ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე განცხადების მიღებას გეგმავენ

დღეს და ხვალ ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.
ამ საკითხებს შორის არის სერბიის პროვინცია კოსოვოს დამოუკიდებლობის თემა, რუსეთთან ალიანსის ურთიერთობისა და ავღანეთში ნატოს როლის საკითხები, ასევე ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა.

როგორც რადიო "თავისუფლების" ბრიუსელელი კორესპონდენტი ნატოს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, კავშირის წევრთა შორის სერიოზული დავა გაიმართა იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ალიანსის რეაქცია საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე - ანუ ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო მიტინგის დარბევაზე, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მკაცრი შეზღუდვა მოჰყვა. რამდენიმე ქვეყანა - გერმანიისა და ჰოლანდიის მეთაურობით - მხარს უჭერდა მკაცრი და დეტალური განცხადების მიღებას, რომელშიც დაგმობილი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ქმედება. მაგრამ, ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, განცხადება - რომლის გამოქვეყნებას ხვალისთვის გეგმავენ - მოკლე იქნება და მასში ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მხარს უჭერს ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვას.

რაც შეეხება იმას, გავრცელდება თუ არა საქართველოზე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ბუქარესტის მომავალ სამიტზე, 2008 წლის აპრილში, ეს - რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით - ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ალიანსის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ MAP-ის შესახებ გადაწყვეტილება ბუქარესტში არ იქნა მიღებული, საამისოდ სულაც არ იქნება საჭირო ნატოს შემდეგ სამიტამდე ლოდინი.