გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს რეკომენდაციებს სთავაზობს

ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი აქვეყნებს საანგარიშო მოხსენებას საქართველოში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების მდგომარეობის შესახებ...
ანგარიში, რომელიც 5 წლის მანძილზე წარმოებულ დაკვირვებასა და ამ ხნის მანძილზე მომხდარი ფაქტების ანალიზს ეფუძნება, დასკვნით ნაწილში კონკრეტულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გვთავაზობს. ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, რა შენიშვნები და რეკომენდაციებია ჩამოყალიბებული გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ბოლო, მესამე, საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში განიხილეს.


ანგარიში, რომელზეც დღეს გვაქვს ლაპარაკი, აჯამებს მდგომარეობას სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით და, როგორც უკვე ვთქვით, 5 წლიან საანგარიშო პერიოდს მოიცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ბოლო, მესამე, საანგარიშო მოხსენება საქართველოს შესახებ 2002 წლიდან 2007 წლამდე პერიოდს ეხება... ბოლოსწინა, ანუ მეორე, საანგარიშო მოხსენება 2002 წელს გამოქვეყნდა და ის აჯამებდა მდგომარეობას, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით, 1997 წლიდან 2002 წლის ჩათვლით. მკაფიო წარმოდგენის შესაქმნელად იმაზე, თუ რა შეიცვალა, ჯამში, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში, უფლებების დაცვის თვალსაზრისით, შეგახსენებთ რა ძირითად პრობლემებზე იყო გამახვილებული ყურადღება 2002 წელს გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებაში და რა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს აძლევდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი...

კომიტეტი გამოხატავდა შეშფოთებას პოლიციის განყოფილებებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდაცვალების, მათ შორის, თვითმკვლელობისა და ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევათა დიდი რაოდენობის გამო; ამასთან, იმის გამოც, რომ იყო სამართალდამცველთა და ციხის თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები. გარდა ამისა, შენიშვნას იწვევდა ის სირთულეები, რომელთაც დაკავებულები აწყდებოდნენ ადვოკატის - განსაკუთრებით, სახაზინო ადვოკატის - მომსახურების მისაღებად... გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2002 წელს გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებაში შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოში მთელი რიგი ფაქტორები ხელს უშლიდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას... ხაზგასმული იყო ქალთა ტრეფიკინგის პრაქტიკის არსებობა, განსაკუთრებით დაგმობილი იყო რელიგიური შეუწყნარებლობა და სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიურ უმცირესობათა, კერძოდ, იეღოვას მოწმეთა შეურაცხყოფის ფაქტები ... რა შეიცვალა მას შემდეგ, ანუ როგორია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დღევანდელი შენიშვნები, რაც ახლავს მესამე საანგარიშო მოხსენებას? ... შენიშვნებს, ძალიან მოკლედ, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ასე აყალიბებს:

[სოზარ სუბარის ხმა] ” მაგალითად, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა; მაგლითად, ეს არის წამების ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება; მაგალითად, ეს არის სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევები როგორც ციხეებში, ისე დაკავებისას ძალის გადამეტებით. ანუ ეს არის 2002 წლიდან დღევანდლამდე პერიოდი.. ”(სტილი დაცულია)


გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ეხება პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტებულად გამოყენებით გამოწვეულ სიკვდილის შემთხვევებს. კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია თბილისის მეხუთე საპყრობილეში 2006 წლის მარტში მომხდარი არეულობით, რომლის დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა. ამას გარდა, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაში ჩარევის ფაქტებზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს ღონისძიებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისაღწევად. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეორე და მესამე საანგარიშო მოხსენებების შედარება ცხადყოფს, რომ საქართველოში არის წინსვლა: ტრეფიკინგის პრობლემა შემსუბუქებულია, შემცირებულია რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების დევნის ფაქტებიც. წინსვლად არის მიჩნეული ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა კანონი ჯერ არ ამოქმედებულა. ჩანს ისიც, რომ შემცირებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტები... მთავარი პრობლემები, რაც რჩება, არის ძალის გადამეტების ფაქტები სამართალდამცველთა მხრიდან და სასამართლო... ამას გარდა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს რელიგიური ჯგუფების განსხვავებულ სტატუსზე, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მათი დისკრიმინაცია. ხაზგასმულია, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა საჯარო იურიდიული პირის სტატუსი.. კომიტეტი შეშფოთებულია უმცირესობათა პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებლით, აგრეთვე ჟურნალისტთა დევნის ფაქტებით..

საქართველოს შესახებ მეოთხე პერიოდულ ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2011 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს.