ევროსაბჭო საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვს

დღეს ევროსაბჭოს საინფორმაციო ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა მატიაშ ერშიმ და კასტრიოტ ისლამიმ
- მომხსენებლებმა საქართველოს მიერ ვალდებულებათა შესრულებაზე - განაცხადეს, რომ საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუქმდეს საგანგებო ვითარება და აღდგეს მედიის სრულფასოვანი მუშაობა.

ბრიფინგზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ჰკითხეს, თუ რატომ აფასებენ საქართველოში შექმნილ ვითარებას მკაცრად, როდესაც ბოლო დროს საპროტესტო მანიფესტაციები არანაკლები სიმკაცრით დარბეულა ევროპის არაერთ ქვეყანაში. მატიაშ ერში არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მათი შეფასება მკაცრია, თუმცა შედარებაზე უარი არ უთქვამს:

[ერშის ხმა]
”თუკი ტელევიზორს უყურებდით, გეხსომებათ - ძალიან დიდი დემონსტრაციები იყო დანიაში (კოპენჰაგენში), აგრეთვე საფრანგეთში... თუკი ეს დემონსტრაციები გადაიზრდება სისასტიკეში, პოლიცია ცდილობს შესაბამისი ძალა დაუპირისპიროს მას, შეაჩეროს სისასტიკე და აღადგინოს კანონის უზენაესობა. ავიღოთ ბუდაპეშტი, ჩემი ქვეყანა, ერთი წლის წინ: ძალიან მასშტაბური გამოსვლები, ძალადობა... საზოგადოებრივი ტელევიზია ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. პოლიციამ ვერ შეძლო მისი დაცვა. ხალხი ითხოვდა არა ხელფასების გაზრდას ან მსგავს რამეს, არამედ მათ სურდათ მთავრობის გადაყენება. ნელ-ნელა, რთულად, მაგრამ მაინც, კანონის უზენაესობა და მშვიდობა აღდგა ბუდაპეშტის ქუჩებში. არც ერთ იმ შემთხვევაში, ევროპის არც ერთ ქალაქში, არ დაწესებულა საგანგებო მდგომარეობა. და მე მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატია და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტები არიან იმდენად ძლიერები, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე, დემოკრატიული ნორმების ფარგლებში, გააუვნებელყონ ამ ტიპის წინააღმდეგობა, ქუჩაში იქნება ეს თუ სადმე სხვაგან.”

ევროსაბჭოს წარმომადგენლები მიესალმებიან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და დღევანდელ დღეს არსებითად მიიჩნევენ პოლიტიკური დიალოგისთვის პირობების შექმნას. ამ კონტექსტში, ევროსაბჭო მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას კომპრომისის გზით მიაღწიონ ქვეყნის გამოყვანას არსებული ნეგატიური დინამიკიდან. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს აზრის გამოხატვის თავისუფლებას. კასტრიოტ ისლამი, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად კი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრი, აცხადებს:

[ისლამის ხმა]
”ამ კონტექსტში, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის ლიდერის მსგავსად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მოველით საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. ყველა მხარეს შორის უნდა შეიქმნას ურთიერთნდობის კლიმატი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პატივი სცეს მედიის სრულ თავისუფლებას და აღდგეს ყველა მაუწყებლის ნორმალური მუშაობა.”

ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს კანონის უზენაესობისა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის, განსაკუთრებით კი მედიისა და შეკრების თავისუფლების უფლების მკაცრად დაცვის აუცილებლობას. კასტრიოტ ისლამი დასძენს:

[ისლამის ხმა]
”ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუკი, პირველ ყოვლისა, ის თავად დაეხმარება თავის თავს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს მუდმივი რევოლუციური ვითარებიდან და როგორ აშენოს სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები.”


ეს გახლდათ კასტრიოტ ისლამი, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრი. ბრიფინგის დასრულების შემდეგ საშუალება მომეცა გავსაუბრებოდი კომიტეტის მეორე წევრს, მომხსენებელს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, მატიაშ ერშის. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს:

-
როგორია საქართველოს ხელისუფლების პასუხი ევროსაბჭოს მოწოდებაზე, გაუქმდეს საგანგებო ვითარება - არის თუ არა უკვე რაიმე პასუხი?

-
მჯერა, საქართველოს ხელისუფლებას დღეს უკეთ ესმის საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლო საერთაშორისო შედეგი, ვიდრე ესმოდა მისი შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ საგანგებო მდგომარეობა ძალიან მოკლევადიანი იქნება. არაფერი მოგვისმენია მისი გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ - ერთ, ორ თუ სამ დღეში გაუქმდება ის. თუმცა გვჯერა, რომ ის არ გაგრძელდება კონსტიტუციით ნებადართული 15 დღის მანძილზე. მე ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ საგანგებო მდგომარეობის ყოველი დღე არის დამატებითი ზიანის მომტანი და დარწმუნებული ვარ, მათ გამიგეს.

-
როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა საერთაშორისო საზოგადოებრიობა (მათ შორის, ევროსაბჭო) საკმარისად ყურადღებიანი საქართველოს მიმართ, ვიდრე აქ დემონსტრაციები დაიწყებოდა? როდესაც აქ ბოლოს ბრძანდებოდით, აქ არსებულ ვითარებაზე განაცხადეთ, ”ყოველთვის შეიძლება ადამიანმა უკეთესი ისურვოსო”. ასე რომ, იყავით თუ არა საკმარისად ყურადღებიანები?

-
მართალი ბრძანდებით. ჩვენს ბოლო ანგარიშში ენთუზიაზმით ვაფასებდით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ჯობს გულახდილი ვიყო და გეტყვით, რომ არ ვიყავით საკმარისად ყურადღებიანები ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს მიმართ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ჩამოვდივართ, მხოლოდ ხელისუფლების წარმოამდგენლებს არ ვხვდებით, არამედ ყოველთვის ვხვდებით ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვხვდებით ხოლმე, აგრეთვე, ორგანიზაციებს, რომლებიც შედარებით ნეიტრალური პოზიციიდან აანალიზებენ ვითარებას. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ, ამ უკუსვლის გამო (მე ამ ვითარებას სხვაგვარად ვერ შევაფასებდი), ჩვენ შევძლებთ უკეთ გავიგოთ პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ინფორმაციას გვაწვდიან.

-
რა არის დღეს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა?

-
გეთანხმებით, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ ოპოზიციის ან მთავრობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მთავარი ამოცანა არის დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღდგენა. ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ მათ მიერ არჩეული ლიდერებისთვის დემოკრატია ქვეყანაში არის უმთავრესი. თუკი ამგვარი რწმენა ლიდერების მიმართ გაქრება, გაქრება მოქალაქეების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ეს შეიძლება იქცეს ყველაზე დიდ საფრთხედ. ანუ არა ის, როგორ აღიქვამენ საქართველოს დასავლეთში, არამედ როგორ აღიქვამენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას თავად საქართველოს მოქალაქეები.