადიან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას ავალდებულებს. გარდა ამისა:

[ კოტე გაბაშვილის ხმა] ” ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში იქნება გახსნილი საარჩევნო უბანი. ჩიკაგოში თუ ცხოვრობს, ჩამოვა? ჩვენ აქ ვეხვეწებით, გვერდით შენობაში მიდი, ხმა მიეციო და იქიდან არის ჩამომსვლელი?”


იმ სოციოლოგიური გამოკითხვებით, რომლებიც წინასაარჩევნოდ საქართველოში ტარდება, ასეთი სურათი იკვეთება: 5 იანვრის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან მაღალი იქნება - სხვადასხვა მონაცემით, გამოკითხულთა 70-80 პროცენტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

არჩევნებს რეკორდული რაოდენობის დამკვირვებელი დააკვირდება - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 5 იანვრის არჩევნებზე 27 ქვეყნის და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან. გარდა ამისა, არჩევნებისას დამკვირვებლების ფუნქციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეასრულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლის ნანა კაკაბაძის თქმით, კოალიციას დამკვირვებელი ყველა უბანზე ეყოლება.

[ ნანა კაკაბაძის ხმა] ”სამეგრელოს ნაწილი უკვე დავაკომპლექტეთ და დღეს ვიწყებთ კახეთის დაკომპლექტებას. ენთუზიაზმი რამდენ ადამიანს აქვს, ვერ გეტყვი.”

[ ჟურნალისტის ხმა] არის გარანტია, რომ ყველგან იქნებიან დამკვირვებლები?

[ ნანა კაკაბაძის ხმა] ”დამკვირვებლები ყველგან იქნებიან, ისევე როგორც პარტიის წევრები ჰყავთ ყველგან ჩასმული. მაგრამ მიდის საშინელი ზეწოლა, მოსყიდვა ადამიანების. ისეთი მეთოდებია ხელისუფლებისგან გამოყენებული, რაც არა მარტო კანონით არის აკრძალული, არამედ უზნეობაა.”

”ზღვარს გადასვლა - საქართველოში დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა და ტელევიზია ”იმედის” დარბევა” - ასე ეწოდება ”ჰიუმან რაიტს ვოტჩის” დასკვნას ნოემბერში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. დასკვნა საკმაოდ მსხვილტანიანია - 102 გვერდი. დასკვნის პრეზენტაცია გასულ კვირას თბილისში გაიმართა. ”ჰიუმან რაიტს ვოტჩის” კავკასიის მკვლევარი გიორგი გოგია ასე განმარტავს ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიზანს:

[ გიორგი გოგიას ხმა] ” ’ჰიუმან რაიტს ვოტჩის’ რეკომენდაციები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ის უშუალოდ ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გამოცდილებას და პრაქტიკას, რომელიც არის რეკომენდირებული ასეთ შემთხვევებში გამოძიების ჩასატარებლად. ანუ ის ასახავს ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რას უნდა მოიცავდეს ასეთი სახის გამოძიება, როგორი უნდა იყოს გამოძიება და რა კონკრეტულ მიზნებს უნდა ისახავდეს. გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი, ღია, გამჭვირვალე და აუცილებლად უნდა იყოს შედეგიანი.”

”ჰიუმან რაიტს ვოტჩი” რეკომენდაციებს აძლევს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას - მაგალითად, ჩაატაროს რუსთაველის გამზირზე, რიყესა და ”იმედის” ტელევიზიასთან დემონსტრანტების დარბევის საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, არამედ -ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირსაც. კერძოდ:”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გარკვევით უნდა განუმარტონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი მომავალი ურთიერთობა საქართველოსთან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რომ საქართველომ მოახდინოს დემონსტრირება მისი ჭეშმარიტი ერთგულებისა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულებებისადმი.”

სხვათა შორის, გასულ კვირას აშშ-ის სენატმა თეთრ სახლს მიმართა რეკომენდაციით, განუმარტოს საქართველოს ლიდერებს, რა მნიშვნელობა ენიჭება 5 იანვრის ვადამდელი არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარებას ამერიკა-საქართველოს მომავალი ურთიერთობებისთვის.

5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის სამართლიანად ჩატარებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, 13 დღე რჩება.