ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰიუმან რაიტს ვოჩის“ შეფასებით,
საქართველოს ხელისუფლებამ 7 ნოემბერს თბილისში დემონსტრაციები ძალის გადამეტებით დაშალა. 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები ორგანიზაციამ შეაჯამა 102 გვერდიან ანგარიშში, რომელიც, მომხდარის დეტალური აღწერის გარდა, მოიცავს იმ რეკომენდაციებსაც, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მეგობრებმა უნდა იხელმძღვანელონ.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰიუმან რაიტს ვოჩის“ სქელტანიანი ანგარიშის თანახმად, 7 ნოემბერს თბილისში ადამიანის უფლებების შელახვა ხუთი ძირითადი მიმართულებით გამოვლინდა. ესენია: მოშიმშილეების დარბევა პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ტელევიზიის შენობის წინ შეკრებილი ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა. როგორც ”ჰიუმან რაიტს ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰოლი კარტნერმა 20 დეკემბერს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ზემოხსენებულ შემთხვევებში საქართველოს პოლიციამ უგანა ისეთ საერთაშორისო იურიდიულ ვალდებულებებს, როგორიცაა ძალის პროპორციულად გამოყენება და ძალის, როგორც წესრიგის დაცვის უკანასკნელი ღონისძიების, გამოყენება:
[ჰოლი კარტნერის ხმა]“ ჩვენს ანგარიშში განვიხილეთ ის, თუ რეალურად რამდენად გამართლებული და კანონიერი იყო დემონსტრაციების დაშლა, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული კანონმდებლობის თანახმად. ორ შემთხვევაში - პარლამენტის შენობის წინ კიბის საფეხურების გათავისუფლებისა და ტელეკომპანია ”იმედის” წინ შეკრებილი ხალხის დაშლის შემთხვევებში - საქართველოს კანონმდებლობა აშკარად დაირღვა. რაც შეეხება დემონსტრაციის დაშლას რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, ეს ცოტა სადავო და ბუნდოვანია. მე ვფიქრობ, ჩვენ არ გვქონდა სათანადო ინფორმაცია იმის განსასაზღვრად, კანონიერი იყო ეს თუ უკანონო.“
ამბობს ჰოლი კარტნერი, რომლის თანახმად, ”ჰიუმან რაიტს ვოჩის” ანგარიშის ინფორმაციის ძირითადი წყარო, ფოტო და ვიდეომასალის გარდა, იყვნენ დაზარალებული მოქალაქეები და 7 ნოემბრის მოვლენების თვითმხილველები. გამოიკითხა სულ 40 რიგითი ადამიანი. ანგარიშის ავტორები, ხელისუფლების პოზიციის განსასაზღვრად, ესაუბრნენ ასევე მთავრობის ცალკეული სტრუქტურების წარმომადგენლებსაც.
[ჯეინ ბიუქანანის ხმა]“ ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მთავრობა ცალკეულ დარღვევებს აღიარებს, მაინც ცდილობს გაამართლოს და შემწყნარებლობა გამოიჩინოს მომხდარის მიმართ. ხელისუფლება ვალდებულია შეისწავლოს და შეაფასოს არა მარტო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენების ფაქტები, არამედ 7 ნოემბერს განხორციელებული ოპერაცია მთლიანად. ”
განმარტავს ”ჰიუმან რაიტს ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების წარმომადგენელი ჯეინ ბიუქანანი, რომლის შეფასებითაც, 7 ნოემბერს პოლიციის ქმედება ტელეკომპანია ”იმედშიც” და ქუჩაშიც ანგარიშსწორებასა და ადამიანების დასჯის მცდელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე წესრიგის დამყარების სურვილს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩამონათვალი აქაც საკმაოდ გრძელია და ისეთ ღონისძიებებს მოიცავს, როგორიცაა: გენერალური პროკურატურის მიერ 7 ნოემბერს მომხდარი მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება, წესრიგის დამყარების შესახებ საკანონმდებლო ბაზის გადახედვა, რუსთაველის გამზირზე, რიყეზე და „იმედთან“ დემონსტრაციის და ასევე ”იმედის” დახურვის ოპერაციებში მონაწილე შენაერთების ზუსტი რაოდენობის დადგენა და სხვ. ”ჰიუმან რაიტს ვოჩის” ერთ–ერთ რეკომენდაციას ორგანიზაციის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი გოგია შემდეგნაირად აღწერს:
[გიორგი გოგიას ხმა]“იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ პასუხისმგებლობის პრინციპი, იმისათვის, რომ გამოძიება იყოს შედეგიანი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ხალხმა, დაზარალებულებმა შეძლონ იდენტიფიცირება დამნაშავის. ანუ უმნიშვნელოვანესია იმის მიღწევა, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, საკანონმდებლო იქნება თუ აღმასრულებელი, იმისათვის, რომ ნებისმიერი სამართალდამცავი - ეს იქნება სპეცრაზმის წარმომადგენელი თუ უბრალო პოლიციელი - აუცილებლად აღჭურვილი იყოს გარკვეული იდენტიფიკაციის ნომრით, რომელიც იქნება ცხადად გამოხატული მის ფორმაზე.“
”ჰიუმან რაიტს ვოჩის” წარმომადგენლები შენიშნავენ, რომ, საქართველოს მთავრობის მხრიდან ორგანიზაციის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ”ჰიუმან რაიტს ვოჩი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოხდეს.