ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები მაუწყებლობის განახლებისთვის ემზადებიან

ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას 12 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, განაახლებს.
პირველი გადაცემა, რასაც ”იმედი”თავის მაყურებელს ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ შესთავაზებს, იქნება ”ქრონიკა”. 12 -ში 20 საათზე ”იმედი” ეთერს საინფორმაციო გადაცემით გახსნის. იმის თაობაზე, თუ რა იქნება შემდეგ, რა ტექნიკური პრობლემები რჩება ტელეკომპანიაში, მიმდინარეობს თუ არა მის თანამშრომლებზე ზეწოლა - ”იმედის” წარმომადგენლებმა 11 დეკემბერს ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში შემდგარ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ტელეხიდი თბილისი-მოსკოვი დაეთმო ”იმედში” მომხდარზე საუბარს. ტელეხიდის დასრულების შემდეგ ”იმედის” საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელს გიორგი თარგამაძესა და ტელეარხის პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს ირაკლი მოსეშვილს გავესაუბრე. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ იწყებს ”ტელეიმედი” მაუწყებლობას.

7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, ტელეკომპანია ”იმედის” ტექნიკურ პერსონალს ეთერში გასვლის უზრუნველსაყოფად სერიოზული პრობლემების დაძლევა მოუხდა. მთავარი პრობლემა იყო იმ აპარატურის დაზიანება, რომელიც უზრუნველყოფდა ”იმედის” სიგნალის სატელიტზე გაშვებას. ამ პრობლემიდან გამომდინარე, ”ტელეიმედის” ხელმძღვანელები ვარაუდობდნენ, რომ პირველ ეტაპზე მაუწყებლობის მხოლოდ თბილისზე გავრცელება მოხერხდებოდა, მაგრამ, როგორც ”იმედის” პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი ირაკლი მოსეშვილი ამბობს, ტექნიკურმა პერსონალმა შეძლო პრობლემის გადაჭრა... ”ტელეიმედის” სიგნალი დღეს უკვე ვრცელდება მთელ საქართველოზე და, თანამგზავრის საშუალებით, ევროპის იმ არეალზეც, რომელზეც 7 ნოემბრამდე ვრცელდებოდა:

[ირაკლი მოსეშვილის ხმა] ”განადგურებული აპარატურის ნაწილებით ტექნიკურმა პერსონალმა მოახერხა აღდგენა. მეტ-ნაკლებად აღადგინა. სიგნალის სიმძლავრე არ არის ისეთი, რაც არის აუცილებელი ნორმალური მაუწყებლობისთვის, მაგრამ მაყურებლისთვის ეს არის ყურებადი. ” (სტილი დაცულია)

ასე რომ, ”იმედის” გადაცემების ყურება 12 დეკემბერს საღამოს 8 საათიდან მთელ საქართველოში შეეძლებათ და შეეძლებათ საქართველოს გარეთაც. როგორც გიორგი თარგამაძე ამბობს, ”იმედი” ეთერში ნახევრად კასტრირებულ მდგომარეობაში გადის, მაგრამ მთავარია, რომ გადის... ეთერს, როგორც უკვე ვთქვით, საინფორმაციო პროგრამა ”ქრონიკა” გახსნის. რა იქნება შემდეგ?

[გიორგი თარგამაძის ხმა] ” 8 საათზე გავა ”ქრონიკა”. მასში იქნება ვიზუალური აღწერა იმ ვითარებისა, რაც 7 ნოემბერს მოხდა ”იმედში”, შემდეგ იქნება დიალოგი აუდიოტორიასთან. შემადგენლობაში აუდიტორიისა იქნებიან ჩვენი თანამშრომლები. წამყვანები ვიქნებით მე და მაგდა ანიკაშვილი, რომელიც მეორე დღიდან ”ღია ეთერს” წაიყვანს ყოველდღიურ რეჟიმში. ”

გადაცემებიდან ეთერში აღარ გავა ”რეაქცია” და ”ეტალონი”. სხვა ყველაფერი უცვლელი რჩება, გარდა იმისა, რომ ”ღია ეთერს” ახალი და ერთი წამყვანი ეყოლება - მაგდა ანიკაშვილი. ”რეაქციის” ავტორსა და წამყვანს ინგა გრიგოლიას ახლა ”რუსთავი -2”- ზე მიჰყავს ”პრაიმ -თაიმი”. გიორგი თარგამაძე იხსენებს, რომ თავის დროზე ხელისუფლებამ სწორედ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში მონაწილეობაზე თქვა უარი:

[გიორგი თარგამაძის ხმა] ” იყო ნათქვამი, რომ წამყვანი იმდენად დაუბალანსებელია, იმდენად ანგაჟირებული, რომ ისინი უარს ამბობდნენ მიეღოთ მონაწილეობა მის გადაცემაში. ეს იყო ოფიციალური მიზეზი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ალოგიკურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა იმავე წამყვანთან, იმავე ტიპის გადაცემაში სიამოვნებით თანამშრომლობენ, რასაც, სხვათა შორის, მივესალმები. ”

ყოფილი კოლეგის გადაწყვეტილებაზე გიორგი თარგამაძე მეტს არაფერს ამბობს, თუმცა ხაზგასმით შენიშნავს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან დღემდე გრძელდება ზეწოლა ”იმედის” ჟურნალისტებზე. თარგამაძის თქმით, მათ ხან ურეკავენ, ხან ხვდებიან კიდეც, სთავაზობენ ახალ მაღალანაზღაურებად სამსახურს, ზოგიერთ შემთხვევაში - ფულს; უხსნიან, რომ ცოტა ხანში ”იმედს” ისევ პრობლემები შეექმნება. ასე თუ ისე, ”იმედი” მაუწყებლობას აახლებს.. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ”იმედი” იყო და იქნება დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან და შეკითხვას, არჩევნების წინ რამდენად შეინარჩუნებს ტელეკომპანია თავისი მფლობელის - პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისგან დამოუკიდებლობას, უპასუხებენ, რომ მფლობელს აქციები, მართვის უფლებით, ამერიკული მხარისთვის აქვს გადაბარებული.

გავრცელებული ცნობებით, ბადრი პატარკაციშვილი თბილისში 14 დეკემბრისთვის დაბრუნდება, მანამდე ”იმედი” ეთერში გავა და იქვე ტელეკომპანიისთვის 7 ნოემბერს მიყენებული ზარალიც დაზუსტდება. ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს მოეთხოვება....